ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინის ტერიტორიების განაწილების გეგმას და არჩევნების ჩატარებას მოიცავს - უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც ამერიკის განცხადებებიდან ჩანს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილია. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპის მეგობარმა სტივ უიტკოფმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ზელენსკი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. შესაბამისად, ზოგიერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა არჩევნებისთვის მზადებაც კი დაიწყო. ზელენსკის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. ასევე უკვე საუბრობენ არჩევნების დანიშვნის შესაძლო თარიღზეც.
სტივ უიტკოფმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ეთერში 22 მარტს ღამით გავიდა.
„რუსეთის პოზიციაა, რომ ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] არ არის არჩეული და, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია მასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა არჩევნები უკრაინაში?“ - იკითხა გადაცემის წამყვანმა.
„დიახ, იქნება. ისინი დათანხმდნენ ამას. გაიმართება არჩევნები უკრაინაში“ - განაცხადა სტივ უიტკოფმა.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით ეთანხმება თანამოსაუბრეს. მისი თქმით, ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას უპირისპირდება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ოთხჯერ აღემატება უკრაინას.
უკრაინულ მხარეს უიტკოფის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ზელენსკის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ ვალერი ზალუჟნი მიაჩნიათ, უკრაინული ჯარის ყოფილი მთავარსარდალი. ამჯერად ის უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში. თავად ზალუჟნის საჯაროდ არასდროს გამოუხატავს, რომ პრეზიდენტობის ამბიცია აქვს.
ყველაზე ახალი კვლევა საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით, ზალუჟნი 27 პროცენტს აიღებდა, ზელენსკი - 16 პროცენტს, ხოლო ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 7 პროცენტს. თავად პოროშენკო დარწმუნებულია, რომ არჩევნები წელს ჩატარდება. მან ეს უკრაინულ გამოცემას „ცენზორ.ნეტ“-თან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
პოროშენკო თავის წყაროებზე დაყრდნობით, არჩევნების შესაძლო თარიღსაც ასახელებს - 26 ოქტომბერი.
ძველი თაობის პოლიტიკოსები ბოლო დროს ისე გააქტიურდნენ, თითქოს არჩევნებისთვის ემზადებიან. მაგალითად, იულია ტიმოშენკო და იური ბოიკო. ბოიკომ ორი თვის წინ ტიკ-ტოკზე არხი გახსნა, რასაც მისი პარლამენტარი კოლეგებიც კი არჩევნებისთვის მზადებად მიიჩნევენ.
ბოიკო რუსეთისთვის მისაღებ ფიგურად მიიჩნევა. ამიტომ არ არის გამორიცხული ის კრემლისთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.
საჯარო სექტორში კი მოულოდნელად გამოჩნდა ევგენი მურაევიც, უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის ოკუპაციის შემთხვევაში რუსეთი მას მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელად განიხილავდა და ისიც კრემლისთვის მისაღები პოლიტიკოსია.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, უკრაინასა და რუსეთს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 23 მარტს დაიწო.
შეერთებული შტატების დელეგაცია ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდება, შემდეგ კი მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ომში მყოფ ქვეყანას ტერიტორიების გაყოფაზე საუბარი მოუწევს. შეხვედრა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაცია შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეათანხმებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება, გახდეს რუსეთის სამიზნე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, უკრაინის კორეიზაცია მოხდება და ეს პროცესი ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე წარიმართება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთი აბსოლუტურად არაფრის ფასად უკან დახევას არ აპირებს, მას ფრონტის ხაზზე უკვე დიდი უპირატესობა აქვს და წარმოუდგენელია პუტინმა დაკავებულ ტერიტორიებზე უარი თქვას.
„ფაქტია, რომ უკრაინის გადანაწილების და ორად გაყოფის პროცესი მიდის. პუტინი ახლა სამართლებრივადაც კი ცდილობს, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, უფრო წელში გამართული იყოს. ის უკრაინის წინააღმდეგ დაიწყებს ახლა თამაშს, რომ ის პირობებს არ ასრულებს, არღვევს შეთანხმებას და ა.შ. რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს. პუტინი ისედაც გაცხადებული დღის წესრიგით მოქმედებს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეძლებისდაგვარად ომიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანამ საუკეთესო გამოსავალი ნახოს. ვგულისხმობ, როგორც ამერიკას, ასევე ევროპას. ევროპას ამ ომის გაგრძელება უნდა და ცდილობენ ბოლო უკრაინელამდე რუსეთის სამხედრო მანქანას შეაკლან.
