დაბრუნება შიდა ქართლში - ვინ არის ზურაბ არსოშვილი რეგიონისთვის

დაბრუნება შიდა ქართლში - ვინ არის ზურაბ არსოშვილი რეგიონისთვის

[საბა წიწიკაშვილი]
შიდა ქართლში 2006 წელს შეკრული ჯგუფები ისევ იკვრება. ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინდელი გუბერნატორის მიხეილ ქარელის უფლებების შესაზღუდად გორში სამი პიროვნება გამოგზავნეს: რეგიონის პროკურორი მიხეილ აბულაძე, რეგიონის ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი და რეგიონის პოლიციის უფროსი - ვოვა ჯუღელი. ოქრუაშვილის გუნდის წევრებთან ბრძოლაში გამოჩენილი “მამაცობისთვის” ეს პიროვნებები სხვადასხვა პერიოდში თბილისში “დააწინაურეს”, თუმცა დღეს გორში მათი უკან დაბრუნების საკითხი დადგა. ერთადერთი ვინც ამ სამეულიდან ჯერ-ჯერობით შიდა ქართლში არ დაბრუნებულა, პროკურორი მიხეილ აბულაძეა, ის ამჟამად ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას ხელმძღვანელობს. თუმცა შიდა ქართლის ამჟამინდელი პროკურორს გელა მამალაძეს მიხეილ აბულაძესთან ნათელმირონობა აკავშირებს.

10 ივლისს ზურაბ არსოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნეს. ამჟამინდელი გუბერნატორი 4 წლის წინ გორში დიდ სკანდალებში იყო გახვეული. იგი, როგორც აღვნიშნეთ, რეგიონის ფინანსური პოლიციის უფროსად გამოგზავნეს. 2006 წელს რეგიონში ჩამოსვლისთანავე, მისი თანამშრომლები ადგილობრივ პოლიციის უწყებებს დაუპირისპირდნენ. მაგალითად, იმ დროს როდესაც ერთ-ერთ ღამეს საფინანსო პოლიციასთან სროლა ატყდა, სამხარეო პოლიციის უფროსმა ჯუღელმა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა სროლა თვით ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდაო. ამის შემდეგ საკმაოდ გახშირდა საფინანსო პოლიციის შენობაში დაკავებული მოქალაქეების ცემის ფაქტი. მაგალითად, “ქართლის ხმა” 2006 წელს წერდა, რომ ფინანსურ პოლიციაში სასტიკად სცემეს მოქალაქეები, ასევე ეჭვმიტანილები იყვნენ ივანე ვაშაკიძის მკვლელობაშიც.

სურამთან მომხდარ მკვლელობაში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ერივნენ
2006 წლის 20 მაისს, დავით ნასყიდაშვილს ი გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან ბათუმის მიმართულებით ივანე ვაშაკიძეს კუთვნილი ,,გაზელის ტიპის ავტომანქანით, სარეალიზაციოდ მიჰქონდათ ვაშლი. დაბა სურამთან ისინი იძულების წესით გააჩერეს უცნობმა პირებმა (გაეცნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები) და იარაღის მუქარით ავტომანქანიდან მათ გადაყვანას ცდილობდნენ. ამ დროს ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ივანე ვაშაკიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მანქანის სალონში გაისროლა.

თავად ნასყიდაშვილი კი წინააღმდეგობას უწევდა მეორე პირს და მისთვის დანის წართმევას ცდილობდა. ამ დროს ის დაუსხლტა თავდამსხმელს და შორიახლოს მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაიმალა. გაქცევის მომენტში მას სროლის ხმები შემოესმა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნასყიდაშვილი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მან დაინახა, რომ „გაზელის ტიპის ავტომანქანა ჩაგორებული იყო ცოტა ქვემოთ და გზის ნაპირზე სისხლის გუბე იდგა.

ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ შემდეგ ის წაიყვანეს ხაშურის შს რაიონულ განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ დაკავებული ჰყავდათ ი.ვაშაკიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა ნასყიდაშვილი მათ ამოცნობას, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. მეტიც, მან დეტალურად აღწერა იმ პირების ჩაცმულობა და გარეგნობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პირები დ.ნასყიდაშვილს არ წარუდგინეს ამოსაცნობად და განუცხადეს, რომ ეს მკვლელობა მან ჩაიდინა.

