მთელი ოპოზიცია დაირაზმა უნიათო „მხედართმთავრის“ წინააღმდეგ. უმადურთა კოჰორტამ საკუთარი ყველა ჩაფლავება სალომე ზურაბიშვილს აჰკიდა, თითქოს მხოლოდ ის იყოს დამნაშავე მათ წარუმატებლობაში.
„მავრმა საქმე (ვერ) გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს“. თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ექსპრეზიდენტი ხავერდოვნად მიუახლოვდა იმ პერიოდს, როცა იგი არავის სჭირდება საქართველოში და ერთადერთ გამოსავლად ემიგრაციაში წასვლა რჩება. საქართველოში მისი მადლიერი არავინაა - არც პოზიცია, არც ოპოზიცია და, რაც მთავარია, არც ხალხი, ვინაიდან ზურაბიშვილი ხალხის მხარეს კი არ დადგა, არამედ დახმარება აღმოუჩინა ნაცებს და ისევ და ისევ რეინკარნებულ ნაცებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გუშინ ზურაბიშვილს თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს კი უნიათოს უწოდებენ. ვოლსკის თქმით, ეს ქალი უფხო აღმოჩნდა, მან ვერ შეძლო ოპოზიციის გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ მასში ყველაფერი ჩადო - ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზურაბიშვილი 1 კვირის წინ ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი იყო და უცებ ყველამ უარყო, ყველამ დაიწყო მისი ლანძღვა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ეს ადამიანები წარმოადგენენ აგენტურას და მოქმედებენ სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებით. მამუკა მდინარაძე ადრინდელ ფაქტსაც იხსენებს, როცა გახარია და ხაზარაძე მოლაპარაკებებს მართავდნენ ზურაბიშვილთან და ცხრაჯერ გამოვიდნენ ერთი შეხვედრიდან, ალბათ, თავიანთ პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცაზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საეჭვოა, ყველას რატომღაც ახლა მოუნდა ზურაბიშვილთან დაპირისპირება, უფრო დიდია ალბათობა, რომ ამ ადამიანებმა დავალება მიიღეს, დაპირისპირებოდნენ ზურაბიშვილს, ანუ აგენტებმა კონკრეტული დავალება მიიღეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რაღაც ეტაპზე ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს სინანული გაუჩნდეს იმის მიმართ, რაც ჩაიდინა, მან უღალატა „ქართულ ოცნებას“, ღალატს კი ყოველთვის ღალატი მოსდევს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციამ უღალატა ამ ქალბატონს, რადგან ოპოზიციას არავითარი ვალდებულება მის მიმართ არ ჰქონდა. ზურაბიშვილი თვითონ ცდილობდა ოპოზიციური პლატფორმა გაეტანა საერთაშორისო ასპარეზზე, გაეხმაურებინა, თორემ თავად ამ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია. პროექტი, გეგმა, თუ მცდელობები, რაც ზურაბიშვილს ჰქონდა, არც ერთი არ იყო რეალისტური. ამ მხრივ ნამდვილად არ ტყუიან ოპოზიციონრები. ისინი საყვედურს ამბობენ იმიტომ, რომ ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა შედეგის დადება. რამე შედეგიანი რომ დაედო, გახდებოდა ლიდერი, აქ მაინცდამაინც სააკაშვილის შეწყალებას არ ვგულისხმობ, რაც ოპოზიციის ნაწილს აინტერესებდა, არამედ მას შეეძლო, თუნდაც მოქმედების გეგმა დაედო უფრო რეალისტური, თორემ საპროტესტო აქციები არ არის შედეგიანი. იმედია, ამას დროთა განმავლობაში დაინახავენ ოპოზიციონრებიც, რომ ყველაზე შედეგიანია არჩევნები. რადგან ზურაბიშვილმა გეზი აიღო რევოლუციაზე, მაშინ რევოლუციის მოხდენის შნოც უნდა ჰქონოდა, თუნდაც რევოლუციური პროცესის ხელმძღვანელობის უნარი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს უნარი მას არ აღმოაჩნდა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, ალბათ, დადგება დრო, როცა ზურაბიშვილი მიხვდება, რომ უკეთესია, გაეცალოს საქართველოს. სხვათა შორის, რამაზ საყვარელიძეს არც ეგონა, რომ ზურაბიშვილი ამ დრომდე შეინარჩუნებდა საქართველოში ყოფნის სურვილს. ხშირად გაგვიგია, „უნიათო ოპოზიცია“, მაგრამ თუკი მხედართმთავარი ხდები, იმას მაინც უნდა მიხვდე, შენი ჯარი უნიათოა თუ არა. სწორედ ამას საყვედურობენ ოპოზიციონრები, რეალისტური, ანუ პროდუქტიული ნაბიჯები ვერ გადადგაო. ანუ ის, რაც რეალისტური არ არის, არც პროდუქტიული არ იქნება.
