„ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობა დღემდე ურიცხავს კეზერაშვილს თანხებს“

„ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობა დღემდე ურიცხავს კეზერაშვილს თანხებს“

ბიზნესმენი, ავთანდილ საყვარელიძე ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანიდან, რომელმაც ქონების დაბრუნების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. ბიზნესმენმა 2013 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა მისი კუთვნილი კომპანიის, შპს „ვაგონმშენებელი ქარხნის“ დაბრუნება. მთავარმა პროკურატურამ საქმის მოკვლევა დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილი გამოჩნდა, ამ საქმეზე გამოძიება დროებით შეწყდა.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ნაცვლიშვილმა დაიბარა შპს „ვაგონმშენებელი ქარხნის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი არეშიძე და კომპანიის 50 პროცენტი წილის გადაფორმება მოითხოვა. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად გარიგების დოკუმენტალურად გაფორმება ვერ შედგა იმ მიზეზით, რომ ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამის ფაქტის შესახებ არეშიძის  ახლო გარემოცვიდან გახდა ცნობილი.

რაც შეეხება თავად არეშიძეს, როგორც ცნობილია ის წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა. იგი დაახლოებული იყო იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან და მას ზურაბ ადეიშვილის „მოლარედაც“ მოიხსენიებენ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გიორგი არეშიძე შპს „ვაგონმშენებელი ქარხნის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხდება. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კი, ამ დრომდე ბადრი წილოსანია, რომელსაც ეს კომპანია, როგორც კომპანიის ყოფილი მფლობელი ავთანდილ საყვარელიძე ამბობს, დავით კეზერაშვილმა გადაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ ვაგონმშენებელი ჰოლდინგის წარმომადგენლებმა, გიორგი არეშიძემ, ნინო წილოსანმა, დავით სამხარაშვილმა და გურამ რატიანმა, 2013 წლის 25 ივნისს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ პირი რომელიც თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმყოფებოდა გარიგებაში, დღეს, მსხვერპლის სახით გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მაშინ გიორგი არეშიძე აცხადებდა, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე მიზანმიმართულად ეწევა ანტიკამპანიას და ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

რაც შეეხება საქმეს, მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურში for.ge-ს განუცხადეს, რომ ავთანდილ საყვარელიძეს საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს. ჩვენ დაუკავშირდით ასევე საგამოძიებო დეპატარამენტს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპატამენტის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა გვითხრა, რომ ვაგონშემკეთებელი ქარხნის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. სწორედ ამ ორ უწებაში ვარკვევდით რომელი უწყება იძიებს ამ საქმეს და რა ეტაპზეა საქმის გამოძიება, მაგრამ კომპეტენტური პასუხი ვერ მივიღეთ.

თავად კომპანიის კანონიერი მესაკუთრე, ავთანდილ საყვარელიძე ამბობს, რომ კომპანიას წინა ხელისუფლების მიერ დაქირავებული მენეჯმენტი მართავს, რომლებიც დღემდე ასწორებენ მათთან ანგარიშებს და მათ ურიცხავენ ფულებს.

For.ge. ბიზნესმენ ავთანდილ საყვარელიძეს ესაუბრა.

კომპანიის ამჟამინდელი მფლობელები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები შეცდომაში არიან შეყვანილები და, რომ თქვენ ცდილობთ თავი მსხვერპლად წარმოაჩინო და ამ გზითვაგონმშენებელი უკან დაიბრუნო. შეგიძლიათ გვითხრათ, რას უკავშირდება კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი არეშიძის განცხადება?

