ლევან ჯანგველაძის ბურუსით მოცული მკვლელობის დეტალები

ლევან ჯანგველაძის ბურუსით მოცული მკვლელობის დეტალები

გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ და ბრალდებულს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გახმაურებული საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის, იგევე მერაბ „სუხუმსკის“ ძმის მკვლელს დუმილის უფლება არც სასამართლო პროცესზე დაურღვევია. ქილერის დუმილი კი ბევრ კითხვებს აჩენს და მათ შორის ყველაზე მთავარს - რატომ მოკლა ლევან ჯანგველაძე და ვინ არის ამ მკვლელობის დამკვეთი? რა გახდა სისხლიანი ანგარისწორების მიზეზი? - ამ კითხვას პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს.

აღსანიშნავია, რომ დაკარგულია მკვლელობის იარაღი, საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებულია მხოლოდ ერთი იარაღი, მაგრამ ეს არაა ის იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა. გამოძიება ეჭვობს, რომ მთავარი მტკიცებულება უძილაურმა უკვე გაანადგურა, ისევე როგორც სილიკონი, რომელიც ეკეთა და ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დღეს ეცვა. რაც შეეხება თავად დაკავებულს, ის ყოფილი სპეცრაზმელია. იმყოფებოდა უკრაინაში, ასევე საბერძნეთში.

ლევან ჯანგველაძე 15 მარტს ჭავჭავაძის გამზირეზე მოკლეს. ის თბილისში, ახლობლის პანაშვიდზე იყო ჩამოსული. მკვლელობიდან მალავე გავრცელდა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. მასალაში კარგად ჩანს, როგორ ელოდება გელა უძილაური, ლევან ჯანგველაძეს. ამ კადრებიდან ჩანს, რომ სადარბაზოდან გამოსულ ჯანგველაძეს და მის მძღოლს ქილერი ზურგიდან აედევნა, როგორც კი მიუახლოვდა ჯანგველაძე შემობრუნდა და ამ დროს 14-ჯერ ესროლა აქიდან ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა.

ამის შემდეგ ქილერი ტერიტორიას ნაფარეულის ქუჩის გავლით ტოვებს და კვალი ფალიაშვილზე იკარგება. როგორც გამოძიებით ირკვევა, ფალიაშვილიდან ის დამპალოს სასაფლაოს მიმართულებით მიდის და არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ აქ გაანადგურა მტკიცებულება. ყოფილი სპეცრაზმელი უკვე გლდანის ციხეშია შესახლებული და, დიდი ალბათობით, ის სამარტოო საკანშია.

საქმის პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია. შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.

„რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა, რათა აღნიშნული გაირკვეს და დადგინდეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში მოხდა დაკავება - ბრალდებულის დაკავება მოხდა ისან-სამგორის ტერიტორიაზე. რა ვითარებაში, ვისთან ერთად, არსებობდა თუ არა დამხმარე, ან თანამზრახველი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. როდესაც გვექნება წარმოვადგენთ. ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია, დღემდე იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება იმას იკვეთება თუ არა ვინმეს მხრიდან მკვლელობის დავალება - უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა მოკვლის განზრახვით გასროლები“, - აღნიშნა გია შაიშმელაშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატის მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს. მისივე თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.

„ფაქტია, რომ თბილისშია დაკავებული, მას საფუძველი არ ჰქონდა, ვინმეს დამალვოდა. ზუსტი მისამართი არ მახსოვს, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. იცნობდნენ თუ არა გელა უძილაური და ლევან ჯანგველაძე ერთმანეთს - ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი კონფიდენციალურია.

გამოძიების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივად, ობიექტურად. რაც პროკურორმა თქვა, პროკურორმა უნდა დაასაბუთოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. 17-ში დააკავეს, ამ დრომდე ის მოქმედებები, რაც ბრალდების მხარემ შესთავაზა, ყველაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა მარიამ ტაბატაძემ.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ დრომდე ყველაზე აქტუალურია პირადი ანგარისწორება, რომელიც შეკვეთილი მკვლელობით დასრულდა. კერძოდ, საუბარია ძმის ქურდულ სამყაროს ერთ-ერთ კლანთან დაპირისპირებაზე. საზარელი მკვლელობა ადასტურებს იმას, რომ კრიმინალურ სამყაროში დაუნდობელი ომი იწყება. რაც შეეხება მოკლულს, ის აფხაზეთიდან დევნილია, ომის შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა. ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა რუსეთის სახელისუფლებო რგოლთან, ჰქონდა ბიზნესი. მას ბიზნესი ჰქონდა საქართველოშიც. ის მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ჯანგველაძე უძღვებოდა, იყო სამშენებლო ბიზნესი, სადაც ასევე საქმიანობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მეგობრები ლევან ჯანგველაძეს მეცენატს უწოდებენ.