ანალიტიკოსი მოელის, რომ გარე ძალები, რომლებიც ზურაბიშვილს მეთვალყურეობდნენ, ალბათ, მას საქართველოდან წასვლას ურჩევენ, ან ეტყვიან, რაც გინდა, ის გააკეთეო.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი იმის მაგალითია, რომ ყველა მოღალატეს ასე ემართება. ზურაბიშვილს ელემენტარული საქართველოს ისტორია რომ სცოდნოდა, გაახსენდებოდა, რა დაემართა მოღალატე ყორღანაშვილს, რომელმაც მეფე სვიმონ პირველს უღალატა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყორღანაშვილი ქართველ პატრიოტს, ქართლის სპასპეტ საჩინო ბარათაშვილს შეხვდა გზაზე, რომელმაც გელიყარის კლდის ქარაფიდან გადაჩეხა. ქართველმა ხალხმა შექმნა ამაზე ლეგენდა, ყორღანაშვილი ისე აყროლებული იყო, მგლებმაც პირი არ დააკარეს მის გვამსო. ასეთ პოლიტიკურ გვამადაა გადაქცეული დღეს ზურაბიშვილი, რომელსაც ღალატის უსაშინლესი სუნი აქვს აშვებული და მისგან გარბის თავად ის ოპოზიციაც, რომლის ლიდერად დასავლელ ლიდერებს წარმოედგინათ ზურაბიშვილი. დღესაც უნდათ ის ლიდერად, შემთხვევითი არაა, რომ აშშ-ის ელჩი შეხვდა მას და ეს „დიფ სთეითის“ გავლენით აიხსნება.
„ამ გადაღრძუებულ პოლიტიკურ „ლიდერს“ მოჰკიდებენ ხელს მისივე პატრონები, წაიყვანენ უცხოეთში და მკაცრად მოსთხოვენ პასუხს. არც ისაა გამორიცხული, სამსახურებიდან დაითხოვონ მისი შვილები, ავანსად რომ ჰყავდათ დაწინაურებულნი, რადგან ამ ქალბატონს „დიფ სთეითისგან“ მიცემული უზარმაზარი ფულები აქვს გაფლანგული. ზურაბიშვილის ლიდერობა იგივეა, რომ წამოვაყენოთ და ლიდერად დავაყენოთ ავადსახსენებელი კიტოვანი, რომელმაც თბილისი გადაწვა. მასთან შედარებით კიტოვანს მეტი ავტორიტეტი ჰქონდა თავის დროზე. ამ პოლიტიკური არარაობის შემხედვარე კი მისი ოკეანის გაღმელი და გამოღმელი პატრონებიც მძიმე დღეში არიან“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსს აინტერესებს, ეს ყავლგასული ზურაბიშვილი როცა ლაპარაკობდა, უკრაინამ გაგვასწროო, გვითხრას ახლა, სად არის უკრაინა ახლა გასწრებული? თუ უკრაინამ გაგვასწრო, წავიდეს იმ უკრაინაში და დაუდგეს ზელენსკის გვერდში.
„მაინც ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს მისი ფაშისტური განცხადებების გამო, როდესაც ამერიკაში ჩასული, თავისუფლების ქანდაკების ფონზე იძახდა, დასცხეთ და ცოცხლად დაწვით პოლიციელებიო, ბავშვებს მოუწოდებდა ხელისუფლების გადასატრიალებლად. გმირი ზელენსკიო და საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა „გმირობისკენ“, აღარაფერს ვამბობ მის მიერ დამნაშავეთა შეწყალებაზე. ამიტომ ამ ქალბატონმა სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს და დამსახურებული სასჯელი მიიღოს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.