„რაც მეტ ნაბიჯს გადადგამს საქართველო ევროკავშირის წევრობასთან მიახლოების კუთხით, გაიზრდება საქართველოზე რუსეთის ზეწოლა, რაც მეტად მივუახლოვდებით ნატო–ს და უფრო რეალური გახდება MAP–ის მიღება, მით მეტად გაძლიერდება ეს ზეწოლა“,– აცხადებს ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი. იმავე მოსაზრებას იზიარებენ ეკონომიკის საკითხთა ექსპერტები – ლევან კალანდაძე, ემზარ ჯგერენაია და ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტები რუსეთის ახალ ენერგოდოქტრინას საქართველოში რუსული ინტერესების ზრდის ერთ–ერთ დადასტურებად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში არსებული ჰიდრორესურსების ათვისება პრიორიტეტად გამოაცხადოს.
მათი განმარტებით, ახალ ენერგოდოქტრინაში, რომელიც რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეიმუშავა, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უახლოეს წლებში განვითარებული ბაზრის მოცულობა მცირდება და ამ ფონზე რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ენერგომატარებლებზე განვითარებადი ქვეყნების დამოკიდებულება გაიზარდოს.
ექსპერტების თქმით, მართალია, დღეს საქართველო უკრაინის მსგავსად არ არის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული, მაგრამ ქვეყანის დამოკიდებულება მაღალია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარზე“ – როგორც საწვავის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილში.
ემზარ ჯგერენაიას განმარტებით, ალტერნატიული ენერგორესურსები – მზისა და ქარის ენერგია ჰიდროენერგეტიკას კონკურენციას მომავალი 50 წლის განმავლობაში ვერ გაუწევს და, შესაბამისად, ალტერნატიულ წყაროებზე სერიოზული გათვლები მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.
„ჩვენ გვაქვს უპირატესობა ჰიდრორესურსების კუთხით, ვფიქრობ, ამით უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და გავხდეთ საერთო ევროპული უსაფრთხოების ნაწილი. ჩვენი რესურსები, შეიძლება ითქვას, არის ევროპული რესურსები და საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავდაცვის ინსტინქტიც და ვალდებულებაც, ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებული“, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ლევან კალანდაძე კი for.ge–სთან საუბარისას ყურადღებას საქართველოში თბოელექტროსადგურების მშენებლობაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ თბოელექტროსადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს, რადგან მისი საარსებო წყარო იმპორტული პროდუქტი – გაზია.
„როცა ხელისუფლება აქცენტს თბოლექტროსადგურების განვითარებაზე აკეთებს, ამით დამოუკიდებლობის ნაცვლად ენერგოდამოკიდებულება იზრდება, იმიტომ, რომ თბოელექტროსადგურების წყარო – გაზი – ჩვენ არ გვაქვს. გაზის და „სოკარის“ პრობლემა კი საქართველოში დიდი ხანია დგას, კომპანია „სოკარი“ საქართველოში გაზის ექსკლუზიური მომწოდებელია და ბაზრის 100%–ს ფლობს. მონოპოლისტია არა მხოლოდ იმპორტის, დისტრიბუციის თვალსაზრისითაც. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ქალაქში გაზის მიწოდებას „სოკარი“ აკონტროლებს“, – აცხადებს ლევან კალანდაძე და აღნიშნავს, რომ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფნა კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხზე ნაკლებად იზრუნოს.
„პრობლემაა მომხმარებლისთვის მიწოდებული გაზის ხარისხი. ამ ზამთარმა, როცა პროდუქციის მოხმარება გაიზარდა, ეს ნათლად აჩვენა: თუ მანამდე ჩაიდანში წყლის ადუღებას 5 წუთი სჭირდებოდა, შემდეგ 15 წუთი არ ჰყოფნიდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთი მხრივ, გაზის წნევას აგდებენ და მეორე მხრივ – გაზის კალორიულობას ამცირებენ. მრიცხველი ჩვეულებრივად ბრუნავს და დანახარჯი ორჯერ გვეზრდება - 45–თეთრიან გაზში „სოკარს“, რეალურად, მეტს ვუხდით. ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სტანდარტი, სახელმწიფო ამ საკითხს არ არეგულირებს და ალტერნატივის გარეშე ვყიდულობთ უხარისხო პროდუქტს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში თბოელექტროსადგურებიც უნდა განვითარდეს, თუმცა აქცენტი ჰიდრორესურსებზე უნდა გაკეთდეს, რადგან საქართველოს, ამ თვალსაზრისით, არსებული პოტენციალის მხოლოდ 18% აქვს ათვისებული.
„საქართველოში არსებული ქვანახშირის მარაგები არ აკმაყოფილებს თბოლექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო სტანდარტს, მისი გადამუშავება კი ძვირი ჯდება“, - განმარტავს ლევან კალანდაძე.