ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირას პარიზში მიიღებს იმ ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში სამომავლო მშვიდობის გარანტორების როლი აიღონ. ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში მშვიდობა სავარაუდოდ, ევროპული ძალების განლაგებით დადგება, რომლებიც არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ. საფრანგეთის პირველი პირი აცხადებს, რომ უნდა იყოს გეგმა მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის, რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად.
„მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი შეიარაღებას აგრძელებს და 2030 წლისთვის ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას. ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის, რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.
„ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს, ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგული... გერმანიის სამომავლო კანცლერის ფრიდრიხ მერცის ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე... რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში“, - განაცხადა ემანულ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა კი რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და არ არის გამორიცხული რუსეთმა უარი თქვას უკრაინასთან კონფლიქტის დასრულებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ მაკრონი რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს, მისი თქმით, რა თქმა უნდა, საფრთხეა. ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგება ნატო-ს ჯარების განლაგებას ნიშნავს.
„ჩვენ ამ ევროპული ჯარების განლაგებას განვიხილავთ ისე, როგორც უკრაინაში ნატო-ს პოტენციურ მონაწილეობას. ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. ამის დაშვება არ შეიძლება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ევროპელი ლიდერების რიტორიკის გათვალისწინებით, მსოფლიო სულ უფრო უახლოვდება მესამე მსოფლიო ომის ფაზას. მაკრონის და ზოგადად, ევროპელი ლიდერების განცხადებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რუსეთმა უარი თქვას ომის დასრულებაზე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მაკრონის ეს განცხადებები ემსახურება იმას, რომ მან საკუთარი თავი დააფიქსიროს როგორც ევროპის ახალმა ლიდერმა, რომელიც პოპულარობას კარგავს საკუთარ ქვეყნაში.
„ასეთი ინიციატივით - სამიტების გამართვის ორგანიზება, უკრაინის საკითხის გადაწყვეტილებაზე ახალი ინიციატივების შემოგდება და ა.შ. მაკრონს სურს, რომ ერთი მხრივ მოახდინოს ევროპის მობილიზება და მეორე მხრივ საკუთარ პოლიტიკურ პიარს მოემსახუროს. თუნდაც მისი ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომ საფრანგეთი სთავაზობს თავის ბირთვულ იარაღს ევროპის სხვა ქვეყნებს, როგორც დაცვის საშუალებას, წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება მგონია. ჯერ ერთი, რომ საფრანგეთს არ აქვს იმხელა ბირთვული პოტენციალი, რომ მან უზრუნველყოს ევროპის კონტინენტური ნაწილის ყველა ქვეყნის დაცვა. მაგრამ ჯერჯერობით მის მიერ წამოწეული არც ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინას, რეალიზებული არ არის. შარშან სრულად სერიოზულად საუბრობდა საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის გაგზავნაზე უკრაინაში, მაგრამ შემდეგ რუსეთიდან მიიღო მკაცრი გაფრთხილება, რომ თუ ეს მოხდებოდა, ფრანგი ჯარისკაცები გახდებოდნენ რუსეთის სამხედრო ძალების ლეგიტიმური სამიზნე, შემდეგ უკან დაიხია.
მე, პირადად ჯერჯერობით ვერ ვხედავ მისი ინიციატივების რეალიზების რეალურ საფუძვლებს. შესაბამისად, ინიციატივების წამოყენება ისე, რომ არ ითვალისწინებდე რუსეთის პოზიციას და არ ჯდებოდე მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ აჯერებდე მასთან სამშვიდობო ინიციატივებს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესთან, არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული საქმიანობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილის განცხადებით, დღეს ლიბერალური ფაშიზმის ცენტრი აღარ არის ვაშინგტონში. მან შეინარჩუნა საკუთარი მახინჯი სახე ლონდონში, ბრიუსელში იმ ევრობიუკრატიის და ევროკომისიის დონეზე, რომელიც ჯიუტად არ ეგუება იმას, რომ მათი გუშინდელი პოლიტიკური ამინდის შემქმნელი ამერიკლები, თეთრი სახლი და ახალი ადმინისტრაცია დღეს სულ სხვა გზით აპირებს საკუთარი დღის წესრიგის აწყობას და სთავაზობს მთელს მსოფლიოს მრავალვექტორული და პროფილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სადაც ადგილი არ ექნება ომს და მილიტარისტულ განწყობებს.
„ჩვენი დედამიწის უდიდესი საფრთხის, მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგომის წინაპირობა არ იქნება. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება დღეს ინერციით მოქმედი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი. გერმანიას ცოტა ხანი ვაცადოთ, სანამ ახალი კანცლერი დაინიშნება და ის მკაფიოდ ოფიციალურ განცხადებებში გააჟღერებს ოფიციალურ პოზიციას - ვისკენ არის. ის არის ტრამპის ერთ-ერთი მთვარი მოკავშირე ევროპაში, თუ ის იქნება აი, ამ ლიბერალური ევროპის პერსპექტივების არმქონე ქვეყნის ლიდერი. ვნახოთ, დაველოდოთ“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, აშკარად გამოჩნდა, რომ ტრამპი არ შეეგუება იმ ანტიტრამპისტულ სამიტებს, რომელსაც მართავენ ხან პარიზში და ხან ლონდონში და ამ სამიტების დღის წესრიგი არის ომის გაგრძელება უკრაინაში, საკუთარი რესურსების მოძიების პოლიტიკა, რომ მათ ჩაანაცვლონ ამერიკის სამხედრო დახმარება, რომელსაც აღარ გაუწევს უკრაინას და მათი პოზიცია გასაგებია.
„ომის დასრულება და მშვიდობა არ აწყობთ. არ აწყობთ ორი მარტივი მიზეზის გამო - პირველი, ისინი როგორც არ იმართებოდნენ ავტონომიურად, ასევე არიან დღესაც. „დიფ-სთეითი“ რომელიც ევროპას მართავს, მისი ძირითადი ამოცანა ბოლომდე არ შესრულებულა. ამოცანა მათთვის არის ძალიან „მარტივი“ - ეს არის რუსეთის დამარცხება, რუსეთის ფრაგმენტაცია ნაწილებად, რუსეთის უმდიდრესი წიაღისეულის განაწილება ერთმანეთში და რაც მთავარია, რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება. თუკი ის ამოცანა რისთვის წამოიწყეს ეს კამპანია - რასაც ჰქვია უკრაინაში „დიფ-სთეითსა“ და რუსეთს შორის მიმდინარე ომი, თუ სასურველ შედეგამდე არ მიიყვანეს, მაშინ რა აზრი ჰქონდა ყველაფერს და ეს არის პირველი ამოცანა, რასაც დღემდე ებღაუჭებიან.
ტრამპის 100-წუთიანი გამოსვლის დროს მოვისმინეთ საკმაოდ გაშიფრულად ის მილიარდები, მილიონები და ასობით ათასობით დოლარი რაში იხარჯებოდა, სად წავიდა, ტრამპმა მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას უკვე ვფლობთ. ის 350 მილიარდი, რომელიც ამერიკამ უკრაინას გადაურიცხა სამხედრო თუ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, არავინ იცის, საბოლოო ჯამში, სად წავიდა. მაგრამ მშვენივრად უწყიან სად წავიდა ეს ფული სწორედ ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა. ამიტომ მათ აქვთ შიში - თუ ტრამპმა მიაკვლია ამ 350 მილიარდი დოლარის ხარჯვით ნაწილს და მიზნობრიობას და თუკი ამ კვლევებში ის მიადგა ამ ანტიტრამპისტული სამიტის ძირითად მოთამაშეებს, ეს იქნება აქამდე არნახული საერთაშორისო სკანდალი, რომელსაც შეეწირება ძალიან ბევრი ლიბერალური ხელისუფლების მოქმედი მმართველი ძალა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.