მეზობელი ქვეყნის ვალუტები სერიოზულად მერყეობს - რა ცვლილებებს გამოწვევს ეს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში?

მეზობელი ქვეყნის ვალუტები სერიოზულად მერყეობს - რა ცვლილებებს გამოწვევს ეს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში?

ამერიკულ დოლართან მიმართებით რუსული რუბლი მყარდება, თურქული ლირა კი უფასურდება. ორივე ქვეყანა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ასეთმა სავალუტო რყევებმა კი შესაძლოა, რიგი ცვლილებები გამოიწვიოს. 

სხვათა შორის, რუბლის გამყარების გამო საქართველოში, სავაჭრო ობიექტებსა და ზოგადად სამომხმარებლო ბაზარზე რუსული საკვები პროდუქტები უკვე ცოტათი გაძვირდა. განსაკუთრების ეს შეეხო ზეთს, კაკაოს, ფქვილს და სხვადასხვა სახის თევზეულს.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთიც და რუსეთიც საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ მათ ეროვნული ვალუტების მდგომარეობას პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე. ამასთან, ქართული პროდუქცია შესაძლოა, რუსეთში გაიაფდეს.

„ზოგადად მხოლოდ ეს ორი ქვეყანა არ არის ტურბულენტურ სიტუაციაში. რუსული ვალუტის გამყარება ამერიკულ დოლართან, გარკვეულწილად, უკავშირდება დამატებითი ვალუტის შედინებას. კერძოდ, რუსეთმა გაზარდა თავისი ენერგომატარებლების ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც მიუხედავად სანქციებისა, შესაბამისად, ესეც ახდენს გავლენას რუსული ვალუტის გამყარებაზე.

რაც შეეხება ლირას, თურქეთში ეს ბოლო დღეების ტენდენცია არ არის, თუმცა გაუფასურება განსაკუთრებით დააჩქარა სტამბოლის მერის დაპატიმრებამ და მასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ ქვეყანაში.

საქართველოსთვის თურქეთიც და რუსეთიც მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნების ვალუტების ცვლილება ამერიკულ დოლართან, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ბალანსებზე. ზოგადად, რუსეთის მიმართულებით ჩვენი ექსპორტი ბევრად მეტია, ვიდრე თურქეთის მიმართულებით და რუსული ვალუტის გამყარება ჩვენთვის მაინცდამაინც სახეირო არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამან შეიძლება რუსეთში ქართული პროდუქციის გაიაფება გამოიწვიოს.

მეორე მხრივ, თურქულ პროდუქციაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქართული შიდა სამომხმარებლო ბაზარი, დაწყებული კვების პროდუქტებით, დამთავრებული სამშენებლო მასალებით. ამიტომ ამ პროცესებთან ჩვენ გავლენის რეჟიმში ვართ. თუმცა, უნდა დაველოდოთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.

რაც შეეხება იმპორტს, აქ ქართული ლარიც ახდენს გავლენას, რომელიც დოლართან მიმართებით რამდენადმე გამყარდა, ამით სავაჭრო ბალანსის მხრივ, რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდები. უფრო საყურადღებო იქნებოდა მსოფლიო ბაზრებზე იმ პროდუქციის ფასის ცვლილება, რომლის იმპორტიორიც ვართ რუსეთიდან“, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს სოსო არჩვაძე.

ამ ეტაპზე 1 აშშ დოლარი 84.64 რუბლი ღირს, ეს მაშინ როდესაც თებერვალში 110 რუბლადაც კი ივაჭრებოდა. რაც შეეხება თურქულ ვალუტას, 1 ამერიკული დოლარის შეძენა 38 ლირად არის შესაძლებელი.

თურქეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 384 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოს თურქეთთან ვაჭრობა დეფიციტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ბევრს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. ასე მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში თურქეთიდან იმპორტირებულია 337.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, ადგილობრივმა ექსპორტმა კი 40.5 მილიონ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად თურქეთთან შემცირებულია ქართული პროდუქციის ექსპორტიც და იმპორტიც, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 53.7 მილიონი დოლარის პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იმავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი თითქმის 25%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 17%-იან კლებას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 409 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია.

მარბიელი "მეზობელი ქვეყნის ვალუტები" თუ "...ქვეყნების..." ჟურნალისტო?
15 საათის უკან