"მთავრობაშიც გვყავს დღეს გონიერი ხალხი და მიხეილ სააკაშვილს თუ არ დააბრუნებენ, იქნებ იმდენს მაინც მიხვდნენ, რომ ჭორაობას და ადვოკატების დაჭერას თავი დაანებონ"- ამბობს ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა...
- გახსოვთ, მე ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდით, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო რანგის პოლიტიკოსია-მეთქი?!. ვერ წარმოიდგენთ, რა გახარებული ვარ, როცა ვხედავ, რომ საზღვარგარეთ მას უზარმაზარი დაფასება აქვს. იმ დროს, როდესაც ქართული საზოგადოება მას სათანადოდ ვერ მიაგებს პატივს, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მოხიბლული არიან მისი გონებით, მისი აზროვნებით. იმდენად მაღალ საფეხურზე აყენებე,ნ რომ ხომ ხედავთ, თითქოს მიანდეს კიდეც რევოლუციის დამთავრება უკრაინაში. მე ვარ უაღრესად გახარებული და თქვენც ასე უნდა იყოთ წესით ყველა! ხომ ხედავთ, ყველაფერი დაუფასდა რაც კი ჩემი სამშობლოსთვის გააკეთა. ამით დაიმსახურა მან ისეთი პატივისცემა, როგორიც ვერავინ შეძლო... ამ დროს ჩვენ საქართველოში მხოლოდ დაჭერებზე ვართ გადასული. აუცილებლად უნდა მოიშალოს ეს საზიზღარი თვისება! ამ დაჭერებით გავყავით ხუთად საქართველო და ვიყოთ ასე.. რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკას ისევ ჰაერივით ჭირდება მიხეილ სააკაშვილი. არა მგონია, ისეთი უგუნურები იყვნენ დღეს მთავრობაში რომ ამდენს ვერ მიხვდნენ. დღევანდელ მთავრობაშიც გვყავს გონიერი ხალხი და მიხეილ სააკაშვილს თუ არ დააბრუნებენ, იქნებ იმას მაინც მიხვდნენ, რომ ჭორაობას და ადვოკატების დაჭერას თავი დაანებონ.
- არ მოგწონთ დღევანდელი მთავრობა?
- მე უკვე ძალიან დავიღალე ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებებით. მეტისმეტად ვწუხვარ, ასეთი დაუწყნარებელი რომ გახდა ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ იმ დიდი თავისუფლებისთვის, რასაც ლიბერალური დემოკრატია ქვია, ჩვენი სამშობლო მზად არ არის. ნახეთ გაზეთებში რა იწერება, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს... მე მაგალითად სხვანაირად მოვიქცეოდი. თუ ქვეყანას ჩამაბარებდნენ, ჩავთვლიდი, რომ ბევრი რამაა წინა მთავრობის მიერ გაკეთებული და ბევრიც დაშავებული. ამიტომაც დაჭერობანას და ჩხრეკას კი არ დავიწყებდი, არამედ ისე მოვიქცეოდი, რომ იმათზე უკეთესი სახელი დამეტოვებინა.
- სამართლიანობა არ უნდა აღდგეს?
- დღევანდელ მთავრობასაც იგივე მოელის, როცა შეცდომებზე გამოკიდებას დაუწყებენ. ყველას აქვს პატარა დანაშაულები. ყველას აქვს რაღაც მოუსვენრობა, რამე გააკეთოს და სწორედ მაშინ უშვებს შეცდომებს. ნუ გადავყვებით ყველა შეცდომას. ხალხი დაიღალა! დაიღალა ჩემი საწყალი ერი. ეს ძლიერი სულის ხალხი დაეცა. არავითარი სულიერება აღარ არსებობს! ჭორაობას თავი უნდა დავანებოთ! ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ, იმიტომ რომ ქართველები ვართ ყველა და ყველა დანაშაული ჩვენივე ჩადენილია. ეს იმით უნდა გადავფაროთ, რომ კარგად მოვიქცეთ და სიკეთე ვთესოთ. მე რომ მშიერ ხალხს ვხედავ, გული მიკვდება. მწყინს, რომ არ ვარ მდიდარი და ქველმოქმედება არ შემიძლია. მიკვირს, ასე გულგრილად როგორ უყურებენ ჩვენი მდიდარი ბიზნესმენები გასაცოდავებულ ხალხს... მოსაგვარებელია ქვეყანა და აშკარაა, რომ ჯერ ვერ მოგვარდა.
- მომავლის იმედი სულ არ გაქვთ?
- ჯერჯერობით რა მოგახსენოთ.. ქვეყანა სიკეთისკენ არ მიდის. ირგვლივ რომ ვხედავ არაფერია აყვავებული და არც დანაპირები შესრულებულა. მიშამ რა შეცდომებიც ჩაიდინა, ეს შეცდომები ხდება იმ დროს, როცა გინდა რაღაც გააკეთო. Aადამიანი ბევრ საქმეს რომ აკეთებ, აუცილებლად შეცდომას დაუშვებ! მაგრამ ამ შეცდომებზე ააგო ახალმა მოსულმა მთავრობამ შენი მომავალი, ეს ვფიქრობ სისუსტე უფრო არის. ძლიერი უნდა იყო, მშენებლობა დაიწყო და წინა მთავრობას აჯობო აღმშენებლობით! ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, გონიერი ჩანს, მადლობა ღმერთს, აგერ აქვს ბურთი და მოედანი... გააკეთონ კარგი საქმე და რა აჯობებს?! მართლა კი არ გადავყვებით საქართველო და ქართველი ხალხი მიხეილ საკაშვილს! მიშამ რაც გააკეთა, კარგად ვიცით და ახლა ახალმა მთავრობამ დამანახოს, რას აკეთებს. წინ ბევრი საქმე აქვს ჩემს საწყალ, მშიერ ერს. ბევრია მოსათმენი და ბევრი გასაკეთებელი.