მძიმე მრეწველობაში უმძიმესი ვითარებაა

მძიმე მრეწველობაში უმძიმესი ვითარებაა

ჭიათურასა და კაზრეთში გაფიცვამ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ეს უკვე აღარ არის რამდენიმე ათეული მუშის პროტესტი. ვითარება უკიდურესად დაძაბულია და პრობლემის გადაჭრის გზა არც კი გამოძებნილა.

კაზრეთში მოშიმშილეთა რიცხვი გაიზარდა. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე და „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ლორთქიფანიძემ და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა „RMG ჯგუფის” საწარმოებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნენ.

კახა კუკავას განცხადებით, ის ეკონომიკის მინისტრს შეხვდება და პირველ რიგში, ხელფასების გაზრდისა და ადმინისტრაციის გადააყენების საკითხს დააყენებს.

„აუცილებელია, რომ საწარმოში ხელფასებზე ზღვრული ნორმა დაწესდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ხელმძღვანელს მუშაზე სამჯერ ან ოთხჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ოცჯერ მეტი დაუშვებელია. ეს საწარმო ქვეყნის სიმდიდრეა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები თუ არ შესრულდება, შესაძლოა, მინისტრის წინაშე ინვესტორთან ტენდერის გადასინჯვის საკითხიც დაავყენო“, - განაცხადა კუკავამ.

გუშინდელი აქცია უფრო მასშტაბური იყო. „RMG ჯგუფის“ საწარმოების შესასვლელთან 1000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რვა მოშიმშილეს კიდევ ორი შეუერთდა და მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც იღებენ. უკვე მესამე დღეა, რაც კაზრეთის ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია.

არანაკლებ დაძაბული ვითარებაა ჭიათურაში, სადაც სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლების აქცია გრძელდება. 3500 თანამშრომლიდან 1500 გაფიცულია.

გაფიცვის მესამე დღეს მაღაროელები საწარმოს ადმინისტრაციას სრული ხელფასის დარიცხვას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციამ ხელფასი სრულად არ დაურიგა, მიზეზად კი გეგმის შეუსრულებლობა დაასახელა. მაღაროელები ამტკიცებენ, რომ გეგმა საწარმოს მხრიდან დაუდევრობის გამო ვერ შეასრულეს. პარალელურად აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდასაც ითხოვენ და საწარმოს ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გაფიცულები სამუშაო პიროებების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. მათი თქმით, მაღაროში არ არსებობს ჰიგიენის პირობები, ხოლო ტექნიკა მოძველებული და მწყობრიდან გამოსულია.

მაღაროელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი მერაბ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მოთხოვნები ბევრია, მაგრამ შემსრულებელი არავინ ჩანს.

„გამართული არ არის დანადგარები, მეტროქსელები, რის გამოც უსაფრთხოების ნორმები, რა თქმა უნდა, ირღვევა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოგვარებულია ყველაფერიო. თურმე მართლა იდეალურ მდგომარეობაში ყოფილა „ჭიათურმანგანუმი“. აწყობილი გვქონია საქმე და ვერ მივხვდარვართ.

პირველ რიგში, ხელფასის გაზრდას ვითხოვთ. მაღაროელების უმრავლესობას 500 ლარი ან ამაზე ნაკლები აქვს და აქ რა კომენტარი უნდა გავაკეთო? კიდევ გიმეორებთ, საქმე ეხება მძიმე მრეწველობას და არა შოკოლადის ქარხანას. მაპატიოს ყველამ, არავის მუშაობას არ ვაკნინებ და შეურაცხყოფასაც არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენ მაღაროელებს, სიცოცხლის ფასად გვიწევს უმძიმეს პირობებში მუშაობა და კიდევ მიზერული ხელფასი და ისიც დაკლებული?“ - კითხულობს მერაბ ჩინჩალაძე.

ჭიათურის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ ნოზაძე ადასტურებს, რომ ხელფასების დაკლება პროდუქციის წარმოების გეგმის შეუსრულებლობას მოჰყვა.

„საქმე ისაა, რომ იმათაც დააკლეს ხელფასი ვის მუშაობაზეც გეგმის შესრულება არ იყო დამოკიდებული. აი, მაგალითად, ფაბრიკები, რომლებიც ამდიდრებენ მანგანუმს. ისინი მუშაობენ სამივე ცვლაში, მზად არიან გარეცხონ მანგანუმი, მაგრამ თუ არ მოვიდა ეს მანგანუმი, რას გარეცხავენ? ნედლეული რომ არ იქნა გამოღებული, თავისთავად ესენიც გაჩერდნენ და რატომღაც ხელფასიც შეუმცირდათ. არადა, ხელფასს რომ ელოდები 300 ლარს და ამ დროს 180 ლარს მიიღებ, უკმაყოფილება იქნება“, - ამბობს ჯამბულ ნოზაძე.

მაღაროელთა მოთხოვნებს საწარმოს ადმინისტრაცია გამოეხმაურა. საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაკა კვარაცხელიას თქმით, მაღაროელების ხელფასის დაკლება გეგმის შეუსრულებლობის გამო მოხდა. გეგმის შეუსრულებლობა კი როგორც კვარაცხელია ამბობს, რიგ შემთხვევაში მაღაროელების, რიგ შემთხვევაში კი საწარმოს მიზეზით მოხდა. რაც შეეხება ბრალდებას, სამუშაო პირობების არარსებობის შესახებ, საწარმოს პრიორიტეტი გადაიარაღებაა, რისთვისაც ახალი ტექნიკის შემოყვანა ეტაპობრივად ხდება.

ჯერჯერობით არც ერთი მომპოვებულ საწარმოში გაფიცვის მოგვარების წინაპირობა არ ჩანს. პროტესტი კი სულ უფრო მწვავე ფორმას იღებს.