ტრამპს ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი  აღდგომამდე მოეწეროს - რაზე მიდის საუდის არაბეთში მოლაპარაკებები?!

ტრამპს ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი  აღდგომამდე მოეწეროს - რაზე მიდის საუდის არაბეთში მოლაპარაკებები?!

მსოფლიოს ყურადღება ისევ საუდის არაბეთისკენაა მიპყრობილი, სადაც მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მიმდინარეობს. როგორც „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, თეთრი სახლის სურვილია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აღდგომის დღესასწაულამდე მიაღწიონ. შესაბამისად, კიევი, მოსკოვი და ვაშინგტონი საუდის არაბეთში მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. მოლაპარაკების ადგილი სასტუმრო Ritz Carlton-ია. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაა, აქცენტი კეთდება ენერგოინფრასტრუქტურაზე.

ამას გარდა, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, მოლაპარაკების მიზანია შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გემების თავისუფლად მიმოსვლას. რუსეთის დელეგაციაში არიან ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. რაც შეეხება შტატებს,  ვაშინგტონს წარმოადგენენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი, ასევე მაიკ უოლცის და კიტ კელოგის თანაშემწეები.

დონალდ ტრამპი კმაყოფილია მოლაპარაკებების მიმდინარეობით და ამბობს, რომ შეთანხმება ტერიტორიების განაწილების შესახებ ხელშეკრულებასაც გულისხმობს.

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრის შესახებ საუბრობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი. დმიტრი პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე კონკრეტულად საუბარი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

18 მარტს, ტრამპსა და პუტინს შორის გამართული ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის შეთანხმება იყო, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30 დღით შეჩერებას გულისხმობდა. დროებით ცეცხლის შეწყვეტას ომში მყოფი მხარეები ზეპირი განცხადებების დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა როგორც განვლილმა დღეებმა აჩვენა, საბრძოლო ველზე ვითარება არ შეცვლილა. ამ მოცემულობის მიუხედავად, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შესრულდება.

საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ საუდის არაბეთში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს იმსჯელეს უკრაინის სურვილზე, გახდეს ნატოს წევრი. ამ მოთხოვნას მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთი, ხშირად ითქვა, რომ რუსეთი ამ საკითხს უკრაინაში ომის დაწყების გასამართლებლად იყენებს. უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის სურვილიც აქვს, თუმცა უნგრეთი, ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს წართმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. პიტერ სიიარტოს თქმით, ვიდრე ეს ვითარება არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წევრობით თუ მის გარეშე, ევროპა უკრაინას მარტო არ დატოვებს. უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ბრიტანეთია, რომლის პრემიერი საერთო თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგებას განიხილავს. კიმ სტარმერმა „ნიუ იორკ თაიმსს“ უთხრა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებდა ბრიტანეთზე და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა.

თუმცა ბრიტანეთის პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეთანხმება, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ კოლექტიური თავდაცვისთვის. ევროპის შეთანხმების შემთხვევაში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მსგავსად ჩეხეთიც მზად არის მონაწილეობა მიიღოს უცხო ქვეყნების მისიაში, რომელიც უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან. ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიმდინარე მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ყველა მხარეს საკუთარი პოზიცია გააჩნია, რისი შეჯერებაც წარმოუდგენელია. პოლკოვნიკი for.ge-თან ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, შანსი არსებობს ცეცხლის შეწყვეტის დროებით, პირობების გარეშე.

„პუტინი გრძელვადიან მშვიდობას საკუთარი გეგმებით ხედავს. მას სურს, რომ უკრაინა საერთოდ, როგორც სახელმწიფო აღარ არსებობდეს და ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში აღარ არსებობდეს - ეს არის რუსეთისთვის პირობა და მშვიდობა. პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ პუტინს ის ტერიტორიები, რომელიც დაპყრობილია აქვს, დაუკანონონ. უკრაინისთვის გრძელვადიანი გამარჯვება კი ნიშნავს რუსეთის დამარცხებას და ოკუპაციის დასასრულს მთელს ტერიტორიაზე. ამერიკა, რომელიც ამას ცდილობს, მოვლენათა განვითარება სრულიად სხვანაირად წარმოუდგენია. ტრამპი საუბრობს ტერიტორიების გაყოფაზე და ამაზე მიდის მოლაპარაკება. უკრაინის რომელი  ხელისუფლება დათანხმდება ამას?!

რუსეთი ტაქტიკურად, დროს მაქსიმალურად წელავს. პუტინს მუდმივად მოლაპარაკების რეჟიმში ყოფნა აწყობს, ამერიკასთან კომუნიკაცია და თავისი პოზიციების წინ წაწევა. პუტინი აყენებს პირობებს, რომელიც უნდა, რომ შეუსრულონ. პუტინი არ არის ასეთი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სხვას გადააბრალოს და ამ დროის განმავლობაში პინგ-პონგი ითამაშოს. ამერიკის ადმინისტრაცია კი ცდილობს, უკრაინა-რუსეთის პოზიციები დახლოოვოს, მაგრამ უფრო ითხოვენ, რომ უკრაინამ რუსეთის პოზიციები გაითვალისწინოს. ზელენსკი რომც შეცვალონ, ის რაც პუტინს სურს, არ ვიცი რომელი პრეზიდენტი დათანხმდება. აქ საუბარი უფრო შეუძლებლობაზეა, ვიდრე რაიმე მორალურ მხარეზე“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ტრამპს ომის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ პუტინის გეგმაში არ უნდა გაებას. სწორედ ამას ცდილობს ახლა პუტინი, რომელსაც ასეთი მანევრის საუკეთესო გამოცდილება აქვს და მცოდნეა. ამიტომ ბერიძე მიიჩნევს, რომ პუტინი იქამდე გაწელავს დროს, სანამ არ ჩათვლის, რომ მაქსიმუმს მიიღებს.

„სჯობს, ევროპამ იფიქროს იმაზე, რომ მას უკრაინის ომთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ევროპა სრულად არ არის მზად ამერიკა ჩაანაცვლოს, განსაკუთრებით ტაქტიკურ და ოპერატიულ ნაწილში, არ შეუძლიათ, ამის რესურსი და იარაღი არ გააჩნიათ, თუმცა ვხედავთ გაზრდილ დაფინანსებას და ასევე ბირთვული შეიარაღების კუთხით გაძლიერებას. ევროპის ბირთვული ფარი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ვფიქრობ, ტრამპის ნაბიჯი მოკავშირეების მიმართ, არ არის კარგი თავად ამერიკისთვის. ფაქტია, რომ ახალ სისტემასთან და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან გვაქვს საქმე. ტრამპი ბოლო დროს მიხვდა, რომ რუსეთი არაა ასე ბრმად სანდო ქვეყანა და ამიტომ უკრაინასთან ცოტა მიდგომა შეცვალა. ახლა ის ზეწოლა, რაც ზელენსკიზე აქამდე ვიხილეთ, აღარ ჩანს. ტრამპმაც დაიწყო პუტინთან სიფრთხილე და უფრო მომსმენის პოზიციაშია ამ ეტაპზე გადასული. ვნახოთ, მისი გეგმა მხარეებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენად მისაღები იქნება. იმედი მაქვს, რომ ტრამპი რუსეთთან ბევრ დათმობას არ მოინდომებს და არ დაჰყვება პუტინის გეგმა მაქსიმუმს“, - ამბობს ბერიძე.