18 მარტს, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რომ მხარეები ენერგოობიექტებზე დარტყმას შეწყვეტდნენ, პუტინმა შეთანხმება რამდენიმე საათში დაარღვია და უკრაინის ენერგოობიექტებზე ისევ მიიტანა იერიში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რეალურად არის თუ არა პუტინი რამის დათმობისთვის მზად და უკრაინის აღიარების მიუხედავად, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს, პუტინს მეტი ტერიტორიების მისათვისებლად მადა ხომ არ გაეხსნება?
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გააკეთა განცხადება, რომ პუტინის სიტყვები რეალურად არაფერს ნიშნავს და ის, როგორც წესი, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ამის დასტურია, რომ რუსეთმა, ღამის განმავლობაში, 150 დრონი გაუშვა, მათ შორის, ენერგოობიექტებზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იბომბებოდა.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, 2-საათიანი სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით; შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.
კრემლში კი აღნიშნავენ, რომ პუტინი დათანხმდა ტრამპის ინიციატივას - მხარეებმა 30 დღის განმავლობაში ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო შეტევისგან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გადასცა სამხედრო დანაყოფებს.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს, ასევე, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფები, რათა გაგრძელდეს მუშაობა „უკრაინაში ორმხრივი გადაწყვეტილების“ მისაღწევად. თუმცა ამ ეტაპზე არცერთი შეთანხმება რუსეთის მხრიდან არ შესრულებულა.
უფრო მეტიც, პუტინი ამბობს, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია. ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული ოპერაციები განახორციელეს. რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებით კი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად უნდა კვალიფიცირდებოდნენ. მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უნდა გამოვლინდეს, აღიწეროს და ზედმიწევნით იყოს გამოძიებული. ვთხოვ პროკურატურის ორგანოებს, მათ შორის სამხედრო პროკურორებს, ეს სამუშაო სხვა სამსახურებთან ერთად სრულად აწარმოონ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე - როგორც სუჯაში, ისე სხვა დასახლებებში“.
ასევე ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 19 მარტსაც შედგა - დონალდ ტრამპი Truth-ზე წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისკუსიის დიდი ნაწილი პუტინთან წინა დღის საუბარს ეყრდნობოდა.
„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ ხაზზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ვალცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, - წერს დონალდ ტრამპი.
ზელენსკის თქმით, მათთვის წითელი ხაზია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის საკუთრებად აღიარება.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის მხარეების დაუყოვნებელი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად, ზედმეტი სიტყვების, მჭევრმეტყველების, დაშინების გარეშე. ჩვენ უკვე ვნახეთ რუსების დაშინებები. მთელი პატივისცემით, არ მინდა, არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა. ამიტომ ვთვლი, ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება. პუტინი ცვლის კონცეფციასაც, მაგრამ არ ცვლის შინაარსს. მას უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება სურს, ეს ულტიმატუმი ომის დასაწყისშივე გააჟღერა. არსებითად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფორმულირება, მაგრამ არსი იგივეა. პუტინის მეორე პუნქტი ეხებოდა დაზვერვას და იარაღს. მან დაინახა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების შეწყვეტა და ამიტომ აყენებს პირობებს, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ტრამპის განცხადებები, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი წარმატებული იყო, ტაქტიკის გარკვეული ნაწილია. ის ცდილობს მოლაპარაკებები გააგრძელოს და ჯერჯერობით არ სურს პუტინთან დაკავშირებით მწვავე განცხადებების გაკეთება.
