ოპოზიციის მითად ქცეული ერთობა, ისევ მითად რჩება. მოლოდინი, რომ ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკიდურესად დაპირისპირებულ ოპოზიციას გააერთიანებდა, კრახით დასრულდა, თანაც ისე, რომ ამაზე უარი თავად ზურაბიშვილმა თქვა. მან გაერთიანების იდეა ძლიერი კოორდინაციით ჩაანაცვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება და ზურაბიშვილის ლანძღვა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი კვლავ ცდილობს ოპოზიციასთან კომუნიკაციის შენარჩუნებას და 23 მარტს სოროსის ფონდის კუთვნილ ოფისში ზურაბიშვილმა ოპოზიცია ისევ გამოიძახა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის საბოლოო შედეგი ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ბალტიის ქვეყნებში გაემგზავრება. ქართველი პოლიტიკოსები ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შეხვედრებს გამართავენ. ამ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირშიც კი არავინ არაფრად აგდებს, ქართული დელეგაცია „ოცნებასთან“ ბრძოლაში მხარდაჭერას სთხოვს.
მმართველი გუნდი ოპოზიციურ ველზე დაბნეულობას თვალს ადევნებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტებს ერთადერთი რესურსი დარჩათ - რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში და გარე დაკვეთა შეასრულონ.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიცია ყველა ეგზისტენციალურ საკითხში ერთიან პოზიციაზე იყოს.
„მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ძალიან მართალ პროცესში ყოფნა და მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ცხადად და მკაფიოდ თქმა ყოველგვარი უკანა აზრების გარეშე - ვინ რას ვაპირებთ. ვართ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ერთიან პოზიციაში? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან საკითხში ვიყოთ ერთიანები“, - ამბობს ნიკა მელია.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არასდროს შეცვლილა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიას ოპონენტების ერთობის არ სჯერა და დარწმუნებულნი არიან, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვთ, ხოლო მათი სტრატეგია იმაზეა დამოკიდებული თუ რა დავალებას მიიღებენ.
„რეალურად,ერთმანეთს ვერ იტანენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბატონი ხაზარაძის და ბატონი ელისაშვილის დაჯგუფება, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად, მთელ ოპოზიციას ნაგინები ჰყავს, მაგრამ გარე დავალება მიიღეს და მოუწიათ ასე დაჯგუფება. მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია. მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ მონაწილეობის მიღება“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სოროსის ფონდში გამართულ შეხვედრებზე თვითმარქვია პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილს და ურეიტინგო, უცხო ქვეყნის აგენტებს შორის რა შეთანხმება შედგება. აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სახუმარო და სასაცილო ამბავი, რომელზეც საზოგადოებაში უკვე რეაქციაც აღარ აქვთ.
„ძალიან კარგად ჩანს თუნდაც დასავლეთშიც, რომ სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტად არავინ აღიარებს. ეს ნარატივი ნელ-ნელა იფუშება. ორბელიანების სასახლიდან საპრეზიდენტო დროშების მომპარავი ზურაბიშვილის ნებისმიერი შეხვედრა, გადაწყვეტილების მიღება, სადღაც წასვლაზე, ვითომ ე.წ. ქვეყნის ხელმძღვანელის ამპლუაში, ტრაგიკომიკურია და შეიძლება ფსიქიატრიულ განზომილებაშიც გადადის. 31 მარტს იქნება ყვირილი, ბაქი-ბუქი, მოწოდებები ლეგიტიმური ხელისუფლების გადადგომაზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გამართვაზე, - და, რა შეიცვლება ამით? ნაცკრება დარჩება მხიარული, ესენი მეტ შედეგს ვერაფერს მიაღწევენ. რაც 22 მარტს უკვე ვნახეთ, სამარცხვინო ე.წ. მარში იყო, სადაც რამდენიმე კაცი მიიყვანეს და კომუნისტების შეკრებას ჰგავდა. ადრე თუ პოლიტბიუროს წევრთა პორტრეტები იყო, ახლა ამერიკის რამდენიმე კონგრესმენის სურათი ჰქონდათ გულზე ჩამოკიდებული. ზუსტად იგივე მოხდება 31 მარტსაც, გამოიყვანენ რამდენიმე კაცს და გულს მოიფხანენ. შეეშინდება ამით ხელისუფლებას თუ რა მოლოდინი აქვთ?!“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ე.წ. ჯადოსნური დღეების და „დედლაინების“ დანიშვნით, ისევ და ისევ ოპოზიცია შედის ჩიხში.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ერთმანეთი სძულთ და ამას ვეღარ მალავენ. გუბაზ სანიკიძისთვის ერთ დროს თამარ მეფედ წოდებული ზურაბიშვილი მეორე დღეს მოღალატე და არაფრის გამკეთებელი გახდა. ლევან ხაბეიშვილისთვისაც არაფერს წარმოადგენს ზურაბიშვილი. რაც შეეხება რუსთაველზე გასვლას, სადამდეც იქნება ევროკრატიული ფონდებიდან ფული, იქამდე ირბენენ. ეს ახალგაზრდები უკვე ხალხის დასაცინი გახდა.
დასავლეთშიც ვეღარ იგებენ, ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური. ხედავენ, ქუჩაში ხალხი მასობრივად არ გამოდის, არავინ აპროტესტებს, გარდა რამდენიმე მოსყიდული ადამიანისა. ამიტომ იქაც ამ ოპოზიციის უუნარობაში და სიმართლეში ეჭვი ეპარებათ. უბრალოდ, არის დაფინანსება, რითაც სამსახურად ქცეულ რუსთაველზე გამოდის რამდენიმე ასეული კაცი, კეტავენ რუსთაველს და ასე ქმნიან რაღაცა ყალბ სურათს, თითქოს საქართველოში კრიზისია“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ის ნელ-ნელა პოლიტიკურად ქრება და ნაცოპოზიციისთვისაც კი ფიტულივით ანთია.
„ზურაბიშვილზე ფსონი დადეს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ვერც 31 მარტს იზამს რამეს და არაფრის გამაერთიანებელი, ლიდერი ეგ არ არის. ამიტომ ახლა დაიწყებენ ახალი ლიდერის ძიებას. ლომჯარია, გიგაური უკვე დატესტილები არიან, არაფრად გვარგია და ამას დასავლეთშიც მიხვდნენ. ზურაბიშვილმაც ვერ გაამართლა. ახლა ფსონს გილაურზე დებენ, რომელიც ლომჯარია-გიგაურზე უარესია და ქართველი ხალხისთვის არაფერს წარმოადგენს. ამიტომ 31 მარტს ოპოზიციის კიდევ უფრო დიდ გაბანკროტებას უნდა ველოდოთ. იარონ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ისეირნონ, მაგათი არც არავის ეშინია და არც არავინ ეკითხება, ქართველი ხალხი ვის აირჩევს“, - ამბობს აბაშიძე.