[თეონა ხარაბაძე]
გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა-დანაწილების გადაწყვეტილება მთავრობას კარგა ხანია მიღებული აქვს, მაგრამ რომელ სამინისტროს რა ფუნქცია შეხვდება, ოფიციალურად დღემდე არაფერი არ არის ცნობილი, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის და პარლამენტში ორშაბათს იქნება ინიცირებული.
როგორც ხუროშვილი განმარტავს, კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები, რამდენიმე სამინისტროს გადაეცემა.
„მთავრობის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტით, ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა ერთმანეთს ემიჯნება.
ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროში გადავა და, შესაბამისად, ამ უწყებას, სავარაუდოდ, „ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო“ ერქმევა. ამავე უწყებაში რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მართვაც გადავა.
ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადავა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა ნარჩენების მართვისა. ასევე ამ სამინისტროს გადაეცემა ნიადაგების კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.
მიწის მიზნობრიობის შეცვლა და ტყის ფონდი საზღვრების დადგენა კი „საჯარო რეესტრის“ ფუნქცია გახდება. კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ნაწილობრივ გადაეცემა საჯარო რეესტრს, სადაც შევა მიწის მიზნობრიობის შეცვლა და ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, ასევე მის გაზრდა-შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ნაპირდაცვითი საკითხები კი „რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ გადაეცემა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“ სამინისტროს შემადგენლობაში შევა.
„გარემოს დაცვის“ სამინისტროს უშუალო ფუნქცია კი, გარემოს დაცვის მონიტორინგი იქნება. ამ ცვლილებებიდან კი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გაერთიანდება „სატყეო სააგენტო“ და „ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“.
კანონპროექტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ და ის შეითავსებს ორივე სააგენტოს ფუნქციას.
ამავე სააგენტოს ფუნქცია იქნება თევზჭერასა და ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები, ბუნებრივი რესურსების კვოტების დამტკიცება, ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიების გაცემის საკითხები და ა.შ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის შემადგენლობაში გაჩნდება ორი ახალი სახელწოდების სამინისტრო. ეს არის „გარემოს დაცვისა“ და „ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო“. თუმცა, მთავრობის საქმიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას კოლეგიალური გადაწყვეტილებები.
„ეს გახლავთ ის ძირითადი ცვლილებები, რომელთა შესახებაც დღეს შეიძლება ლაპარაკი. თუმცა, პარლამენტში შემდგომი განხილვისას კიდევ უფრო მეტი დეტალიზება იქნება შესაძლებელი და იქნება შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ დაინტერესებული ექსპერტებისა თუ პარლამენტარების მოსაზრებები და მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა იმ მოსაზრებაზე, რომლის უკანაც იქნება კონკრეტული შენიშვნები და კონკრეტული არგუმენტები,“ - აცხადებს გია ხუროშვილი.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლას ექსპერტებიც და ოპოზიციაც თავიდანვე საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა. მათი კრიტიკის მთავარი საფუძველი ის იყო, რომ ეს რეფორმა მთავრობის მხრიდან გაუაზრებლად ხორციელდებდა, რაც, მათივე ვარაუდით, ქვეყანას სავალალო შედეგებს მოუტანს.
გარემოს დაცვის საკითხებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხის ღიად დარჩენის პრობლემაზე საუბრობენ.
მათი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება უმნიშვნელოვანესი საკითხია ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას და დღეს, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანაში ამის გარეშე არანაირი პროექტი არ ხორციელდება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დღეს საქართველოში ეს საკითხი ისედაც პრობლემურია, რადგან ხიდების ნგრევა ამ პრობლემის გამო ხდება.
სწორედ ამიტომ, მათივე თქმით, შეუძლებელია ეს ფუნქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეასრულოს, რადგან ამის უფლებამოსილებას მას არსებული კანონმდებლობა არ აძლევს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ფუნქცია ენერგეტიკის ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადავა, სახეზე იქნება ინტერესთა კონფლიქტი, რადგან შეუძლებელია შეფასება მომხმარებელმა გააკეთოს.
მათი თქმით, ეს არის ერთი ასპექტი და საერთო ჯამში, ეს რეფორმა საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მეორე პრობლემად „სატყეო სააგენტოს“ და „ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ გაერთიანებას ასახელებს.
„მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ ორი სფეროს გაერთიანებაც მიანიშნებს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ. არ ვიცი, ამათ რა საერთო აქვთ. თუმცა, როგორ არა, საერთო ის არის, რომ მთავრობას ორივე სათავისოდ უნდა, რათა რაც შეიძლება მეტი პირადი გამორჩენა ნახონ. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ ხდება, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ ამით ისიც დაინგრევა, რაც დარჩენიალი და მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.
საინტერესო კი ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე ჯერჯერობით ლაპარაკიც კი არ უნდა. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ გარკვეული კითხვები მათაც გააჩნიათ. თუმცა ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ და ამბობენ, რომ საკუთარ პოზიციებს საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირებენ.
საგულისხმო კი ის არის, რომ ამ რეფორმის უარყოფით მხარეზე პირად საუბრებში მთავრობის წევრებიც საუბრობენ. მაგრამ ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ პრეზიდენტს გარემოს დაცვის მინისტრმა სხვა გზა არ დაუტოვა. თანამდებობს დატოვება ცოცხალი თავით არ უნდა და მისთვის მთავარი ფუნქციების გამოცლას სწორედ ამ მეთოდით ცდილობენო.
ძნელი სათქმელია, ეს რამდენად ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროს აღარანაირი ფუნქცია არ რჩება და მას სახელსაც უნარჩუნებენ და მინისტრსაც. შედეგები კი, ექსპერტებისა და ოპოზიციის გარდა, აღარავის აინტერესებს.