„ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება შეცვალონ“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, რომლებიც სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე 3 მარტს დაასანქცირა.
ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა პოლიტიკოსებთან ერთად, სამართალდამცველებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილსაც აუკრძალეს. დასაქცირებულთა სიაში არის ლაშა ტალახაძე და როგორც ქართველი რადიკალების მიერ გაგზვნილ წერილშია აღნიშული, ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ის თურმე მოძალადეა.
„ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ.
ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარალამენტის თავმჯდომარის განცხადება კი თავდასხმის მცდელობად შეაფასა რადიკალური ოპოზიციის წევრმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ამბობს, რომ პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები ენერგიულად ესხმიან თავს მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს და ეს ადასტურებს, რომ ამ ძალის მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა. ჯაფარიძის თქმით, ელჩებზე „პაპუაშვილის თავდასხმა“ მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ არის.
„პაპუაშვილის თავდასხმა საქართველოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებზე, მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და ამ ძალის ამოცანაა არა იმ დაპირების შესრულება, რომელიც მათ ჰქონდათ - საქართველოს დაშორება ევროპისგან, ევროკავშირისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებისგან და ჩვენი ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანა. სწორედ ამას ადასტურებს პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები, რომელთაგანაც ერთი კრიტიკული სიტყვა არ გაგვიგია არც ლავროვთან, არც პუტინთან მიმართებით, მაგრამ ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის და მისი სპიკერების მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დაშორება იმ გზისგან, რასაც ევროატლანტიკური გზა ჰქვია და რისკენაც ჩვენი ხალხი მიისწრაფვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, მოვლენათა ქრონოლოგია ადასტურებს, რომ ბალტიის ქვეყნები არიან „დიფ-სთეითის“ ძალის პირდაპირი წარმომადგენლები ევროპაში. ისინი იმდენად არიან დაქვემდებარებული ამ უსაშინლეს ძალას, რომ აძალებენ გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ და განსაკუთრებით საქართველოს მიმართ.
„ვინაიდან საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ სანამ აშშ-ში შეიცვლებოდა ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდოდა ტრამპი, გაუწია წინააღმდეგობა იმ უსაშინლეს ძალას, რომელსაც წარმოადგენს „დიფ სტეიტი“ და რომლის მიერაც დაკომპლექტებული არის ევროპის ქვეყნები და მათ შორის ბალტიის ქვეყნები. მათ მიღებული აქვთ დავალებები, თორემ ბალტიის ქვეყნებს რომ არავითარი ძალა არ გააჩნიათ, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. ამიტომ, ჩემი აზრით, შალვა პაპუაშვილი აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, რა დავალებები აქვთ მიღებული ბალტიის ქვეყნებს, რომ გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ“, - აცხადებს გვენეტაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ბალტიის ქვეყნებს ძალიან ეშინიათ რუსეთის, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მყვირალა განცხადებები აქვთ გაკეთებული, თუმცა საქმით ამას ვერ აკეთებენ და ამიტომ ცდილობენ საქართველოზე ყურადღების გადატანას.
„თუ მაგარი ბიჭები არიან, დღემდე მოსკოვიდან კალინინგრადამდე გადის რკინიგზა და ჩაკეტონ! რატომ ვერ კეტავენ? ამავე დროს, ლიეტუვას, სადაც ერთი ძირი ყურძენი არ მოდის, ყველაზე მეტი ვაჭრობა აქვს ევროპის ქვეყნებიდან ღვინის დარგში რუსეთთან. რატომ არ აჩარებენ? ერთ-ერთი უმთავრესი რამ - ესტონელი კაია კალასის ქმარს ნახევარ მილიარდამდე მოგება აქვს რუსეთთან ვაჭრობის შედეგად. ქართული ანდაზაა ასეთი - „ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო“ - მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციია, რომ არაფერი არ გამოუვათ და მით უმეტეს საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ფიქსირდება ღია წყაროებში, გვაძლევს იმის საშუალებას, დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული წესყობილების ძალადობრივი დამხობა ძალაში რჩება. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, კუხალაშვილის განცხადებით, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ქვეყანას მაღალი სტატუსით სუვერენულ სახელმწიფოს, მათზე მაღალი დონით არის განხორციელებული სადაზვერვო შეღწევადობა და ამ შემთხვევაში ისინი არიან მხოლოდ გამხმოვანებლები.
„მათ რეალური ძალა რაიმე პროცესის მონაწილეობაზე არ აქვთ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ვფიქრობ, რომ მსოფლიოს გადანაწილების პროცესი გრძელდება და იმ უთავბოლო, გაუთვლელმა და არასერიოზულმა პოლიტიკამ, რომელსაც ატარებდა აშშ-ის ხელისუფლება ევროპის სახემწიფოებთან და ევროკავშირთან კოორიდინაციაში, კრახი განიცადა და საბოლოო ჯამში, მოვლენათა განვითარების ვექტორი მიმართულია ევროპული სახელმწიფოებისკენ. არც ევროპას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ევროპის გაყოფა.
თუ პროცესები კიდევ დაიძაბება, ვფიქრობ, რომ ევროპა ისეთივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, როგორც აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ მთავარი ფიგურანტი არის დიდი ბრიტანეთი, როგორც კი მოგვარდება ურთიერთობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, შესაძლებელია, ვიფიქროთ იმაზე, რომ პრაქტიკულად, კოალიციური ერთობა შეიძლება განმეორდეს იგივე შემადგენლობით, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს.
აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან მყარი სტრატეგიული პარტნიორები და მათ არ უჭირთ ერთმანეთთან მოლაპარაკება. ამიტომ, ის არანორმალური რითმი, არამარტო განცხადებისა, არამედ ქმედებისა, რასაც ევროპის სახელმწიფოები ახორიცელებენ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ კარებთან საფრთხე უკვე დგას. მათ თავიანთი საფრთხეები აქვთ და მოქმედებენ ამ საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.