ნარკოპოლიტიკა მკაცრდება - რეალიზატორებს უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთმევათ და სახელმწიფოს გადაცემა

ნარკოპოლიტიკა მკაცრდება - რეალიზატორებს უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთმევათ და სახელმწიფოს გადაცემა

ხელისუფლება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას ამკაცრებს. კერძოდ, რეფორმა ცვლილებებს ერთდროულად რამდენიმე კანონში ითვალისწინებს და ის მკაცრდება ნარკომომხმარებლების მიმართაც. უკვე 1 ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 

რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხებია:

1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

გარდა ამისა, ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც. საერთო ჯამში შემუშავებულია 8 პროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში 14 მარტს დაიწყება.

მმართველ გუნდში გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის დადებით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას. ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გამკაცრება შეეხება აგრეთვე ნარკოტიკების გამსაღებლების პირად ქონებას, რომელიც ამ ბინძური საქმით დააგროვეს.

„ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რასაკვირველია, ლოიალურია სახელმწიფო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარება დაუკეტავს მათ გზას საჯარო სამსახურისკენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში“, - აცხადებს გია ვოლსკი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქ მთავარია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. აქვე მთავრობის მეთაური საუბრობს მთავარ პრობლემაზე და აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით, ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.

„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად.

ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი მარტივია - შეუწყნარებლობა გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, კობახიძე ამბობს, რომ არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერს რადიკალური ოპოზიცია და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავად გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. მაგალითად, „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე მმართველ გუნდს ურჩევს, ნარკოშემოწმება პირველმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გაიაროს.

თბილისის მერი მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნაკოლოგიური ტესტირება.

„საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს მზად ვარ, გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო.

რაც შეეხება რეფორმას, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვინდა რეფორმის განხორციელება, რითაც ადამიანებს დავეხმარებით, მივცემთ შესაძლებლობას, თუნდაც მაგალითად: ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ. ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, ამომრჩეველმა უბრალოდ არ იცის და ეს არის უცოდინარობაზე თამაში, რადგანაც ჩვენი ნარკოპოლიტიკა იმდენად მკაცრია, რომ მისი გამკაცრება უბრალოდ შეუძლებელია. იმ დანაშაულებზე, რაც ბატონმა მდინარაძემ თქვა, უკვე სამუდამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებული. რეალურად დარჩა ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელ-ფეხები დააჭრა და ისე გაუშვა, თორემ თუ შეგიძლია ჩასვა 8-დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო, არაფერი არ შეიცვლება“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ერთ-ერთია, რომელიც აცხადებს, რომ საერთოდ დიდი შეცდომა იყო ლიბერალურობა, თუმცა სააკაშვილის დროს იყო მკაცრი ნარკოპოლიტიკა, მაგრამ სიმკაცრემ უმძიმესი შედეგი დადო.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის უსაქმურობა, უმუშევრობა. თუკი არ იქნება სამუშაო ადგილები, სადაც დაკავდებიან ეს ადამიანები და მათ ექნებათ მოტივაცია რაღაცის მიმართ, მანამდე არანაირი გამკაცრება არ უშველის ამას. ბუნებრივია, არ მივესალმები ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას.

ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს ძალიან მკაცრი იყო ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ამან არ უშველა და, რა თქმა უნდა, რეალიზატორების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ისეთივე მკაცრია, როგორც თითოეული მოქალაქის, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს რიგით მომხმარებელზე, რომლებიც არიან დაავადებული.

რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის დიდი პრობლემა ის, რომ გვყავს ამდენი ნარკოდამოკიდებული, ასე ერთი ხელის მოსმით და კანონის გამკაცრებით ამ პრობლემას არ ეშველება. აუცილებელია ხელისუფლებამ შესთავაზოს სერვისი ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული კლინიკები, მაგრამ მკურნალობა არის ძალიან ძვირი და ბუნებრივია, ეს შესაძლებლობა არ გააჩნიათ ჩვენს თანამოქალაქეებს“, - აცხადებს ჭკადუა.

რაც შეეხება რეალიზატორებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, კანონი ახლაც ძალიან მკაცრია, ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებს უვადო თავისუფლებას, შესაბამისად, მისი თქმით, არანაირი გამკაცრება საჭირო არ არის.

„მოქმედი კანონმდებლობაც საკმაოდ მკაცრია რეალიზატორების მიმართ. მათ არ უკეთდებათ შეღავათები, საპროცესო შეთანხმებები, შესაბამისად 10-15 და 20 წელი არის პატიმრობა. კანონი საკამოდ მკაცრია და საუბარი იმაზე, რომ ოჯახის წევრებს და ნათესავებს ჩამოართვან ქონება, ასე მარტივი არ არის, მაშინ უნდა დაადასტურო მათი კავშირი უკანონო შემოსავლებთან, ან რეალიზაციასთან. ასე მარტივი არ არის და ეს იქნება კიდევ ერთხელ ბერკეტი სამართალდამცავების ხელში და შესაძლოა, გამოყენებული იქნეს არაკეთილსინდისიერად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მოქმედი რეადაქცია არის საკმაოდ მკაცრი და თუკი ამით ვებრძვით ნარკოპოლიტიკას, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ბრძოლის ის მეთოდი, რომელი ტაძართან მიგვიყვანს. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც უმძიმესი ნარკოპოლიტიკა იყო, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები და ჩვენ, ყველა ვებრძოდით ამას. ჩვენ თუ ვბრუნდებით იქ, საიდანაც გამოვედით, რაც ძალიან არ მოგვწონდა, არ არის ძალიან სწორი და მთლად გამართლებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად თვალს ხუჭავს უფრო დიდ პრობლემაზე, როგორიც არის ლუდომანია.

„ასევე, ძალიან დიდი უბედურება, რაც ამ ქვეყანაში მძვინვარებს და რამაც გაანადგურა ოჯახები, ეს არის ონლაინ სათამაშო ბიზნესი და კაზინოები. ძალიან ბევრმა ადამიანმა თავი მოიკლა. თუკი ხელისუფლება რეალურად ფიქრობს ადამიანებზე, მაშინ სასწრაფო წესით უნდა მოხდეს ამ ონლაინ კაზინოების აკრძალვა. სულ რომ მივაკვდე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს ეს ონლაინ კაზინოები. ხელმოწერებსაც შევაგროვებ, ყველას კარზე დავაკაკუნებ, იმიტომ რომ მე მყავს ძალიან ბევრი გაუბედურებული ოჯახი, დედა, დანგრეული ოჯახები ამ ონლაინ კაზინოების გამო“, - ამბობს ირმა ჭკადუა.