გიგი უგულავა საკრებულოს წევრობას გეგმავს

გიგი უგულავა საკრებულოს წევრობას გეგმავს

„თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკრებულოს დეპუტატობას აპირებს“, - ამ ინფორმაციას საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე ავრცელებს.

როგორც მიხეილ ქავთარაძემ For.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საკრებულოს დეპუტატობით უგულავა პოლიტიკური იმუნიტეტის მიღებას ცდილობს. კერძოდ, გიგი უგულავა საკრებულოს არჩევნებში იმიტომ აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომ თუ მის მიმართ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით გამოტანილი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, უგულავა აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურ დევნად შერაცხავს.

„ეს წინასწარმეტყველება არ არის, ეს მათი გეგმებია. ინფორმაცია გვაქვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მუშაობენ მერიაში და კონკრეტულად მიიღეს დავალებები. ამის შესახებ დეტალურად თავის დროზე ყველაფერს ვიტყვით, ამ ეტაპზე არ გვინდა დარტყმის ქვეშ დავაყენოთ ის ადამიანები, რათა ისინი სამსახურებიდან არ დაითხოვონ. გარდა ამისა, მიმდინარეობს გარკვეულ თანამდებობებზე მყოფი მერიის თანამშრომლების ან რიგით სპეციალისტების მონაცემთა შეგროვება, რომლებიც გიგი უგულავას 1-ლი მარტის ყრილობისთვის გამოადგებიან. მას სურს, უფრო მრავალრიცხოვანი და ლეგიტიმური გახადოს ე.წ. ყრილობა, რადგან, რაც მეტი დელეგატია მის მხარეს, გიგი უგილავას მით უკეთესი შანსები ექნება გიორგი ვაშაძესთან მიმართებით, შიდა პრაიმერის დროს. უგულავას შემდეგ მერობის ძირითადი კანდიდატი სწორედ ვაშაძე იყო. ეს ადამიანი არც მალავდა, რომ მერობის კანდიდატობა ძალიან უნდოდა, მაგრამ უგულავა ყველაფერს გააკეთებს, რომ ვაშაძეც ჩავარდეს. თუ გამოვიდა ისე, რომ მან მეტი დელეგატი გაიყვანა, მერიის მეტი თანამშრომელი გააწევრიანა პარტიაში და შემდეგ უკვე გაუშვა ყრილობაზე, ყველაფერს გააკეთებს, რომ ვაშაძე არ გავიდეს. თვითონ ან არ იყრის კენჭს, ან წააგებს, მაგრამ გახდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ჩაუდგება პროპორციულ სიას 1-ელ ნომრად“, - გვითხრა მიხეილ ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ მერიას ისევ გიგი უგულავა მართავს და სწორედ ეს დავალება მისცა ყოფილმა მერმა თავის მოადგილეებს, გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს.

მანვე განმარტა, რომ უგულავას ვერანაირი შანსი ვერ ექნება მერობისთვის, მაგრამ არ სურს, დამარცხებული გამოვიდეს. შესაბამისად, მისთვის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობაც წარმატება იქნება. უფრო მეტიც, მიხეილ ქავთარაძე ირწმუნება, რომ გიგი უგულავას ნათქვამიც აქვს, რომ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეობა სურს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც აქვს შესაძლებლობა, ბარიერი გადალახოს და ხუთი-ექვსი კაცი შეიყვანოს თბილისის საკრებულოში. ამიტომ, თუ გიგი უგულავა ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდება, სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურ ზეწოლად და დევნად შეაფასებს.

„იგი ისევე მოიქცევა, როგორც ვანო მერაბიშვილი, რომელმაც თქვა, პუტინის პატიმარი ვარო. თუ ვინმეს გულით და სულით უნდა „ნაცმოძრაობაში“ შესვლა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, 10-დან 9 წევრი ამის წინააღმდეგია, უბრალოდ, მერიაში მომუშავე ხალხი ამას სამსახურის დაკარგვის შიშით ხმამაღლა ვერ ამბობს“.

მიხეილ ქავთარაძე დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას თავისუფალი აქტივი აღარ ჰყავს, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როცა მისი აქტივი რაიონულ ორგანიზაციებში სოლიდურად იყო წარმოდგენილი.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი For.ge-სთან კომენტირებისას განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი არ არის, აპირებს თუ არა გიგი უგულავა საკრებულოს წევრობას. თუმცა იმაში კი დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკოსს, ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ამის უფლება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

„შიხიაშვილისნაირებს უკვირთ ეს, რომლებსაც თავი „დიდი პოლიტიკოსები“ ჰგონიათ და უცებ გამოიჩეკნენ, თორემ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისთვის თანამდებობა არანაირ პრივილეგიას არ წარმოადგენს. მიხეილ ქავთარაძისა და მისი მეგობრებისგან განსხვავებით, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს არ გაგვაჩნია ამბიცია თანამდებობებთან დაკავშირებით. ჩემი სახელითაც შემიძლია ვთქვა, რომ გამგებლობა არ არის ჩემთვის პოლიტიკური კარიერის ლოგიკური გაგრძელება, მაგრამ მე არასდროს გავქცევივარ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აღებული მქონდა ხალხის წინაშე. შეიძლება ნებისმიერ პოზიციას ასრულებდეს ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს“, - გვითხრა გია ხუროშვილმა.

მანვე უარყო ის ფაქტი, რომ გიგი უგულავა მერიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს. გია ხუროშვილის თქმით, პირადად იგი თბილისის მთავრობის წევრია და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც გიგი უგულავა არც უნახავს და არც შეხმიანებია. შესაბამისად, ვისზე ახორციელებს უგულავა ზეწოლას, მისთვის უცნობია.

„ამ ადამიანების შიშები ბოდვებს უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას“, - აღნიშნა გია ხუროშვილმა.

მოგვიანებით, მიხეილ ქავთარაძის საპასუხოდ, თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტი უარყო. მერიის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს გიგი უგულავამ მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს თანამშრომლების შესახებ პირადი ინფორმაციის მოძიება დაავალა, რათა ისინი შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგატებად დარეგისტრირდნენ და დაგეგმილ პრაიმერში მიიღონ მონაწილეობა.