„მინიმუმ 100%-იანი ფასნამატია საჭირო, რომ უბრალოდ ქსელში იდოს ესა თუ ის პროდუქტი“

„მინიმუმ 100%-იანი ფასნამატია საჭირო, რომ უბრალოდ ქსელში იდოს ესა თუ ის პროდუქტი“

სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქცია ბოლო პერიოდში იმ მიზეზით ძვირდება, რომ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის განთავსების გადასახადი მზარდია. ეს პრობლემა ბოლო წლებში ყველასთვის ცნობილია (მათ შორის მთავრობისთვისაც), მაგრამ მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. რამდენიმე წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით დაწყებული პროცესი ახლა გაყინულია.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზარზე მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. სააგენტოს შესწავლის ერთ-ერთ მთავარ საგანს ის პირობები წარმოადგენს, რომლითაც დისტრიბუტორები და მიმწოდებლები პროდუქციას სავაჭრო ქსელებში ათავსებენ. მართალია, ამ ეტაპზე ბაზარზე მინანტი კომპანია არ არსებობს, თუმცა იკვეთება ტენდენცია, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ხარჯები მზარდია.

სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კვლევა აჩვენებს, რომ 2024 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგ შემთხვევაში, ისეთი გადასახადები როგორიცაა მაგალითად, მაღაზიაში შესვლის გადასახადი, .. რეტრო ბონუსი, „ქეშბექი“, გაორმაგებულია.

ბაზარი მსხვილდება და ეს ბუნებრივი პროცესია. ამ ეტაპზე სავაჭრო ქსელებში დომინანტი კომპანია არ იკვეთება და ბაზრის 40%-იანი წილი არც ერთ კომპანიას არ აქვს. თუმცა მიუხედავად დომინანტური მდგომარეობის არარსებობისა, ბაზარზე მაინც არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები. რიგ შემთხვევაში, დისტრიბუტორი კომპანიების მიერ გამოთქმული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რითეილისგან ქსელებში შესვლასთან დაკავშირებით არის დამატებითი გადასახადები, . ქეშბექები, რეტრო ბონუსები, ეს მართლაც წარმოადგენს პრობლემას და შეგვიძლია პრობლემად განვიხილოთ. ამგვარი გადასახადები ბოლო წლების განმავლობაში მზარდია, რაც საბოლოოდ დისტრიბუციის ფასზე და ასევე საცალო ფასზეც აისახება, შესაბამისად, მოსახლეობისთვის პროდუქცია ეტაპობრივად ძვირდება.

მაგალითად, 2024 წელს 2021 წელთან შედარებით რიგ შემთხვევაში, რიგი გადასახადები ისეთი როგორიცაა შესვლის გადასახადი, .. რეტრო ბონუსი, „ქეშბექიგაორმაგებულია. პროდუქციის იმპორტიდან, წარმოებიდან საცალო მომხმარებლამდე მიტანის ჯაჭვი პროდუქციას დაახლოებით 100-150%-ით, რიგ შემთხვევაში მეტითაც აძვირებს“, - აღნიშნა ბიზნეს მედიასთან საუბრისას გიორგი ქედელიძემ.

აქედან გამომდინარე, პასუხგაუცემელია კითხვა - საჭიროებს თუ არა მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობები დამატებით რეგულირებას? სააგენტოში ამბობენ, რომ ეს საბოლოოდ მონიტორინგის შედეგებმა უნდა გამოკვეთოს.

ამ ეტაპზე 2025 წლის დასაწყისის პერიოდს ვაკვირდებით, რადგან ამ პერიოდში ახლდება რითეილ სექტორსა და მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებები. მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ ტენდენცია, ფიქსირდება თუ არა გადასახადების ზრდა მიმდინარე წელსაც. შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას მალე ვაპირებთ, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში. დამატებით რეგულაციებზე ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი. პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის და გამოწვევის ზუსტი იდენტიფიცირება“, - განაცხადა ქედელიძემ.

დისტრიბუტორები კი პირდაპირ ამბობენ, რომ დამატებითი გადასახადები პროდუქციას აძვირებს და ტენდენცია ახლაც სახეზეა. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც პროდუქტებზე ფასის მატებას განაპირობებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შემდეგ პროდუქტის გაძვირებას განაპირობებს, სავაჭრო ობიექტების მხრიდან სხვადასხვა გადასახადების დაწესებაა მომწოდებლისთვის თუ დისტრიბუტორისთვის, რათა პროდუქტი მათ ქსელში, დახლზე მოხვდეს.

მიწოდებული საქონლის ფასში მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება მარკეტებთან და ის გაუარესებული პირობები, რაც არის მათი მხრიდან დაყენებული მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის. ეს ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების განახლებისას, რომ საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზეც. როგორი სტაბილურიც არ უნდა იყოს ლარი, როგორი ეკონომიკური აქტივობებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ყოველწლიურად პროდუქტზე ფასი იმიტომ იზრდება, რომ სავაჭრო ობიექტები ახალ გადასახადს გვიწესებენ. შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტის თვითღირებულებაზე მინიმუმ 100%-იანი ფასნამატია საჭირო, რომ უბრალოდ ქსელში იდოს ესა თუ ის პროდუქტი.

ჩვენ ვამბობთ, რომ რითეილ სექტორთან შეთანხმებით სახელმწიფომ უნდა იმუშაოს გარკვეული ტიპის რეგულირებაზე, რაც მინიმუმ ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას. მაგალითად, აკრძალულია ისეთი ტიპის გადასახადი, როგორიც არის ახალი მაღაზიის გახსნის საფასური. რამდენი ახალი მაღაზიაც იხსნება, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტის თითოეულ მიმწოდებელს უწევს თანხის გადახდა ამაში. ეს დამოკიდებულია კომპანიაზე - ვიღაცას 1 000, ვიღაცას 2 000, ვიღაცას კი 10 ათასი ლარის გადახდაც შეიძლება უწევდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ იმ ახალ გახსნილ მაღაზიაში მოხვდეს. აღნიშნული საკითხის რეგულირებაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო სახელმწიფომ მუშაობა, მაგრამ დღესდღეობით შეჩერდა“, - განაცხადა რიჟამაძემ.