„სააკაშვილი უნდა გამწესდეს ციხეში, არავითარი კომპრომისი! განაჩენი უნდა აღსრულდეს!“

„სააკაშვილი უნდა გამწესდეს ციხეში, არავითარი კომპრომისი! განაჩენი უნდა აღსრულდეს!“

თავად ამბობს, რომ ნამდვილი მზეთუნახავია, მაგრამ გიული ალასანიას შეფასებით მის შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მაგალითები, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა „ჯალათებს“. მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო სასჯელი იზრდება. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ექს-პრეზიდენტს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილს ახლა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა. საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. თუმცა, სასამართლოს ვერდიქტს 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი შეაფასა და კლინიკა „ვივამედიდან“ მიმართა ხელისუფლებას, რომ მათთვის საშიში იქნება როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც.

„ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას, გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას! ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ ერს. აჰა, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას თქვენ ვერ ჩაკლავთ! სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! წარმატებები, ჩემო მეგობრებო! ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. აბა, თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი დაინახა ადვოკატმა ბექა ბასილაია, რომლის განცხადებით, მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს. მისი თქმით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, იქამდე სასამართლო ფარსია და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში რა გააკეთა - საზღვრის კვეთაზე, ფაქტობრივად, მაქსიმალური მიუსაჯა, ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბევრი წელია მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია. ამიტომ აბსურდული და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, რადგან ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და შემდეგ რიგი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, ეს დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაულია და ამიტომ, მოსამართლეს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა, როგორც სასჯელის სრული, ასევე მისი ნაწილობრივი შეკრება.

„სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის უპრეცედენტო. მისი თქმით, ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე.

„მიხეილ სააკაშვილის საქმე არის უნიკალური „ქეისი“. მას პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი ებრძვის, რომ ის არ იხილონ თავისუფლებაზე, მისი ეშინიათ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული.

არის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორები, 2-3 კვირა აჩერებენ ადამიანს და შემდეგ ან დეპორტაციას აკეთებენ, ან ქვეყანას ატოვებინებენ ან იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო. ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი მიუღებელია უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს იმისთვის, რომ ის არ გასამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის იმ რედაქციით, რომელსაც მისი რეჟიმი მისივე სასტიკი მმართველობის წლებში იყენებდა.

„კერძოდ, 2013 წლის 17 აპრილს ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დასადგენი საბოლოო სასჯელი დაყრდნობოდა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპს, რაც გაუქმებული იყო სააკაშვილის მმართველობის წლებში და შეგახსენებთ, რომ მიშას „ნულოვან ტოლერანტობას“ მოჰყვა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ვადის 30 წლამდე დადგენა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 40 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმდროინდელი კოდექით სააკაშვილის გასამართლების შემთხვევაში დღეს 12 წელი და 6 თვე კი არ დადგებოდა ვადიანის სასჯელის სახით, არამედ, მინიმუმ, 23 წელი და ეს არის გასათვალისწინებელი, პირველ რიგში“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება თავად 17 მარტის განაჩენს, უფლებადამცველი აცხადებს, რომ სასამართლომ დაადგინა სრულიად კანონიერი სასჯელი სააკაშვილის მიმართ და იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით - განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ შეუკრიბა რა სასჯელები სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე დადგენილი 9-წლიანი სასჯელის ზომიდან და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დადგენილ სასჯელს 4 წელსა და 6 თვეს დაუმატა 8 წელი წინა განაჩენიდან.

„ჯამში, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ფორმად და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით, საიდანაც 2 წელიწადს ციხის საკნის ნაცვლად იხდის კერძო კლინიკა „ვივამედის“ ოროთახიან ლუქს-პალატაში, გარშემორტყმული მზრუნველი მედდებითა და ექთნებით, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, რაც თავის მხრივ სხვა პატიმრების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან წარმოშობს დისკრიმინაციას სოციალური ნიშნით და სასწრაფოდ გამოსასწორებელია. სააკაშვილი უნდა გამწესდეს ციხეში, განაჩენით გათვალისწინებული ვადით და არავითარი კომპრომისი! განაჩენი უნდა აღსრულდეს! გზაშია სხვა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც თავის რიგს ელიან სასამართლო განხილვებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მოსამართლემ კანონის შესაბამისად იმოქმედა. მისი თქმით, წლების უკან, როცა საქართველოში შეკრებითობის პრინციპი, შთანთქმის პრინციპმა შეცვალა, მოსამართლეებს შეკრებითობის პრინციპის გამოყენების დისკრეციული უფლება შეუნარჩუნდა. როგორც ჩიხელიძე აცხადებს, კანონი შეკრებითობის პრინციპის გამოყენებას კიდევ ერთ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ადამიანს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და ის ახალ დანაშაულს ჩაიდენს, არსებულ სასჯელს, ახლად ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი სასჯელი ემატება.

„სააკაშვილს 2018 წელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, (დაუსწრებლად) შესაბამისად, მან ახალი დანაშაული, საზღვრის კვეთა იმ დროს ჩაიდინა, როცა კონკრეტულ საქმეზე საბოლოო განაჩენი იქნა გამოტანილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება! სააკაშვილის მომხრეები, მის საქმეზე დამდგარი განაჩენის შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, ისინი ჩვეული დემაგოგიით, სასამართლოს დისკრედიტაციას და საზოგადოებაში არასწორი აღქმების დანერგვას ცდილობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

Aburjga Tasmanieli არავითარი ციხე! სააკაშვილმა საჯაროდ უნდა მოინანიოს, დაწეროს ხელწერილი რომ დატივებს საქართველოს და აღარ ექნება პოლიტიკური პრეტენზიები, ამ პირობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროპული ქვეყნების მთავრობებმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმნა, გერმანიამ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა! ასევე ამ ქვეყნებმა საქართველოს უნდა გადაუხადონ გირაო თითოეულმა 10 მილიონი დოლარი! ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი უნდა გაათავისუფლონ და ჩასვან თვითმფრინავში!
5 საათის უკან
Gami განსაკუთრებით "პრიბალტიკის" მთავრობებია სანდო.
3 საათის უკან