„ხუდონჰესის დილემა“- სპეციალისტების არგუმენტები

„ხუდონჰესის დილემა“- სპეციალისტების არგუმენტები

„ხუდონჰესის“ საკითხზე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მსჯელობა გრძელდება. „რედისონში“ გამართულ კონფერენციაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით განიხილეს. კონფერენციას მიწვეული სტუმრების გარდა საკითხით დაინტერესებული პირებიც დაესწრნენ.

პროექტის მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტებზე პრეზენტაცია ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ გამართა, უსაფრთხოების თემაზე კი თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ ისაუბრა. თავდგირიძე „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში უსფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მესტიაში ერთი ქვეითი ბატალიონი მუდმივად უნდა იყოს.

კონფერენციაზე „ხუდონჰესის“ პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის საკმაოდ ცხარე კამათი გაიმართა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები აქცენტს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ეკონომიკის განვითარებაზე აკეთებენ, მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელება არ ღირს, რადგან მას ეკონომიკურ სარგებელზე მეტად ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შექმნა შეუძლია.

ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ „ხუდონჰესის“ პროექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა ენერგოპოლიტიკის ახალი დოქტრინა გამოაქვეყნა.

„დღეს საქართველოს არ აქვს საკმარისი ელექტროენერგია, გარკვეულ პერიოდებში იმპორტსაც ახორციელებს, ათვისებულია ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%, ამიტომ ამ პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ ამას არ გამოვიყენებთ, იგივე იქნება, აზერბაიჯანმა რომ უარი თქვას ნავთობის გამოყენებაზე.

რა თქმა უნდა, აქ არის გარემოსდაცვითი საკითხები, ეკოლოგიური საკითხები, სოციალური ფაქტორები. თუ თემას პოლიტიკურ კონტექსტს მოვაცილებთ და სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფები დაეხსნებიან ამ საკითხს, ვფიქრობ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის პრობლემა არ იქნება,“- განუცხადა for.ge-ს ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, „ხუდონჰესის“ პროექტზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს და ამით ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას შეუწყოს ხელი.

ეკონომიკის დოქტორი, „გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ქართული ცენტრის“ წარმომადგენელი დავით ადეიშვილი კი „ხუდონჰესის“ პროექტს მდგრადი განვითარების კუთხით განიხილავს და აცხადებს, რომ პროექტი მაშინაა გამართლებული, თუ ის სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორების კვეთაზეა დაფუძნებული.

„ძალიან თვალნათელია სოციალური პრობლემები - საუკუნეების განმავლობაში არსებული სოციუმი უნდა დაიშალოს, ფაქტობრივად, განადგურდეს, რადგან გადასახლება სულ სხვა შედეგებს იწვევს. უკვე დარღვეულია ადამიანის უფლებები, გაურკვეველია, რა კომპენსაციას მისცემენ ადგილობრივებს, სად გადაასახლებენ.

პროექტს დასჭირდება 1500 ჰექტარი რაც საქართველოს ტერიტორიისთვის არცთუ მცირე ნაწილია, მითუმეტეს, ამ რეგიონისთვის, იქ არის ტყე, საძოვრები, სახნავი და რა თქმა უნდა, კარმიდამოები სოფლის ინფრასტრუქტურით. ზიანდება ეკოსერვისები, რასაც მდინარე, ტყე წარმოშობს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს - მისი ღირებულება საქართველოს ენერგეტიკისთვის არის მიზერი. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ 134 მილიონ კილოვატსაათის ენერგიას მიაწვდის საქართველოს ენერგეტიკას, დანარჩენს თავად გაყიდის. 134 მილიონი კოლოვატსაათი საქართველოში ზამთრის პერიოდში მხოლოდ 4 დღის მოხმარებას შეადგენს. დღევანდელი ღირებულებით, პროექტი, საშუალოდ, ბიუჯეტისთვის წელიწადში 30 მილიონ ლარზე ნაკლებს იძლევა, რაც, დაახლოებით, ორი მცირე საწარმოს შემოსავალს უდრის“, - განმარტავს for.ge-სთან დავით ადეიშვილი.

პოეტი ერეკლე საღლიანი კი აქცენტს „ხუდონჰესის“ ალტერნატივებზე აკეთებს. საღლიანი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ სვანეთში რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ჰესი აშენდება.

„შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა ისე, რომ სოფლები არ ავყაროთ და სალოცავები არ ჩავძიროთ. ენერგიას, რომელსაც ხუდონჰესი გამოიმუშავებს, მე როგორც ვიცი, 4-5 „ლაჯანურჰესისხელა“ ჰესია საჭირო, რომ ეს ენერგია მივიღოთ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. უნდა აღდგეს ნდობა მოსახლეობას, ენერგეტიკოსებსა და ინვესტორს შორის. ნუ ვიქნებით გამობმული ერთ ინვესტორზე.

დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ ისე, რომ არც ერთი სოფელი არ ჩავძიროთ, აშენდეს რამდენიმე ჰესი თუნდაც, მივდივართ ამ მსხვერპლზე სვანები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. მაგრამ სვანეთს წყალქვეშ ვერავის ჩავაძირინებთ, იმიტომ, რომ უსვანეთო საქართველო საქართველო აღარ არის“, - აცხადებს ერეკლე საღლიანი.

მისივე თქმით, უნდა დაზუსტდეს „ხუდონჰესის“ პროექტის ფინანსური მხარე და გამჭვირვალე უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველო და სვანეთის მცხოვრებლები.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ წარმომადგენელი ლევან კალანდაძე კი განმარტავს, რომ „ხუდონჰესის“ პროექტის ფინანსური ნაწილი საერთაშორისო ჯგუფის მიერ არის მომზადებული და ყველა დეტალი სათანადოდ არის გაწერილი.

„ყველა ფინანსური დეტალი არის გაწერილი, მაგრამ ეს არის პროექტის საიდუმლო ნაწილი, შესაბამისად, არც ერთ გარეშე პირს არ მიუწვდება ხელი ამ დოკუმენტზე ინვესტორისა და სახელმწიფოს გარდა. პროექტის გარკვეული ნაწილი, რაც ბიუჯეტს ეხება, გასაჯაროებულია. ფინანსური საკითხები კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების გაანგარიშებულია და მე პირადად არავითარი საფუძველი არ მაქვს, რამე ტიპის ეჭვი შევიტანო ფინანსური კვლევის ნაწილში“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ „ხუდონჰესის“ პროექტზე მსგავსი ტიპის კონფერენციებს მომავალშიც გეგმავს.