ელჩების „დანოსები“ სასამართლო პროცესებიდან, რომელიც საქართველოს სანქციებად უბრუნდება

ელჩების „დანოსები“ სასამართლო პროცესებიდან, რომელიც საქართველოს სანქციებად უბრუნდება

საქართველოს ხელისუფლება ელჩების ნაწილის კვლავ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ახლა სასამართლო სხდომებზე დასწრება და მოსამართლეების გადაწყვეტილებების „რევიზია“ დაიწყეს. 

ამის შესახებ განცხადება ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლა და მოსამართლეების დაშინება.

მისი შეფასებით, ეს არის საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა.

ამის შემდეგ კი ამაზე განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. პრემიერმა ყველას საქართველოს კონსტიტუციის და სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც აღმოჩნდა, აქციებზე დაკავებულთა სასამართლო სხდომებზე ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები ესწრებიან. სწორედ ამ ქვეყნის დიპლომატები არიან ყველაზე აქტიურები, რომლებიც სასამართლოზე, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იციან, დადიან და მოსამართლეებზე ირიბ ზეწოლას ახდენენ.

პირველი ვინც სასამართლოზე დასწრება აღიარა, ჩეხეთის ელჩია. მან სოციალურ ქსელ იქსზე დაწერა, რომ ის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო.

„ჩეხეთის საელჩო დაესწრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას - საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!“ - წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე.

შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კიდევ ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც სასამართლოს სხოდმაზე იმყოფებოდა.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს. ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ პროცესს თუ შევხედავთ, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება. ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან და ისინი თუკი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ – და რა სურთ მათ, საჯაროდაც ამბობენ – ამას მოჰყვება სასჯელი“, - ამბობს პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ელჩებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო კონვენციები, რომლითაც ისინი შებოჭილები არიან და ეკრძალებათ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რომელშიც იმყოფებიან.

„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია კი ხელისუფლების ამ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოს უახლოეს მეგობრებზე თავდასხმად აფასებს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტი ახალი არ არის და ამაზე ხელისუფლებას ხმამაღლა არაერთხელ უსაუბრია. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა ჰქვია.

„ელჩების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკვე ყველა საზღვარს სცდება. საერთოდ იმდენად შორს წავიდა პროცესები, რომ ახლა სასამართლო სისტემაში ჩარევაც დაიწყეს. მოსამართლეების რევიზიაც კი დაიწყეს. ქართულ მართლმსაჯულებას პირდაპირ მოუწოდებენ რა და როგორ უნდა გააკეთონ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა ჭკუა ვერ ისწავლეს. სახელმწიფო გადასულია ეროვნულ ინტერესებზე, რის შედეგადაც ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ზოგადად, მგონია, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო ხისტი უნდა იყოს. ეს ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იყვნენ დაბარებულები და რაღაცა სიტყვიერი გაფრთხილება მაინც მიეცეთ.

ეს არ არის ელჩის მხოლოდ პირადი ნებასურვილი და იმპროვიზაცია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია და ცდილობენ ყველანაირად მოახდინონ ზეწოლა, რათა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობა „დიფ სთეიეთის“ მიმართ გატეხილი იქნას. მეორე მხრივ კი ძლევამოსილებას გვაჩვენებენ, რომ ისინი არიან მთავარი ძალა. ერთ-ერთმა მოსამართლემ თქვა ადრე, რომ სასამართლოში ოთახი იყო სპეციალურად ამერიკის ელჩისთვის გამოყოფილი, რომელიც სასამართლოში მიდიოდა და ეცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს. თუ რომელიმე საქმის გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა, მოსამართლეებს იბარებდა და პირდაპირ საქმეს ურჩევდა. ახლა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ეს ოთახი გააუქმა, ახლა ეს ელჩები პირდაპირ და ღიად გამოვიდნენ და სასამართლოზე სიარული დაიწყეს“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ელჩები და მათი ქვეყნები საქართველოს მიმართ უფროსი ძმის როლში არიან და ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი მოახდინონ.

„ეს რამდენიმე ელჩი, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან აქტიურობით, ღიად ცდილობენ საპროტესტო აქციებში ჩართვას, ამ აქციის მონაწილეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვას. ასევე ეუბნებიან, რომ მათ გვერდით არიან და არაფრის შეეშინდეთ. რეალურად ისინი უგულებელყოფენ აბსოლუტურად ქართული სახელმწიფოს არსებობას. ყველაზე მეტად კი ასეთი აქტიურობით ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები, გერმანია და საფრანგეთი გამოირჩევიან.

ადრე ამერიკის ელჩი იყო „მოწოდების“ სიმაღლეზე, მაგრამ ახლა, რაც 20 იანვრიდან ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან. ეს ის ძველი წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ქარდებით ესაუბრებოდნენ და პირდაპირ თითს იქნევდნენ, მაგრამ ახლა არ იციან რა ქნან და რა გააკეთონ. ევროპელი ელჩებიც, მანამდე იმოქმედებენ „დიფსთეითურად“, სანამ ხელისუფლებაში იქნებიან ომის პარტიის მესვეურები. ვხედავთ, რომ ბრიუსელი „დიფ სთეითის“ თავკომბალად არის გადაქცეული“,-ამბობს ქადაგიძე.

მარბიელი ხემ თქვა, ნაჯახი რას დამაკლებდა ტარი ჩემი ჯიშისა რომ არ ჰქონდესო; არცერთმა ელჩმა არ იცის იმდენი ქართული, სასამართლოზე ნალაპარაკევი გაიგოს; მორალი - საძებარია ის ვინც თარგმნის და გასარკვევია, როგორ თარგმნა
3 დღის უკან
Gami ეს ყველაფერი გავიგეთ; ხელისუფლება რას აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ განცხადებების გარდა? არაფერს, მარტო ლაილაი.
3 დღის უკან