ISAF-ის მისიაში მონაწილე თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

ISAF-ის მისიაში მონაწილე თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

ნატოს შტაბ-ბინაში ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა  აპრილში დაგეგმილ ავღანეთის პრეზიდენტის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ავღანეთის დემოკრატიული განვითარების პროცესში გადამწყვეტი ეტაპი იქნება.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა  ISAF-ის  მისია და ადგილობრივი ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი იყო. ანდერს ფოგ რასმუსენმა დადებითად შეაფასა მისიის მიმდინარეობა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი კვლავ მზად არის დაეხმაროს ავღანელებს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ ქართველი სამხედროები პოსტ-ISAF-ის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას: „ჩვენ, საქართველომ, კიდევ ერთხელ  გავუსვით ხაზი, რომ ბოლომდე დავრჩებით მისიის ერთგული 2014 წლის მიწურულს. ასევე,  მზად ვართ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელოთ  ავღანელების მხარდაჭერა, მათ შორის,  ნატოს ახალი მისიის ფარგლებშიც 2015 წელს“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ სხდომის შედეგები შეაჯამა: „მოვისმინეთ ავღანეთის მინისტრის ანგარიში, თუ როგორ ემზადება ქვეყანა არჩევნებისთვის. ასევე, მოვისმინეთ გენერალ ბრიდლოვისა და ავღანეთში ნატოს სარდლობის ხელმძღვანელის გენერალ დანფორდის ანგარიშები. სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. იმ ვითარებაში, რასაც ჩვენ გავეცანით, დიდი ალბათობით არჩევნები  მშვიდობიანად ჩატარდება. თუმცა, არის პრობლემური საკითხიც - ავღანეთის პრეზიდენტი არ აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომელიც კოალიციურ ძალებს  საშუალებას მისცემდა სამხედრო დახმარების ოპერაცია 2014 წლის შემდეგ გაეგრძელებინა. მაგრამ, იმედი გამოითქვა, რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელი მოეწერება ამ ხელშეკრულებას“.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პატრიკ დე რუზიეს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს. მინისტრი ასევე, შეხვდება ნორვეგიელ, აზერბაიჯანელ და ავღანელ კოლეგებს.