მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი პატიმრობა შესაძლოა, 2033 წლამდე გაგრძელდეს, მაგრამ ჯერ არ არის დამდგარი სასჯელი უმძიმეს დანაშაულზე, რასაც ჰქვია აგვისტოს ომის საქმეში მისი ბრალეულობა.
ამ ეტაპზე სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული და დასრულებული საქმეები, რის გამოც მას სასჯელთა შეკრებითობით, 12 წელი და 6 თვე მიესაჯა, შემდეგია: საზღვრის უკანონო კვეთა, ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელიც, სინამდვილეში, პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის საბიუჯეტო თანხების (9 024 367 ლარის) ჯგუფურად გაფლანგვაში გამოიხატა, სანდრო გირგვლიანის საქმე, რაც დამნაშავეთა შეწყალებასა და ვადაზე ადრე მათ გათავისუფლებაში გამოვლინდა, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და მისი სამაგალითო დასჯა, რაც ბრალდების მხარის თანახმად, სააკაშვილის უშუალო დავალებით განხორციელდა, 7 ნოემბრისა და „იმედის“ საქმე, რაც მომიტინგეთა მასობრივ დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას მოიცავდა.
ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ გული წყდება, რომ მის შვილს არ ეყო აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, კოსტავას მაგალითები, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს.
სხვაგვარად ფიქრობს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სააკაშვილის შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, საქართველოში შემოპარვამდე კი სააკაშვილი ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის აზრით, სააკაშვილი საქართველოში შემოპარვას ვერ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა.
ნაცები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად შეკერილია და ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.
„ხალხის ძალის“ წევრ დავით ქართველიშვილის აზრით, როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს. სწორედ ამიტომ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა მოიხადოს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას საინტერესო მოვლენა უძღოდა. კერძოდ, მოვლენათა გარკვეული ფონი იყო და იმ ფონზე ხელახლა დადგა სააკაშვილის თემა, ანუ როდესაც ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო, ამ უკანასკნელს კიდევ მიუმატეს წლები. მომავალშიც, თუკი რაღაც ანალოგიური მოხდება და უცხოელები სააკაშვილს ისევ გახდიან პოლიტიკისთვის აქტიურ ფიგურად, სავარაუდოა, რომ მის წინააღმდეგ გადადებული საქმეები ტყუილად გადადებული აღარ იქნება და გაიხსნება.
„დღესდღეობით სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში არ არის და სოციალურ ქსელებში ბევრს აქვს რეაქცია, რომ სააკაშვილი მის მიერვე შექმნილი რეჟიმის ციხეში უნდა ჩასვან და იქ მოიხადოს წლები, რაღა სასტუმროსნაირ პირობებში იხდის სასჯელსო. საზოგადოების აგრესია მის მიმართ არ კლებულობს. ვინც სააკაშვილზე გაბრაზებული იყო, ისევ გაბრაზებულია, ვადა არ გასდის მასზე ბრაზს. სამაგიეროდ, ვინც სააკაშვილის მომხრე იყო, მათი ინტონაცია ჩამქრალია. ამდენად, სააკაშვილის მომხრეობას, მე მგონი, ვადა გასდის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
დაემატება თუ არა სააკაშვილის ბრალდებებს აგვისტოს ომის დანაშაული, ამის შესახებ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს საკითხი გადატანილია უფრო შორეულ პერსპექტივაში. მართალია, საზოგადოების მეხსიერებაში სწორედ აგვისტოს ომია მკაფიოდ ჩარჩენილი, მაგრამ აგვისტოს ომის თემას თუკი წამოსწევ, იქ რუსეთი, როგორც მტერი, უნდა დაადანაშაულო და მტერთან თანამშრომლობის ბრალდება უნდა აღძრა სააკაშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ. ასე რომ, აგვისტოს ომი არ არის მხოლოდ საქართველოსა და სააკაშვილის თემა, ეს საერთაშორისო თემაცაა და, როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ერიდება რუსეთის ხელისუფლების წინ წითელი ნაჭრის აფრიალებას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ღვთისა და ქართველი ერის წინაშე, მთელი ცხოვრება საპატიმროებში უნდა გაატაროს. უპირველეს ყოვლისა, მან უღალატა იმ ფიცს, რომელიც პრეზიდენტობის დროს ღვთისა და ერის წინაშე ბიბლიაზე დადო, რომ იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს და კონსტიტუციის ერთგული. ყველაფერს თავი დავანებოთ, მან უარყო იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. ამის შემდეგ გაარღვია ის კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული საზღვრები გადმოკვეთა. მესამე და უმთავრესი, საქართველოში ფარულად შემოვიდა იმის გამო, რომ უნდოდა არეულობა, ხელისუფლებაში მოსვლა, საქართველოს ომში ჩართვა და ჩვენი ქვეყნის მიწისაგან პირისა აღგვა.
„ჩემი გადასახედიდან, სააკაშვილი სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, რომ მომავალში არავინ გაბედოს ისეთი საზიზღრობების კეთება, როგორიც სააკაშვილმა ჩაიდინა. რაც შეეხება გიული ალასანიას განცხადებას, რომ მის შვილს არ ეყო აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, კოსტავას მაგალითები, მაინც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაბარდა „ჯალათებს“, ასეთი შედარება შეიძლება შემდეგნაირად გადაკვალიფიცირდეს - სად ერეკლე და სად ალუბლის ბაღი. სააკაშვილის შედარება ამ ბუმბერაზ ადამიანებთან მათი ხსოვნის შეურაცხყოფაა. ფაქტობრივად, არაერთხელ იქნა აღიარებული თავად სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების (ლომჯარია, ბარამიძე, გვარამია, ბოკუჩავა) მხრიდანაც, რომ მას უნდოდა ეფექტის მოხდენა, სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის განადგურება, ამიტომ იძახდა, გამოდით ქუჩაშიო. ეს იყო წმინდა წყლის ბრიუსელის და არა მარტო ბრიუსელის დავალება, სააკაშვილს ჰყავდა მამები, ბაიდენის სახით, და ბრიუსელის მაშინდელი და დღევანდელი ევრობიუროკრატების მხრიდან“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.