მიქაელ ბოტკოველი: „უხრწნელობა არ არის წმინდანობის ერთადერთი მტკიცებულება“

მიქაელ ბოტკოველი: „უხრწნელობა არ არის წმინდანობის ერთადერთი მტკიცებულება“

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მომლოცველთა ნაკადი მცხეთის შემდეგ თბილისშიც არ წყდება. სამების საკათედრო ტაძარში წმინდანის ნეშტი 24 თებერვალს გადმოაბრძანეს და მორწმუნეებს ტაძარში მისვლა მთელი კვირა დღე-ღამის განმავლობაში შეუზღუდავად შეუძლიათ.

მამა გაბრიელის საფლავის გახსნამ ქართველი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე კრიტიკულმა მოსაზრებებმაც იმატა და წმინდანის საფლავიდან ამოსვენების საკითხი ერთგვარი ქილიკის საგანიც გახდა. კრიტიკოსთა ნაწილი საქართველოში ნეკროფილიის აქტუალობაზე საუბრობს, ნაწილი, ფიქრობს, რომ წმინდანების და წმინდა ნაწილების გადაჭრაბებული თაყვანისცემა წარმართობის ნიშნებს შეიცავს. პოლიტოლოგი გია ნოდია კი მამა გაბრიელის საფლავის გახსნას საპატრიარქოს ბიზნესინტერესებს უკავშირებს.

„მესმის, რომ დედა პარასკევას ბიზნესი აახია საპატრიარქომ, სავსებით გასაგები მოტივია. მაგრამ რაღაც ოფიციალური და პოლიტკორექტული განმარტება არსებობს, რატომ ამოთხარეს ის კაცი საფლავიდან და ქვეყნის საღადაო გახადეს (ქვეყნის შედარებით რაციონალურ ნაწილს ვგულისმობ)?“ - დაწერა ნოდიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

For.ge შეეცადა საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები საპატრიარქოსგან და საკითხის სპეციალისტებისგან მიეღო.

საქართველოს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი განმარტავს, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, როცა საფლავის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღეს. მისივე განცხადებით, სხდომაზე სპეციალური ოქმი შედგა, რომელშიც ჩაიწერა, რომ მამა გაბრიელის საფლავი უნდა გახსნილიყო და წმინდანად შერაცხული ბერი ტაძარში გადაესვენებინათ.

 „წმინდანების საფლავების გახსნის პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია, იგივე, საბერძნეთის ეკლესიაში. ვისაც უმოგზაურია ამ ქვეყანაში, იცის, რომ წმინდანის ნაწილებს ამოაბრძანებენ ხოლმე და მასზე მთხვევის საშუალება ყველას ეძლევა. ამიტომაც გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავი, ასევე გაიხსნა ბეთანიელი მამების საფლავებიც. მამა გაბრიელს ჰქონდა აღთქმად დატოვებული, რომ მისი საფლავის გახსნამდე, უწინარესად უნდა გახსნილიყო ბეთანიელი მამების საფლავი“, - განუცხადა for.ge-ს მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივანი ჩვენთან საუბარში მამა გაბრიელის სხეულის გახრწნის საკითხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სხეულის უხრწნელობა წმინდანობისთვის აუცილებელი პირობა არასდროს ყოფილა.

„ვფიქრობ, საზოგადოების მოლოდინი გადაჭარბებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ ვართ ამ აზრის ინიციატორები, რომ წმინდანის ნეშტი მაინცდამაინც გაუხრწნელი უნდა ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, არც საყოველთაოდ მიღებული ნორმაა. უფრო მეტი შემთხვევაა, როცა ჩვეულებრივ არის გახრწნილი წმინდანის ნეშტი და მხოლოდ წმინდა ნაწილების ანუ ძვლების ამოსვენება ხდება. არის ერთეული შემთხვევები, როცა გვამი არის უხრწნელი. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს ჩვენ. საქართველოში არ გვაქვს ეს პრაქტიკა, მაგრამ საბერძნეთში, ათონის მთაზე და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში არის მსგავსი პრეცედენტები. საზოგადოებაში არსებობდა აზრი, რომ მაინცდამაინც უხრწნელი უნდა ყოფილიყო მამა გაბრიელის ნეშტი და როდესაც აღმოჩნდა, რომ გახრწნილია და ჩვეულებრივ წმინდა ნაწილები არის იქ, ეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. მინდა, დავამშვიდო ყველა, რომ უხრწნელება არ არის წმინდანობის ერთადერთი მტკიცებულება. წმინდანობას კანონიზაცია განსაზღვრავს და არა ის, რა მდგომარეობაშია ნეშტი“, - აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

მისივე თქმით, ამა თუ იმ საერო და სასულიერო პირის წმინდანობის თაობაზე გადაწყვეტილებას ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, სინოდი იღებს და ეკლესიურმა ადამიანებმა სინოდის ამ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ უნდა შეიტანონ.

„თუ ჩვენ იერარქიას ვენდობით და ვემორჩილებით, უნდა მივიღოთ, რომ უმაღლესი სათათბიროს გადაწყვეტილება არის ყველასთვის გასაზიარებელი“, - აცხადებს პატრიარქის მდივანი და აღნიშნავს, რომ სინოდის გადაწყვეტილება, თავის მხრივ, წმინდანად შერაცხული პირის სახელთან დაკავშირებულ სასწაულებს ეფუძნება და მამა გაბრიელის მიმართ მოსახლეობის სიახლოვეც იმით აიხსნება, რომ მის საფლავზე რწმენით მისული ბევრი ადამიანი განიკურნა.

რელიგიათმცოდნეები კი წმინდანებად შერაცხული ადამიანების საფლავების გახსნის და წმინდა ნაწილების თაყვანისცემის უძველეს ტრადიციებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი მაგალითები ძველ და ახალ აღთქმაში საკმაოდ მრავლადაა.

„ცნობილი მაგალითია ძველ აღთქმაში ნახსენები ამბავი: როდესაც ერთ კაცს მარხავდნენ, დაინახეს უცნობი მოთარეშენი და ეს კაცი ერთ-ერთ სამარხში დადეს, იმ სამარხში იყო დაკრძალული წინასწარმეტყველი ელისე, როგორც კი შეეხო დასამარხი კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. ახალ აღთქმაში კი გვაქვს უამრავი სასწაული, რომელიც არა მხოლოდ ძვლებს, არამედ, სამოსსაც უკავშირდება. ახალ აღთქმაში წერია, რომ როდესაც ერთი დედაკაცი რწმენით შეეხო უფლის სამოსის კალთას, განიკურნა. ასევე ცნობილია, რომ ავადმყოფები იკურნებოდნენ, თუ მათ პავლე მოციქულის ხელსახოცსა და ოლარს დააფენდნენ. პეტრე მოციქულზე კი წერია, რომ მისი ჩრდილიც განმკურნებელი იყო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თეოლოგი, წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის დირექტორი სერგო ფარულავა და აღნიშნავს, რომ წმინდა ნაწილთა და რელიქვიათა თაყვანისცემა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, ისევე როგორც ადამიანის წმინდა ნაწილების ამოსვენება და სხვა ადგილას პატივით გადასვენება.

ფარულავა აცხადებს, წმინდანთა საფლავების გახსნის და ტაძარში გადასვენების ტრადიციას საფუძველი პირველ საუკუნეებში ჩაეყარა, იმ პერიოდში, როცა ქრისტიანებს აქტიურად დევნის ეპოქა დამთავრდა და საზეიმოდ ხდებოდა სიწმიდეთა გადასვენება.

„ერთერთი ცნობილი მაგალითია მედიოლანის (მილანის) ეპისკოპოს ამბროსის მიერ მოწამეთა გერვასიუსისა და პროტასიუსის საფლავების გახსნა და ტაძარში გადასვენება. მილანელმა ეპისკოპოსმა სიზმარში იხილა ის ადგილი, სადაც მეორე საუკუნეში ნაწამები ტყუპი ძმები იყვნენ დაკრძალულები. ზეიმით გახსნეს საფლავები, ამოასვენეს წმინდა ნაწილები და გადააბრძანეს ტაძარში. ეს მეოთხე საუკუნეში მოხდა. იმდენად ბევრნი იყვნენ მომლოცველები, რომ ხელიდან ხელში გადადიოდა ქსოვილები, რომ მიეახლებინათ მათ წმინდა ნაწილებთან და ეს ქსოვილებიც კი განმკურნებელი იყო. მილანში ჩაბრძანებულებს ახლაც შეუძლიათ ნახონ ამ წმინდანების ნაწილები, რომელიც დაკრძალულია წმინდა ამბროსის ტაძარში“, - აცხადებს სერგო ფარულავა.

თეოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა და მაგალითად შუა საუკუნის საქართველოში მოღვაწე წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს შემთხვევას ასახელებს - წმინდანთა ნეშტები მეფე ბაგრატ მესამემ სამი საუკუნის შემდეგ ახლად აშენებულ ტაძარში გადაასვენა.

For.ge-ს კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მამა გაბრიელის საფლავის გახსნა უკავშირდებოდეს ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკას და მისი მიზანი არის თუ არა მართლმადიდებელთა რწმენის განმტკიცება?- სერგო ფარულავა ასე პასუხობს: „წმინდანის ნაწილების ამობრძანება და თაყვანისცემა ქრისტიანული ტრადიციაა და არ არის დამოკიდებული საზოგადოების რომელიმე ჯგუფის პოზიციასთან. ზოგადად კი, ხალხს აუცილებლად სჭირდება ერთგვარი სულიერი გაძლიერება თუნდაც ამ საკითხში. სხვათა შორის, პროტაისუსის და გერვასიუსის წმინდა ნაწილების ამოსვენება არიანელი მწვალებლების მხრიდან მართლმადიდებლების დევნას დაემთხვა და ეს გადასვენება იმ დროს მართლმადიდებლების გამარჯვების ზეიმად იქცა“.

თეოლოგი ვარაუდობს, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა საქართველოში მორწმუნეებს გააძლიერებს.