შვიდ თვეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. 4 ოქტომბერს ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევს. რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ არ იცის, რა დღის წესრიგს შესთავაზებს მათ დასავლეთი და აცხადებენ, რომ ხალხის დაკვეთაა არა თვითმმართველობის, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები. გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მარჩიელობაა იმაზე, საუბარი რა იქნება ოქტომბერში.
როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილებას და მეორედ ცდის ბედს მერის არჩევნებზე. შეიძლება ითქვას, რომ გახარია დიდი ხანია გაემიჯნა რადიკალურ ოპოზიციას და საკაუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი არ თქვა დეპუტატის მანდატზეც. ამბოხებულ რადიკალებს გახარია გამოაკლდათ, ამ ჩამონათვალს ასევე მიემატება „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც ასევე გეგმავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არც ერთი პოლიტიკური პარტია ოფიციალურად არ ადასტურებს.
ამ ეტაპზე ერთადერთი ძალა, რომელიც ადასტურებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ეს არის „გირჩი“. იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყბს პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლას.
„ჩვენ 30 წელია ერთი და იგივეს ვუყურებთ და ეს ხალხი, რომელსაც უკვე დიდი ხანია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად საარჩევნო ვადა გაუვიდა, მათი არჩევნებში არმონაწილეობა ვფიქრობ, რომ დიდი დანაკლისი არ იქნება ქართველი ხალხისთვის. ამიტომ ვგულშემტკივრობ იმას, რომ საკუთარი დაპირება ერთხელ მაინც მიიყვანონ ბოლომდე - არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
მმართველ გუნდს მერობის კანდიდატი შერჩეული უკვე ყავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს.
„მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით. მარტო რეკრეაცია რად ღირს, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს. რაც შეეხება ოპონენტებს, კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ ექნება და იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი.
„არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია გაერთიანებული იქნება, დაშლილი თუ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როდესაც ხარ რადიკალი, ქვეყნის მტერი და იმართები სხვა ქვეყნიდან, ხარ ჩვეულებრივი მოღალატე, ცხადია, ქართველი ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გექნება. მათ ეს ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ განწირულნი არიან მარცხისთვის. ამიტომ არ უნდათ მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ, მით უმეტეს, თვითმმართველობის არჩევნებზე, ოფსაიდში დარჩებიან. გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს არის ინსტრუქცია.
„მსოფლიო მასშტაბით დაპირისპირება გრძელდება, რასაც შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს, რადგან მშვიდობის დღის წესრიგი ჯერ ისე არ არის გამყარებული. ეს თემა მხოლოდ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საზრუნავი არ უნდა იყოს, ამაზე ევროპელი ლიდერების პოზიციაც უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, „დიფ სთეითმა“ კვლავ ძალები და გარკვეული ფინანსური რესურსიც მოიკრიბა და საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მცირე სეგმენტია. ამ სეგმენტზე ის მარიონეტები ტრიალებენ, რომლებიც გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ვიღაცებს ამ ინსტრუქციაზე პრეტენზია გაუჩნდათ, თუმცა, როგორც ჩანს, მათი საბოლოო პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ საფრთხეები საკმაოდ დიდია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოცნებამ თბილისი ფაქტიურად რომ წააგო, კალაძის ლომის წელია მაგაში.
არ მაქვს დოკუმენტური მტკიცება, რომ კალაძე და მისი გარემოცვა კორუმპირებულები არიან, მაგრამ თბილისის მოსახლეობას სჯერა ეგ და არჩევნებს მოსახლეობის მხარდაჭერა იგებს და არა ქართული ოცნების პოლიტსაბჭო.