ხაშურის პოლიციის განყოფილებაში დავით ნასყიდაშვილი დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მასთან გამომძიებელი არ მისულა, არ შედგა დაკავების ოქმი და მას არ განუმარტეს მისი უფლებების შესახებ. დაახლოებით დილის ექვსი საათისათვის იგი გადაიყვანეს შიდა ქართლის შს სამხარეო სამმართველოში, სადაც შეადგინეს ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბრისას დავით ნასყიდაშვილმა განაცხადა, რომ მას შეუძლია იმ პირის ამოცნობა, რომელმაც მანქანიდან გადაათრია. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ნასყიდაშვილი და ვაშაკიძე უცნობმა პირებმა გააჩერეს, დ.ნასყიდაშვილს არ შეუმჩნევია გაჩერებული სხვა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები.

შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ კლასიკურ მაგალითს, თუ როგორ აყაჩაღებენ ერთი კრიმინალები მეორე კრიმინალებს, იმისთვის რომ წაართვან კონტრაბანდული სიგარეტი და ამის მოწმეები არა მხოლოდ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, არამედ უბრალო მოქალაქეებიც გახდნენ”. აქ ეჭვს იწვევს ერთი გარემოება - არსოშვილი აცხადებს რომ ინციდენტი ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მოხდა, თუმცა ბრალდების წაყენებამდე დ.ნასყიდაშვილს ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში (ამჟამად დ.ნასყიდაშვილს ბრალი ედება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა- გადაზიდვაში).

შიდა ქართლის შს სამხარეო სამმართველოში მიყვანისას ნასყიდაშვილი თავდაპირველად მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში აიყვანეს, სადაც მოკლული ი.ვაშაკიძის ძმებისა და მეზობლების თანდასწრებით, პოლიციელებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მკვლელობაში დაადანაშაულეს. დავით ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ შეუძლია იმ მაღალჩინოსანი პოლიციელის ამოცნობა, ვის ოთახშიც მოხდა ეს ფაქტი.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა იმავე დღეს გორის რაიონის სოფელ ფხვენისში მოინახულეს მოკლულ ივანე ვაშაკიძის ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ დავით ნასყიდაშვილს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ივანე ვაშაკიძის მკვლელობის რაიმე მოტივი და მკვლელობაში ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. ვაშაკიძის ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე მიუთითებენ, კერძოდ:

თუ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, მაშინ ყაჩაღობისთვის ხელსაყრელი ადგილი იქნებოდა გზის ის მონაკვეთი, რაც ავტომობილმა გაიარა სოფელ ფხვენისიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე (გზა გადის მინდვრებზე და საავტომობილო მიმოსვლა ნაკლებია); მათთვის უცნობია, ამოღებულია თუ არა ავტომობილის სალონში გასროლილი ტყვიის მასრა, რომლის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს, მოხდა თუ არა გასროლა ფინანსური პოლიციის თანამშრომლების იარაღიდან; გარდაცვლილს ჭრილობა მიყენებული აქვს თავის არეში ბლაგვი საგნით (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით); გარდაცვლილის შარვალს ეტყობა თრევის კვალი და არის მტვერში ამოსვრილი; უცნობია გარდაცვლილის ქურთუკისა და ფეხსაცმელის ადგილსამყოფელი (თრევის კვალი მათზეც აისახებოდა); მანქანის პედლებზე არის სისხლის კვალი, მაშინ როცა გარდაცვლილის წინდები იყო სუფთა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, კანონის თანახმად, ინფორმაციის მოთხოვნით მიმართეს შიდა ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გამომძიებელ დ.სანთელაძეს, რომელმაც ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა და თავი აარიდა მათთან საუბარს.

