რატომ განაახლა ისრაელმა თავდასხმები ღაზაზე? 

რატომ განაახლა ისრაელმა თავდასხმები ღაზაზე? 

სამშაბათს, 18 მარტს, ისრაელმა ღაზას სექტორში დარტყმები განაახლა. ეს არის ისრაელის ყველაზე დიდი თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც 19 იანვრიდან ამოქმედდა. არაბული ქვეყნები ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, ხოლო მძევლების ნათესავები ამბობენ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაზე დარტყმების განახლების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მოლაპარაკებებმა ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მიაღწია და ჰამასმა შეაჩერა მძევლების ისრაელში გადაყვანა.

„ამიერიდან ისრაელი იმოქმედებს ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ძალაუფლების გაზრდით“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საომარი მოქმედებების განახლება ამერიკის ხელისუფლებასთან სრული კოორდინაციით მოხდა.

არის თუ არა ნეთანიაჰუს ინტერესებში კონფლიქტის გაგრძელება?

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა. ნეთანიაჰუს მთავრობამ მოლაპარაკებების მეორე ეტაპი საკმარისად სერიოზულად არ მიიღო“, -  წერს ისრაელის პრესა. პალესტინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ღაზას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მაჰმუდ აბუ ვატფა.

ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმების პირველ ფაზას, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა და 42 დღე უნდა გაგრძელებულიყო, ვადა 1 მარტს ამოიწურა. როგორც პალესტინის ეროვნული ინიციატივის ხელმძღვანელმა, მუსტაფა ბარგუტიმ BBC-ს განუცხადა, ბოლო 17 დღის განმავლობაში ღაზას სექტორი ვირტუალური ალყაში იყო: ისრაელმა ხელი შეუშალა ჰუმანიტარული დახმარების ხალხამდე მისვლას, მათ შორის საკვებისა და წყლის.

დონალდ ტრამპის როლი

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal, ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო ისრაელს განაახლოს დარტყმები ღაზას სექტორზე მას შემდეგ, რაც ჰამასმა ვერ გაათავისუფლა მძევლების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ღაზას სექტორზე დარტყმების განახლების შესახებ.

მძევლების ნათესავები ისრაელის ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

ისრაელის მძევლების ოჯახებმა გამოთქვეს შეშფოთება მათი ნათესავების და ახლობლების ბედთან დაკავშირებით. მძევლების ახლობლები დაჟინებით ითხოვენ შეხვედრას ნეთანიაჰუსთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან და ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელთან. ისინი ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდებიან, თუ როგორ აპირებენ მძევლების დაბრუნებას ღაზას სექტორში თავდასხმების გაგრძელების დროს. სამი ებრაელი მძევალი - ელი შარაბი, ოჰად ბენ ამი და ორ ლევი, შაბათს უნდა გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმის შედეგად აყვანილი 251 მძევლიდან, 58 კვლავ ღაზაში იმყოფება, მათ შორის 34 მძევალი დაიღუპა.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c5y90pj1wpgo