დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მექანიზმი მზადაა. გუშინ შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და მცირეხელფასიანებს პირველი ინფორმაციაც მიაწოდეს.
მემორანდუმს შემოსავლების სამსახურსა და ბანკ „რესპუბლიკას“, „პრივატბანკს“, „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“, „ლიბერთი „ბანკს“, „ბაზისბანკს“, „ქართუ ბანკს“, „კორსტანდარტ ბანკს“, „ბანკ კონსტანტასა“ და „ფინკა ბანკი საქართველოს“ შორის ხელი ფინანსთა სამინისტროში მოეწერა. მოქალაქეებს შეუძლიათ დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად ნებისმიერი აღნიშნული ბანკის მომსახურებით ისარგებლონ.
დაუბეგრავ მინიმუმი დაუბრუნდება 600 000-მდე მოქალაქეს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი არ აღემატება 500 ლარს (წლიური ხელფასი 6000 ლარს). ასეთი მოქალაქეები წლის ბოლოს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკან დაიბრუნებენ მაქსიმუმ 360 ლარს (თითო თვეზე 30 ლარს).
ამისათვის, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge - შესაბამის ფორმაში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საბანკო რეკვიზიტები. დეკლარაციის შევსებისთანავე, მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. ამის შემდეგ, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ირიცხება შესაბამისი თანხა. დეკლარაციის შევსება შესაძლებელი იქნება ზემოხსენებულ ბანკებშიც.
შეღავათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სამსახურში დასაქმებულ პირს, ეს იქნება სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი. არაოფიციალური გათვლებით ქვეყნის ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხის გასაცემად 170-200 მილიონია საჭირო.
„2014 წლის 1-ლი აპრილიდან მოსახლეობისთვის ამ თანხების დაბრუნება დაიწყება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, - არის დიდი ნაკადი. 600 000 თანამოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს ეს თანხა და ბანკებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ მინიმალური ხარვეზებიც არ იყოს ამ პროცესში“.
შემოსავლების სამსახური გეგმავს, შესაბამისი საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ კუთვნილი დაუბეგრავი მინიმუმის თანხის მისაღებად. კერძოდ, ინფორმაცია განთავსდება როგორც შემოსავლების სამსახურის საიტზე, ისე ტელევიზიებით გავა სპეციალური საინფორმაციო რგოლი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის, ირაკლი გვარამაძის თქმით, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, რომლებიც არადეკლარირებულ ხელფასს იღებენ, დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.
„თუ თქვენ ხელზე იღებდით ხელფასს და ეს არ არის დეკლარირებული და საგადასახადო ბაზებში არ დაფიქსირებულა, ვერ დავაბრუნებთ თანხას. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დამატებითი დეკლარირება - დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და ეს მონაცემები უნდა აისახოს ბაზაში.
მინდა გითხრათ, რომ ეს ნებისმიერ შემოსავალს არ უკავშირდება, ანუ 6 ათასი ლარი ნებისმიერი შემოსავლით არ შედგება. ეს მხოლოდ ხელფასით მიღებული შემოსავალი უნდა იყოს“, -აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
„ნებისმიერი პირი, ვისაც თვეში 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ან ამაზე ნაკლები ერიცხება ხელფასი, სარგებლობს შეღავათით, რომელიც ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დაწესდა. შეღავათი გულისხმობს ამ პირებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილის უკან დაბრუნებას გარკვეული წესით“, -განმარტავს კომპანია „აჭარა ელიტ აუდიტის“ დირექტორი, აუდიტორი ზურაბ ბერიძე.
„დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2013 წელს განისაზღვრა რომელიც გაუთანაბრდა საარსებო მინიმუმს (თვეში 150 ლარი). აქედან გამომდინარე, წლიური დაუბეგრავი მინიმუმია 1800 ლარი. სახელმწიფომ დააწესა ზღვარი, თუ რა შემთხვევაში არ იბეგრება ეს მინიმუმი.
მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით დარიცხული აქვს წლის განმავლობაში 6000 ლარი (ანუ „ხელზე“ წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი) მას სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის 20 პროცენტს). ეს კი ის თანხაა, რაც მას დაუკავეს დაუბეგრავ 1800 ლარზე, როგორც საშემოსავლო გადასახადი.
იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება 1800 ლარი ხელფასი წლიურად (ანუ „ხელზე“ აღებული აქვს 1440 ლარი), ის უკან მაინც 360 ლარს დაიბრუნებს, ხოლო თუ ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, უკან დაიბრუნებს იმის 20%-ს რაც წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მიიღო. მაგალითად, თუკი 2013 წელს პირს დაერიცხა 1200 ლარი მას სახელმწიფო 240 ლარს დაუბრუნებს უკან.
მოსალოდნელია თუ არა დამსაქმებელმა დასაბრუნებელი თანხის ოდენობით შეუმციროს თანამშრომლებს ხელფასი? ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ ამ თანხას გადაიხდიან ბიუჯეტიდან, მეწარმეს მასთან არანაირი შეხება არ აქვს და არც ექნება. შესაბამისად, ალოგიკურიც კი იქნება დამსაქმებელმა ამით მანიპულირება მოახდინოს.