მეცხვარეები საძოვრებზე გადასახადის დაწევას ითხოვენ. წინა ხელისუფლების პირობებში გადასახადი, უარგუმენტოდ 500%-ით გაძვირდა. პრობლემაა მკვდარი საქონლის ჩამოწერის საკითხიც, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დღგ-სგან გათავისუფლება და სხვა ტიპის გადასახადები, რომელიც მესაქონელობის განვითარებას ძლიერ ამუხრუჭებს.
ეს საკითხები საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის დროსაც დააყენა, რაზეც ნოდარ ხადურისგან პასუხი მიიღო, რომ ის შეხვდება ამ დარგში დაკავებული ბიზნესის წარმომადგენლებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
„ანალოგიურად გაიზარდა სახნავ-სათესი მიწების ფასები და შესაბამისად ამან პრობლემა შეგვიქმნა თვითონ საქონლის თვითღირებულებაში. მიწის გადასახადი ადრე იყო 3 ლარი და შემდგომ გახდა 15-16 ლარი, რაიონების მიხედვით. იგივე გადასახადი დედოფლისწყაროში არის 7 ლარი, ახმეტაში - 5 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარია, საგარეჯოში კი - 18 ლარი. არ არსებობს არანაირი გათვლა, თუ რატომ და რის საფუძველზე მოხდა გადასახადის გაზრდა“, - განმარტავს გონაშვილი.
მისი განმარტებით, თუ საჭირო იქნება ბიზნესი მეტსაც გადაიხდის, თუკი გადასახადის ოდენობა იქნება არგუმენტირებული.
„ჯერ ვიღაცამ დათვალოს, კვლევა ჩაატაროს და მოხდეს დასაბუთება, თუ რატომაა ამხელა გადასახადი. გადასახადები რაიონების მიხედვითაა შემოღებული. ამავე დროს რაიონებში შესაძლოა სხვადასხვა ტერიტორია იყოს მიწის ნაყოფიერების თვალსაზრისით. არის მიწები სადაც მეტი მოსავალი მოდის, რადგან მეტი ხარისხია და არის მიწები სადაც ნაკლები მოსავალი მოდის. ასეთ შემთხვევაში ეს მიწები ერთი და იგივე ფასით რატომ უნდა იბეგრებოდეს? ეს უნდა შეიცლაოს. სადაც გაზრდა იქნება საჭირო კი ბატონო გაიზარდოს, მაგრამ იყოს ყველაფერი დასაბუთებლი.
როდესაც საშემოსავლო გადასახადს იხდი, სახელმწიფოსგან რამე სერვისს იღებ. ჩვენ არანაირ სერვისს არ ვიღებთ. მე მეტ გადასახადს ვიხდი და აღარ მრჩება იმის საშუალება, რომ მეც მოვუარო ჩემს საძოვარსა და ჩემს ფერმას“, - განმარტავს გონაშვილი.
კონკრეტულად რა ფისკალურ დანაკლისს მიღებს სახელმწიფო საძოვრებზე გადასახადის შემცირებით, უცნობია, თუმცა გონაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველდღიური გადასახადი 22,7 მლნ ლარს შეადგენს.
მეცხვარეები მკვდარ საქონელზე გადასახადის გაუქმებასაც ითხოვენ. მისი ჩამოწერისათვის ფერმერს ზედმეტი გადასახადის გადახდა უწევს.
„ცოცხალი პირუტყვი - ცხვარი რომ მოკვდეს, მოგიწევთ 20 ლარის გადახდა. თქვენ უნდა დარეკოთ შემოსავლების სამსახურში, მოვიდეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი და მოხდეს მკვდარი საქონლის ჩამოწერა. ანუ საქონელი უკვე მკვდარია, მაგრამ თუ არ ჩამოწერეს ის გეთვლებათ თქვენ შემოსავალში. პირუტყვი, რომ მოკვდა მე ხომ უკვე ზარალი ვნახე და კიდევ დამატებითი გადასახადი უნდა ვიხადო? თან ეს თანხა იანგარიშება იმ ფასიდან, თითქოს მე ის ყველაზე ძვირად გამიყიდია.
როდესაც საუბარია ქვეყანაში კოოპერატივების განვითარებაზე, კოოპერატივები ვერ განვითარდება, ისე თუ ელემენტარული ბუღალტერია არ აწარმოე. როგორც კი ბუღალტერიის წარმოებას დაიწყებ, პრობლემა ეგრევე დადგება. მოგიკვდება ცხვარი და ამისათვის დამატებითი გადასახადი უნდა იხადო.
ერთ-ერთ შპს-ს ბალანსზე არსებული 2000 სული ცხვარი მოუკვდა და იმისათვის, რომ ეს მკვდარი პირუტყვი ჩამოეწერათ, მასში 45 ათასი ლარი გადაიხადა“, - აცხადებს გონაშვილი.
მხოლოდ მეცხვარეები საქართველოდან ყოველწლიურად 16 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ასევე ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით 45-50 მლნ დოლარის მსხვილფეხა პირუტყვი გადის. ამ მხრივ საკმაოდ დიდი მატერიალური დოვლათი იქმნება, მაგრამ ამის შესახებ თითქმის არავისთვის არ არის ცნობილი. წახალისების ნაცვლად, დარგს სერიოზული პრობლემები აქვს. ეს, ძირითადად, გადასახადებს უკავშირდება.
სოფლის მეურნეობის დარგში დაკავებული ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დღგ-ს გადასახადისგან განთავისუფლებას ან მის შემცირებას ითხოვენ. თუკი ხელისუფლება დათმობაზე წავა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტს დღგ-სგან გაათავისუფლებს, ტექნიკა ადგილზე იაფი იქნება და იმავდროულად მასზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.
„ეს თემა პირდაპირ მეცხვარეობის განვითარებას არ ეხება, მაგრამ ირიბად ეხება. გეტყვით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც საქართველოში შემოდის ჩვეულ რეჟიმში იბეგრება, ანუ საბაჟო და დღგ-ს გადასახადებით. ანუ საქართველოში 10000-დოლარიანი ტრაქტორი რომ იყიდოთ, თქვენ 3200 დოლარი უკვე ამ გადასახადებში გაქვთ გადახდილი. ამით ჩვენ ხომ ადგილობრივ წარმოებას არ ვიცავთ? ამით მხოლოდ ბიუჯეტს ვავსებთ და მხოლოდ ბიუჯეტის შესავსებად არც იმდენი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი არ ხდება ქვეყანაში, რომ ამ ყველაფერმა ბიუჯეტს პირდაპირ დაარტყას.
ჩვენი სურვილია, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ამ გადასახადისგან განთავისუფლდეს ან დაიკლოს. ამით საშუალება გვექნება იმისა, რომ ფერმერებმა თვითონ გამოცვალონ და შეიძინონ ახალი ტექნიკა. ეს ყველაფერი კი ცხადია ტექნიკაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და შესაბამისად პროდუქციის წარმოებაც უფრო იაფი დაჯდება.
ჩვენ დღეს კონკურენცია როგორ უნდა გავუწიოთ, ვთქვათ, აზერბაიჯანს, რომელსაც დიზელი აქვს კაპიკებში და ჩვენ კიდე 2 ლარს ვიხდით. ჩვენ ხომ შეგვიძლია სხვა რაღაცაში დავზოგოთ ჩვენი ხარჯები და სხვა მიმართულებით გავხადოთ ჩვენი წარმოება ეფექტური“, - განმარტავს გონაშვილი.