ხუთი წელია, რაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, შოთა გორგოძის ვაჟი გია გორგოძე კომაშია. იგი გათიშულია, კიდურები არ მუშაობს, მხოლოდ თვალებით ხედავს ირგვლივ მყოფებს და თვალებს ამოძრავებს, მეხსიერება გათიშული აქვს, ხელოვნურად სუნთქავს, ზონდით იკვებება, შარდის ბუშტზე კი დაყენებული აქვს კათეტერი და სამივე წერტილი შეერთებულია ხელოვნურად.
რომ არა გულკეთილი ადამიანები, შოთა გორგოძე ვაჟის მოვლას ვერ შეძლებდა. გიას ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება, ხელოვნური სუნთქვის აპარატს კი ე.წ. ნასოსი, დანადგარები სჭირდება, რაც ძალზე ძვირია.
იმის გამო, რომ წლების წინ ერთი დღე-ღამით რეანიმაციაში ავადმყოფის მოვლა 570 ლარი ჯდებოდა, ოჯახმა ვერ შეძლო ამ თანხის გადახდა და საავადმყოფოდან სახლში გაიყვანა ავადმყოფი. აპარატზე შეერთებულ შოთა გორგოძის ვაჟს დღესაც ექთნების მორიგეობა სჭირდება, რაც 24-საათის განმავლობაში 50 ლარი ჯდება. ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება, რომ არაფერი ვთქვათ მედიკამენტებზე.
„კახა კალაძე ძალიან დამეხმარა, ღმერთმა უშველოს, ჩემი მეგობრებიც დამეხმარნენ. თავის დროზე ქალაქის მერიიდან მამუკა ქაცარავა დამიდგა გვერდში. ამის მიუხედავად, საკუთარი ბინა ბანკში მაქვს ჩადებული, გამოხსნას ვერ ვახერხებთ და ჯარიმებსაც ვიხდით, მაგრამ რა ვქნათ?! სახლში რაც მქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. ერთადერთი, პენსია დამრჩა“, - გვითხრა შოთა გორგოძემ.
როცა დავინტერესდით, რატომ არ ეხმიანება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარება, მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას პირადად იცნობს, მისი მდგომარეობა რომ იცოდეს, ნამდვილად დაეხმარებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, შოთა გორგოძემ მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ისევე, როგორც ვერ მოახერხა მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრა.
ჩვენ დავინტერესდით, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს კომაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად? არ დავმალავთ, ამ თემაზე მუშაობისას უარყოფით რეაქციებსაც წავაწყდით. სამწუხაროა, რომ საქართველოში სხვისი შვილების ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ... საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების გარდა სხვა საშუალება არ არსებობს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობისთვის საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლების ხელფასებიდან ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჩაირიცხა, ვიფიქრეთ, რომ შესაძლებელი იყო კომაში მყოფთათვის რაიმე დახმარების აღმოჩენა. თუმცა აგვიხსნეს, რომ ამგვარ დახმარებაზე საუბარი ნაადრევია.
ჩვენ დავუკავშირდით საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარეს მაკა გვარამიას. მან განმარტა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში კომაში ჩავარდნილი ადამიანების ახლობლებს მისთვის არ მიუმართავთ. მაკა გვარამიას აზრით, ასეთი ადამიანები ინდივიდუალური დახმარებითაც უნდა სარგებლობდნენ და სახელმწიფომაც უნდა აიღოს მათი დახმარება თავის თავზე.
„როგორც წესი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები მომართავენ საკრებულოს. ჩვენ კი შუამდგომლობით მივმართავთ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურს. შემდეგ ისინი ახდენენ ჩვენს წერილებზე რეაგირებას. კომაში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი დახმარება. ეს ქრონიკული ხასიათის დაავადებაა, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტს იმის საშუალება არ გააჩნია, მათ მუდმივად დაეხმაროს. ბატონ შოთას დავუკავშირდებით და აუცილებლად გამოვნახავთ საშუალებას, რომ თუნდაც ერთჯერადად გამოეყოს გარკვეული დახმარება და მას შეუმსუბუქდეს მდგომარეობა“, - გვითხრა მაკა გვარამიამ.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომაში მყოფი ადამიანები ძვირადღირებულ მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას საჭიროებენ.
„წესით, ამგვარ პროგრამებს საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია თავიდან ბოლომდე ყველაფერი დავაფინანსოთ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ბატონ შოთას რამდენჯერმე შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარეთ, ახლაც თავადვე დავუკავშირდებით და ვეცდებით, გარკვეული დახმარება უახლოეს ხანში გავუწიოთ“, - გვითხრა მამუკა ქაცარავამ. მანვე განმარტა, რომ ამ ტიპის პაციენტებს გამგეობებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ეხმარებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ცალკეული პაციენტის ბინაზე რეანიმაციული მომსახურების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (რაც მის დაფინანსებას ითვალისწინებს), შეიძლება არც არსებობდეს. თუმცა, თუ სხვა პროგრამებში კონკრეტული მდგომარეობა დეტალურად არ არის გაწერილი და არ არის ეტალონური, ანუ ტიპური მდგომარეობა, მაშინ რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მათ ინდივიდუალურად მიმართავენ მოქალაქეები, კომისიურად ხდება ამ საკითხზე მსჯელობა და გარკვეული თანხა გამოეყოფა პაციენტს ინდივიდიუალური საჭიროებისთვის.
კონკრეტულად გია გორგოძის შესახებ მარინა დარახველიძემ ჩვენგან პირველად შეიტყო. ამასთან, არ გამორიცხა, რომ სამინისტროში გია გორგოძის შესახებ შეიძლება ჰქონდეთ კიდეც ინფორმაცია.
***
ვითარებას ისიც ართულებს, რომ, სხვებისგან განსხვავებით, შოთა გორგოძეს არ უყვარს ადამიანების შეწუხება. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც საახალწლო კომენტარის დროს შევიტყვეთ მისი ვაჟის მდგომარეობა, პერიოდულად ვეხმიანებით ხოლმე. როცა ვუთხარით, ტელევიზიებისთვისაც მიემართა, რათა უფრო აქტიურად გაეშუქებინათ მისი ვაჟის ამბავი, გვითხრა, რომ ერიდებოდა პირად პრობლემაზე საუბარი.
ეს არც არის გასაკვირი ადამიანისგან, რომელსაც ცხოვრებაში დაცვით არ უვლია და, რომელსაც 9 აპრილს სიცოცხლეც არ უნდოდა, რადგან, ქართული მილიციის თავდადების მიუხედავად, რუსებმა ქართველი პატრიოტები მაინც ჩახოცეს. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ როდიონოვის ავტომატიანებმა მაშინ იარაღი მიუშვირეს შოთა გორგოძეს და მზად იყვნენ, მისთვის ესროლათ, მაგრამ დაცვის გარეშე მყოფს საკუთარი თანამშროლები დაუდგნენ გვერდით. სწორედ მაშინ იყო, რომ შოთა გორგოძემ და როდიონოვმა ერთმანეთისკენ საცემრად გაიწიეს და როდიონოვი მას უყვიროდა, „ჩემ ვი ზანიმაეტესო“, რაზეც შოთა გორგოძეს უპასუხია, „მი ზანიმაემსია როდნიმ დელომ“.
და ბოლოს, გია გორგოძის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში: GE53TB1156336512500038