ბანკები არაფერს დაიკლებენ - კრედიტების გაძვირება დაიწყო!

ბანკები არაფერს დაიკლებენ - კრედიტების გაძვირება დაიწყო!

კრედიტების გაძვირება უკვე დაიწყო. საპროცენტო განაკვეთები ჯერ მხოლოდ იპოთეკურ სესხებზე გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ სხვა პროდუქტებზეც გაგრძელდეს.

საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობამ ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ამას ბანკების მენეჯმენტი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შეცვლას უკავშირებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, 3,75%-დან 4%-მდე გაიზარდა. ბანკირთა ინფორმაციით, ლარში იპოთეკური სესხის პროცენტი სწორედ რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად იანგარიშება და როცა ის იცვლება, იგი აისახება სესხის პროცენტზეც.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ადასტურებს, რომ კრედიტები გაძვირდება, მაგრამ ბევრით არა და ეს მომხმარებელს არ დააზარალებს. „როგორც იცით, რეფინანსირების განაკვეთმა 0,25%-ით აიწია და ბუნებრივია, იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე იყო მორგებული, შესაბამისად, მოხდა სახეცვლილება. ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულია.

შეიძლება, სამომავლოდ, რეფინანსირების განაკვეთმა დაიწიოს და ბუნებრივია, სესხებზე გადასახადიც დაიწევს. არცერთი მსესხებლისთვის, რომლის სესხები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს და ამაში შემაშფოთებელი არაფერია. ესაა უმნიშვნელო ცვლილება და სესხზე დიდ გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს. კი, რა თქმა უნდა, აიწევა, მაგრამ 0.25%-ით აწეული რეფინანსირების განაკვეთი, სესხებს ბევრით არ გააძვირებს“, - განაცხადა გვასალიამ.

სესხების გაძვირებას ადასტურებს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ გამყრელიძეც. „კლიენტებს, რომელტაც კონტრაქტში ედოთ და აღებული ჰქონდათ ისეთი სესხი, რომელიც მიბმული იყო რეფინანსირების განაკვეთზე, შესაბამისად, 0.25%-ით გაეზრდებათ გადასახადი“, - აღნიშნა მან. „საქართველოს ბანკში“ ამტკიცებენ, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ზუსტად იგივე მოცულობით, რა ცვლილებაც რეფინანსირების განაკვეთმა განიცადა.

ლარში იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა დაადასტურეს „თიბისი ბანკშიც“. მათი მტკიცებით, მომხმარებლები იმის შესახებ, რომ სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და მისი ცვლილების შემთხვევაში სესხის საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შეცვლილიყო, თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულნი. ეს ჩადებულია თავად მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.

„ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას არანაირი კავშირი არ აქვს ბაზარზე არსებული სასესხო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთებთან, გარდა ლარის ცვლად განაკვეთიანი იპოთეკური სესხისა. ეს პროდუქტი - ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხი ლარში - თავისთავად გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ყოველთვიურ ზრდას ან შემცირებას (თუმცა არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება)“, - განმარტავენ „თიბისი ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიუხედავად ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ გაუზრდია „ლიბერთი ბანკს“. როგორც ბანკში აცხადებენ, სებ-ის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთთან მიბმულ მათ პროდუქტებზე „არ ასახულა და უახლოეს მომავალში არ აისახება“.

„ინტერპრესნიუსს“ ბანკი „რესპუბლიკას“ რამდენიმე მომხმარებელიც დაუკავშირდა, რომელთა ინფორმაციითაც, ლარში აღებულ იპოთეკურ სესხზე მიმდინარე თვის შენატანი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით გადაიხადეს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც, რომლის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა უმნიშვნელოდ - 0.25%-ით. „რეფინანსირების განაკვეთზე მხოლოდ ერთი სესხია მიბმული და შესაბამისად, შესაძლოა, ეს სესხი 0.25%-ით გაძვირდეს“, - აღნიშნა ხადურმა.

არადა ზუსტად ეს მინისტრი რამდენიმე დღის წინ თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სესხების საპროცენტო განაკვეთებზე არანაირ, თუნდაც უმნიშვნელო გავლენას არ მოახდენდა. ამ დაუფიქრებელი განცხადების შემდეგ, ხადურმა დამოკიდებულება შეცვალა და თუ ამ ტემპით განვითარდა მოვლენები, შეიძლება, შეცვლა კიდევ მოუწიოს.