სიმონ შოშიაშვილის საქმე
2006 წლის მაისში დაკავებული სიმონ შოშიაშვილი შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსს ზურაბ არსოშვილს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესი 14 მაისს ჩატარდა. თბილისელ სიმონ შოშიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა წარედგინა, რაც ითვალისწინებს 10 წლამდე პატიმრობას. პროცესზე შოშიაშვილმა კონკრეტული გვარები დაასახელა, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყველაზე მეტად შოშიაშვილი ფინანსური პოლიციის თანამშრომელს, ვინმე ნოდარ მელაძეს ასახელებდა.

საქმეში “თავისუფლების ინსტიტუტის” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გოცირიძე ჩაერთო. გოცირიძე შეხვდა დაკავებულს, გაესაუბრა და მის სხეულზე არსებული დაზიანებები ფოტოფირზე დააფიქსირა.

გიორგი გოცირიძე: „მე შევხვდი დაკავებულს. ამჟამად, ვერ ვიდავებ იმ ფაქტზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტს, მაგრამ უდავოა, რომ იგი ნაცემია. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება დაჟეჟილობები და სილურჯეები, რაც მკაცრი შეფასების საგანი უნდა გახდეს. აღნიშნულის თაობაზე მასალებს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მივაწვდი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”.

გიორგი გოცირიძესთან საუბარში დაკავებული სიმონ შოშიაშვილი აცხადებდა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას ფინანსური პოლიციის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა და თანამშრომელმა ნოდარ მელაძემ მიაყენა. შოშიაშვილი დეტალურად ყვება მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

ოფიციალური ინფორმაციით, სიმონ შოშიაშვილი ავტომანქანით ოსურ სოფელ ორჭოსანიდან მოძრაობდა. შოშიაშვილი სოფელ ნიგოზასთან დააკავეს.

სიმონ შოშიაშვილი: „გააჩერეს მანქანა, გაჩხრიკეს საბარგული, მაგრამ პოლიციის თანამშრომელმა ნოდარ მელაძემ დანანებით თქვა, რომ დროზე ვერ წაასწრეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გამომართვეს მანქანის გასაღები. ჩასხდნენ მანქანაში და წაიყვანეს. ავტეხე ყვირილი, სად მიგყავთ მანქანა-მეთქი. ამ ყვირილზე ფინანსური პოლიციის უფროსი არსოშვილი გადმოვიდა მანქანიდან და სახეში გამარტყა. წავიქეცი და ნოდარ მელაძემ განაგრძო ჩემი ცემა. მერე მოიყვანეს მანქანა და აღმოჩნდა, რომ ჩემს მანქანაში დიდი ოდენობით სიგარეტი ეწყო. სიგარეტი მათ ჩამიდეს”.

სიმონ შოშიაშვილი ადრე სწორედ 200-ე მუხლის ბრალდებით იყო დაკავებული. მას მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს, თუმცა ჯარიმა ბოლომდე არ ჰქონდა გადახდილი.

ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მისი უწყების თანამშრომლები იხსენებენ, რომ შოშიაშვილმა დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო. არსოშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბლოკნოტი, სადაც შოშიაშვილს იმ ოსი პიროვნებების ტელეფონის ნომრები ეწერა, ვისგანაც სიგარეტები მოჰქონდა. ამ ბლოკნოტს ფინანსური პოლიცია მყარ ნივთმტკიცებულად თვლის.

ნიკოლოზ ფოსურის საქმე
2006 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შიდა ქართლის შს სამხარეო სამმართველოს დროებით მოთავსების იზოლატორში დაკავებული ნიკოლოზ ფოსური მოინახულეს, რომელსაც სახის, ზურგისა და ქვემო კიდურების არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ. ფოსურის განცხადებით, 15 ივლისს, დაახლოებით დილის 8-9 საათზე მის საცხოვრებელ სახლში გორის რაიონის სოფელ ფლავში უცნობი პირები მივიდნენ. მან დაინახა, რომ მისული პირები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მის ოჯახის წევრებს _ დედას, დას და ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც წააქციეს. ნ. ფოსური მეუღლეს მიეშველა, მაგრამ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა იგი შეაკავეს და ცემა დაუწყეს, ბორკილები დაადეს და უფრო სასტიკად გააგრძელეს მისი ცემა. შემდეგ ნაცრისფერ „ოპელის” მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოში გადაიყვანეს.

ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში კვლავ განაგრძობდნენ ფოსურის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. როდესაც ნ.ფოსური ეკითხებოდა მათ, თუ რა იყო მისი დაკავების მიზეზი, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არ პასუხობდნენ და ფიზიკურ ძალადობას აგრძელებდნენ. ფინანსურ პოლიციაში მიყვანის შემდეგ, იგი სამმართველოს უფროსის ზურაბ არსოშვილის კაბინეტში შეიყვანეს. არსოშვილმა ფოსურს კონტრაბანდისტების ვინაობის დასახელება მოსთხოვა და სანაცვლოდ გათავისუფლებას დაპირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ მძიმე მუხლით გამოძიების დაწყებით დაემუქრა. ნ. ფოსურმა უარი განაცხადა შემოთავაზებულ წინადადებაზე, რის შემდეგაც იგი დაბლა ჩაიყვანეს, ბორკილებით გათბობის რადიატორს მიაბეს და ამ მდგომარეობაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ამყოფეს.

დროებით მოთავსების იზოლატორში ფოსური ცუდად გახდა, თვალთ დაუბნელდა, ჰქონდა ღებინების შეგრძნება. პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაკავებული გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან ერთი ღამე გაატარა და დილით კვლავ დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

ფოსურის მტკიცებით, მისი დაკავების დროს შემთხვევის ადგილზე ფინანსური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ზურაბ არსოშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა თავში და აიძულა, მანქანაში ჩამჯდარიყო. ნ.ფოსურმა განმარტა, რომ მისი ცემის ფაქტს სოფელ ფლავის მოსახლეობა შეესწრო;

ამა წლის 27 ივლისს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მომართა გორის რაიონის სოფელ ფლავის მოსახლეობამ. განცხადების თანახმად, მოსახლეობამ დაინახა როგორ სცემდნენ ნიკოლოზ ფოსურს, როგორ დააწყვეს მის ეზოში სიგარეტის ყუთები და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობის მიმართაც განახორციელეს ძალადობა, კერძოდ მიუშვირეს ავტომატი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფოსურის სანახავად მისულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა ალექსანდრე შალიაშვილმა დაკავებულისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შეწყვეტა მოსთხოვა, რადგან თავად უნდა გაეცნო ფოსურისათვის ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება, თუმცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა.

ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში, დაკავებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახეს. ფოსურის შემოწმების შედეგად სასწრაფოს ექიმის მითითებით, დაკავებული გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა აპარატის მიერ შესწავლილი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა, ხოლო დამატებით შემოსული მასალები (კერძოდ, მოსახლეობის განცხადებები) შიდა ქართლის საოლქო პროკურორს გადაუგზავნა.

დირბის საქმე
2006 წლის 17 თებერვალს, გორის რაიონის სოფელ დირბში ფინანსური პოლიციის სპეცრაზმმა დააკავა 10 პიროვნება - გივი მაზნიაშვილი, ლევან ტეტენაშვილი, თეიმურაზ ქუთათელაძე, მამუკა მუშკიაშვილი, ზურაბ კარენიძე, ზაურ ლაზარაშვილი, ვალერი ტეტუნაშვილი, ვალერი თეთრუაშვილი, ნიკოლოზ გულიაშვილი და ტრისტან მუშკიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ სპეც-დანიშნულების რაზმისთვის, ისინი სასტიკად იქნენ ნაცემი (იარაღის კონდახებით ურტყამდნენ თავისა და სახის არეში). მათ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის მე-200 (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება,შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) და 353-ე მუხლებით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ).

ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის წევრების მიერ დაკავებულთა მიმართ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. განსაკუთრებით გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრისტან მუშკიაშვილს, მას მხედველობა ცალ თვალში (ცემის შედეგად) მნიშვნელოვნად დაუქვეითდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ შეესწავლათ ზემოაღნიშნული საკითხი, ასევე გამოძიების დამთავრებამდე უფლებამოსილება შეჩერებოდათ ზემოხსენებულ ოპერაციაზე პასუხისმგებელ პირებს.