ეს ომი თუ ასე გაგრძელდა, კორეიზაცია კი არა, საერთოდ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამერიკა ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, თუნდაც ძალთა ბალანსის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. აშშ-თვის ახლა მთავარია არ დაკარგოს ზესახელმწიფოს იმიჯი, ეკონომიკური სტაბილურობა, დოლარის სიძლიერით გამოწვეული ჰეგემონია“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ომმა მოიტანა ის, რომ მსოფლიო ალტერნატიულ გაერთიანებაზე ალაპარაკდა, როგორიც ბრიქსია, როგორიც ახლო აღმოსავლეთის პერსპექტიული ეკონომიკური გაერთიანებებია.
„ეს კი საგანგაშოა ამერიკისთვის და ტრამპი ამაზე ღიად საუბრობს. ასევე საშიშია ჩინეთ-რუსეთის მოკავშირეობა, სადაც როგორც ირანი, ასევე ინდოეთიც შედის. ამიტომ უკრაინის საკითხი ახლა ამერიკისთვის არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი, რადგან ტრამპს ამ გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, ამ ომისთვის აღარ სცალია და აღარ მიაჩნია სწორად, რომ ის უნდა გაგრძელდეს“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინის ომი თუ გაგრძელდა, ეს კავშირი უფრო გამყარდება, რაც ამერიკისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია.
„შესაძლოა, მსოფლიომ მიიღოს ჰიბრიდი აღმოსავლური კავშირი, რომელიც ნატოზე ძლიერი იქნება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
ტრამპმა კი ეს საფრთხეები ზედმიწევნით სწორად დაინახა. ამიტომ ის არ დაუშვებს, რომ ეს ომი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ სულელური პოლიტიკით ამხელა რესურსი გადაყარა, რაც ამერიკელი ხალხის ფულია. ამიტომ ტრამპი ახლა მის ამოღებას წიაღისეულის მოპოვებით ცდილობს. ამიტომ მოლაპარაკებები რაც უფრო პროცესში შევა, მით უფრო აქტიური და აქტუალური გახდება უკრაინაში არჩევნების დანიშვნა და ზელენსკის წასვლის საკითხი“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ზელენსკი ყველზე მეტად საკუთარი ქვეყნისთვის არის პრობლემა.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ტრამპი არ არის პერსონა, რომელიც ვინმეს თითის ქნევას შეარჩენს. ტრამპს ზელენსკის საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვს, ეს, უბრალოდ, დროის საკითხია. ის ჯერ აცდის პროცესებს შევიდეს გარკვეულ სიღრმეში და შემდეგ ზელენსკი უპირობოდ წავა. მისი რეიტინგი ყველაზე კარგად ამერიკელებმა იციან, რომელსაც, ალბათ, ხშირად ზომავენ. ამიტომ ტრამპი თუ რამეს ამბობს, ის არ ამბობს ჰაერზე.
ზელენსკისთვის ფეხების ბაკუნი არაფრის მომტანია. ის ან დაამთავრებს, როგორც წესი და რიგია, რეალურად წავა და დათმობს პოზიციებს მშვიდობიანად ან მისივე გარემოცვამ ის შესაძლოა ჩამოაგდოს, იქნება ეს სამხედრო გადატრიალება თუ სხვა რამ, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ზელენსკი დროს მაქსიმალურად წელავს, რას ცდილობს, რა უნდა, კაცმა არ იცის. რეალობა ის არის, რომ ის ბოლომდე ჩიხშია შესული. უკრაინის კორეიზაცია რომ გადაწყვეტილია, ეს ფაქტია. ადრე თუ გვიან, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ტრამპმა იცის, რომ ამერიკამ, შესაძლოა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ მისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იყოს. ზელენსკი გლობალისტების და ლიბერალების პროექტია, რომელიც ტრამპისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ მისი წასვლა გარდაუვალია“, - ამბობს ქადაგიძე.