ავთანდილ საყვარელიძე: ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ ქარხანაშია, არის კეზერაშვილის ბიზნესმენები, მისი მარჯვენა ხელი და მეგობარი. მე ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც ჩვენ ქარხანა წაგვართვეს ძალადობით, ავტომატების გამოყენებით შუაღამით გადაგვაფორმებინეს ქონება, მაშინ მოიყვანეს დავით კეზერაშვილი და სწორედ კეზერაშვილმა მისი ხალხი დანიშნა ქარხნის ხელმძღვანელობაში. ამ ქარხნის დღევანდელი მფლობელი, ბადრი წილოსანი გახლავთ კეზერაშვილის მარჯვენა ხელი. მეტსაც გეტყვით, იგი დღემდე ახდენს კეზერაშვილთან თანხების გადარიცხვას.

თქვენ საიდან იცით ამის შესახებ?

- შეგიძლიათ ჰკითხოთ გამოძიებას. არსებობს ამის ფაქტები და მასალები. სხვათა შორის, ქარხანაში იყო კიდევ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. ისიც რაღაცა პერიოდი ხელმძღვანელობადა ამ ქარხანას, რა თქმა უნდა, კეზერაშვილის ხელდასმით. რაც ყველაზე საინტერესოა, ქონების წართმევა დაიწყო აგვისტოს ომიდან ერთი თვის შემდეგ.

ტერიტორიები დაკარგეს, ხალხი ჩახოცეს და ამ დროს, ფულზე და გამდიდრებაზე ფიქრობდნენ. კეზერაშვილმა კატეგორიულად დასვა საკითხი, რომ მისთვის ქარხანა უნდა მიმეცა. მას ამ მოთხოვნაზე უარი განვუცხადე, მაგრამ ამას მოჰყვა ერთკვირიანი ძალადობა. ფინანსური პოლიციის ავტომატიანმა ბანდიტებმა მიიტაცეს ქარხანა. ქარხანა მიიტაცა კეზერაშვილმა და თავის უახლოეს მეგობარზე, ბადრი წილოსანზე გადააფორმა.

როგორც ამბობთ, უარის მიუხედავად, თქვენ მაინც გადააფორმეთ კეზერაშვილზე კომპანიის აქციები. ზეწოლის რა ფორმა იყო თქვენს მიმართ გამოყენებული?

- ავტომატებით შეიარაღებულმა 50 პირმა კედელზე მიაყენა თანამშრომლები, პარალელურად იყო მუქარა - ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირებს, ულტიმატუმით - ხელს მოაწერთ თუ ესენი დავხვრიტოთო - მოაწერინეს დოკუმენტებზე ხელი. მათი მეთოდებიდან გამომდინარე, ალბათ, შეიძლებოდა ეს ხალხი მართლაც დაეხვრიტათ - უკან არ დაიხევდნენ.

პირობას ვიძლევი, რომ როგორც კი კომპანიას დავიბრუნებ, არეშიძეს და მისნაირებს პირველივე დღეს გავათავისუფლებ კომპანიიდან. ისინი არიან წინა ხელისუფლების დაქირავებული მენეჯმენტი, რომლებიც დღემდე მათთან ასწორებენ ანგარიშებს და მათ ურიცხავენ ფულებს.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, როგორ აღმოჩნდა კომპანიაში გიორგი არეშიძე, რომელიც დღეს არის ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი...

- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კეზერაშვილ-წილოსანის მიერ ერთობლივად შერჩეული და დანიშნული სანდო კადრია. 2008 წლის 17 სექტემბრის შემდეგ ქარხნის ფაქტიური მეპატრონე გახლდათ კეზერაშვილი და მისი პარტნიორი წილოსანი. ალბათ, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას კადრების დანიშვნის და განთავისუფლების შესახებ.

კომპანიას აქვს მრავალი ათეული მილიონი ლარის ხელშეკრულება რკინიგზასთან. დღეს, ჩვენგან დამოუკიდებლად, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს რკინიგზა მათ საკმაოდ სოლიდური თანხების მოპავრას ედავება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 60 მილიონია მოპარული.