„ცეცხლის შეწყვეტასთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესზე საუბარი ზედმეტია. ენერგოობიექტებზე დროებით თავდასხმისგან თავის შეკავება, ჯერ ერთი, დროებითია და ესეც შედეგის მიღწევისთვის არის გაკეთებული. ფაქტია, რომ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ისევ გაგრძელდა. ჯერჯერობით, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ პუტინი რამეს დათანხმდება, თუ აქედან მაქსიმალური არ მიიღო. ერთადერთი, ტრამპის გარშემო იკვეთება რეალურად ინტერესი, რომ ის ცეცხლის შეწყვეტით არის დაინტერესებული და ომის დასრულება სურს. თუმცა ვერ გათვალა მისი და ამერიკის შესაძლებლობები, როცა საქმე პუტინთან აქვს. ეს იქნება, ალბათ, ისეთი მომენტი, რომელიც ამ პროცესზე გავლენას მოახდენს. რაც დრო გავა და ტრამპი დაინახავს, რომ მის სიტყვას პუტინი არ ითვალისწინებს, ის რიტორიკაში უფრო ხისტი გახდება. სამხედრო ოპერაციები ჩვეულებრივად გრძელდება და ცდილობს, რომ უკრაინა სამხედრო გზით გატეხოს. ასევე, მორალური წნეხი მიაქვს და ცდილობს დაანახოს, რომ ამერიკა მათ გვერდით არ არის. პუტინის მიზანია, რომ უკრაინის საზოგადოების დემორალიზება გამოიწვიოს და ბრძოლის უნარი დააკარგვინოს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, ეს სატელეფონო საუბრები ტრამპსა და პუტინს შორის პოლიტიკაში ვაჭრობის დასაწყისია, რომელიც პუტინს არაფერში არ სჭირდება.
„რუსი ვაჭრობაში ბოლომდე არ გაჰყვება მხარეს, თუკი მის შესაძლებლობებს ბოლომდე არ ამოწურავს. პუტინი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რესურსი გააჩნია. მას მიაჩნია, რომ შედეგი ბოლომდე ჯერ მიღწეული არ არის, ამიტომ ეს არის ტაქტიკური მოქმედებები და იმის ჩვენება, რომ მოქმედებები ძალიან აქტიური იქნება. ამით პუტინი ამერიკის ავტორიტეტით შანტაჟს დაიწყებს. რუსეთი არ კარგავს არაფერს. პუტინი როდესაც ამ ომში შედიოდა, მან ბრწყინვალედ იცოდა, რაც ელოდა და რა სანქციებიც იქნებოდა. რუსეთი როცა მოთხოვნებს აყენებს, მის უკან არაფერი დგას დანაკარგის თვალსაზრისით. უკრაინისთვის ეს არის ადამიანები, ქვეყნის ბედი და მომავალი; დევნილი ხალხი და განადგურებული ქვეყანა; ჩამოქცეული ეკონომიკა და კითხვის ნიშნები საერთოდ მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის შესახებ. ეკონომიკას რუსეთიც კარგავს, მაგრამ ის ამას ბევრი ფაქტორებიდან გამომდინარე უკრაინის მსგავსად მტკივნეულად არ განიცდის. ამიტომ ახლა პუტინი ყოველგვარი რისკების გარეშე დგას და მოთხოვნებს აყენებს. რუსეთი ყველანაირ რისკზეა წასული, ამიტომ სავაჭროდ ყველაზე ხელსაყრელ პირობებში იმყოფება“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.
მისივე თქმით, ის ელის, რომ ტრამპი უკრაინაზე კიდევ რაღაცა ფორმით ზეწოლას შეეცდება, თუმცა უკრაინა რა დათმობაზეც არ უნდა წაიყვანოს, ეს პუტინისთვის საკმარისი არ იქნება.
„ზელენსკიც რომ წავიდეს, უკრაინის არც ერთი ხელისუფლება არ დათანხმდება იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს. კი ბატონი, იქ ხაზის გავლება გასაგებია, მაგრამ რომელი ხელისუფლებაც უკრაინის ანექსიას დათანხმდება, ის ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამერიკა თუ ასეთ ზეწოლას უკრაინაზე განახორციელებს, ესეც უკვე ტრამპის იმიჯზე და ავტორიტეტზე იმოქმედებს. მე არ მგონია, რომ ტრამპი ამ ნაბიჯზე წავიდეს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.