თუმცა, ისინი ამბობენ, რომ თქვენ მთლიანად გააკოტრეთ კომპანია, დააგროვეთ ვალი 73 მილიონი ლარი და მოგვიანებით წილოსანს გაკოტრებული კომპანიის აქციები 3 მილიონ ლარად მიყიდეთ...

- პირადად მე, მათ ვადანაშაულებ ბანდიტიზმში, რითაც მიიტაცეს ქარხანა. გამოვიდნენ და პასუხი გასცენ ამ ბრალდებებს. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლოს მიერ შედეგი დადგება, გამოჩნდება ქარხნის დღევანდელი მდგომარეობაც, როგორი მდგომარეობა იყო 2008 წელს და როგორი მდგომარეობაა დღეს. ამის შედარება ძალიან ადვილია. 2008 წლის შემდეგ დააახლოებით მოპარული იქნა 1000 ტონა რკინის ნაკეთობები, რომელიც ჯართად ჩააბარეს.

წილოსანმა და მისმა გუნდმა არ იცის მისი დანიშნულება, არ იცის რა არის ჩარხი, რა არის მექანიზმი. მათ მანქანათმშენებლობაზე, ზოგადად, მწირი წარმოდგენა აქვთ. ნულოვანი კომპეტენციის პიროვნებები არიან. შეესივნენ ქარხანას და გაძარცვეს. თუ კი რაიმე მეტალის ნაკეთობა იყო, ყველაფერი მოხსნეს და ჯართად გაყიდეს. ამით ქარხნის სიცოცხლისუნარიანობას ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს. ეს არის მათი რეალური საქმინაობის შედეგი.

დღეს რას ილაპარაკებს ეს ხალხი, ნაკლებად მაინტერესებს. იცით, კეზერაშვილის სასამართლო იყო საფრანგეთში და ლაპარაკობდა მისი მხარე, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო პიროვნებაა, არავითარი ბრალი არ მიუძღვის არც ერთ მოქმედებაშიო. ასე ლაპარაკობენ ესენიც ზუსტად. საზოგადოებისთვის ყველაფრი ცნობილია, თავის მართლებას ცდილობენ. ახალი ხელისუფლება ყოფილი რეჟიმის გასამართლების გზით უნდა წასულიყო და არა კერძო პიროვნებების სასამართლო პროცესებით.

როგორც ვიცი, თქვენ მიმართეთ პროკურატურას, რა ეტაპზეა დღეს საქმე?

- რა თქმა უნდა, მივმართე და მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ვართ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც ვიძლევით კონკრეტულ ჩვენებებს, ვასახელბთ კონკრეტულ პიროვნებებს, მოწმეებს და ადგილებს. ვითხოვთ გამოძიებას. ამ ბატონებმა უნდა უპასუხონ გამოძიების კითხვებს. ასეთი სპეკულაციებით თავს ვერ დაიძვრენენ, არ გამოუვათ. მითუმეტეს, ვიღაცა არეშიძეები, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და საერთოდ რა უნდა.

კითხვები არ ჩნდება ადეიშვილის მარჯვენა ხელი როგორ გახდა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი?

- კეზერაშვილი და ადეიშვილი ერთი გუნდი იყო. მათი განცალკავება სწორი არ იქნება. კომპანიაში ყველა მოქმედებას ატარებდა კეზერაშვილის ხალხი და პირადად კეზერაშვილი. პირადად მას მაშინ გვერდს უმშვენებდა ბადრი წილოსანი. მერე ვისზე გადააფორმეს და ვინ დანიშნეს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ვინ არის ეს არეშიძე არც ვიცი.

რაც შეეხება ბადრი წილოსანს, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წილოსანს თავის დროზე დაათმობინეს კომპანიის წილი და აჩუქებინეს თქვენზე. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ, ესეც ახალი გამოგონილი ისტორიაა. ჩვენ 2005 წელს ვიყიდეთ ეს ქარხანა, ეკონომიკის სამინისტროში, აუქციონზე, სამი ტურის შედეგად. ეს ფაქტები არსებობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს.