„სააფთიაქო ნარკომანიის“ პარალელურად ხელისუფლება ბრძოლას ბიონარკოტიკების წინააღმდეგაც ააქტიურებს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიოქიმიური ბირთვების ლაბორატორიული კონტროლი რთულია, თუმცა მთავრობა ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს მაინც გაატარებს – საქართველო უერთდება საერთაშორისო კონვენციას, რომლის თანახმადაც ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლებზე იმავე სახის კონტროლი დაწესდება, როგორიც სხვა სახის ნარკოტიკებზე მოქმედებს.
ბიონარკოტიკების მოხმარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა უწყების პირველი პირი ალექსანდრე ჭიკაიძე ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ტიპის ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდა. ჭიკაიძის თქმით, სამინისტრომ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს ლაბორატორიულად ადგენდა კიდეც, თუმცა, შესაბამისი კანონის უქონლობის გამო, ფაქტებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახერხებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე მოქმედი კანონით ორი ბირთვის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მოქმედებდა ადმინისტრაციული სასჯელი, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უკვე, 9 ბირთვი გაკონტროლდება.
„საკანონდებლო ბაზა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 9 ბირთვი დავადგინოთ. დაახლოებით 300-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობაა, მაგრამ ძირითადი შემცველობა ეს 9 ბირთვია“, - აცხადებს ჭიკაიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს განსაკუთრებით ნარკოტიკების რეალიზატორების, შემომტანებისა და გამავრცელებლებისთვის გაამკაცრებს.
რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი რეგუალაციები ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით და რა არის ყველაზე ოპტიმალური გზა პრობლემის მოსაგვარებლად? – საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე For.ge ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ესაუბრა, რომელიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან წლებია მუშაობს.
ნათია ფანჯიკიძე: ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს. შემცირებას ნამდვილად ვერ ვატყობ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემა. ბოლო დღეებში ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით უფრო გააქტიურდა ამ თემაზე საუბარი, თორემ პრობლემა წლებია არსებობს, შეიძლება ითქვას, უკვე მეოთხე თაობაა მსხვერპლი.
პრობლემად სახელდება ისიც, რომ გახშირდა გოგონების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებიც. თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თქვენი პაციენტები რამდენად ხშირად არიან ნარკოდამოკიდებული გოგონები?
- ავადმყოფობამ არ იცის სქესი. ნარკოტიკი ერთნაირად ვნებს ქალსაც და კაცსაც. როდესაც არსებობს სოციალური პრობლემა, მნიშვნელობა არ აქვს ამას. უბრალოდ, ქალის მიმართ უფრო მკაცრები არიან ხოლმე – ქალს ეს როგორ უნდა დაემართოსო. თუკი ჩვენ ნარკომანიას განვიხილავთ როგორც ცუდ ქცევას, მაშინ უსაქციელობა არავის უნდა დაემართოს. ცივილიზებული მსოფლიო დიდი ხანია აღარ კამათობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება. ნევროტული ატმოსფერო, დეპრესიული ფონი... ერთნაირად მოქმედებს მოზარდებზე და როდესაც ნარკოტიკული საშუალება არის ხელმისაწვდომი, ცხადია, ამის მსხვერპლი ქალებიც ხდებიან.
მთავრობა ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ–ერთ ფორმად კანონის გამკაცრებას ასახელებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხერხდება ამ გზით ნარკოტიკების მოხმარების შემცირება?
-კანონი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს საკუთარი თავის მიმართ - ანუ უკეთესად აკონტროლოს საზღვრები, კონტრაბანდა და უკეთ ფლობდეს ამ მიმართულებით სიტუაციას. მომხმარებლის მიმართ კანონის გამკაცრება ჩემთვის არის გაუგებარი, რადგანაც ეს გახლავთ ჩვეულებრივი ფსიქიატრიული დაავადება.
გასაგებია, რომ ნარკომანს კრიმინალად მიიჩნევენ იმიტომ, რომ მან უკანონო პროდუქტი შეიძინა, მაგრამ, სჯობს გამკაცრდეს კანონი ნარკოტიკების შემოტანაზე. არსად, მთელ მსოფლიოში არ დაუმარცხებიათ 100%-ით ნარკოტიკების შეტანა, გასაღება ან მოხმარება, მაგრამ უმართებულოა დამოკიდებულება, რომ ისედაც მკაცრი კანონი მეტად გამკაცრდეს ავადმყოფი ადამიანის მიმართ.
გამოსავალი არის ახალგაზრდების უკეთ ინფორმირებაში - იქნებ რომელიმე მაინც აღმოჩნდეს კარგი მსმენელი, სწორად გაიგოს, რა ზიანს იწვევს ნარკოტიკები და, უბრალოდ, არ გახდეს ავად. მათთვის კი, ვინც უკვე არის ავად, უნდა იყოს კარგად დაგეგმილი ჯანდაცვის სტრატეგია – რეაბილიტაციის პროგრამა ნაკლები ხარჯით. ჩანაცვლებითი თერაპიაც შეიძლება განხორციელდეს მეტადონზე უფრო იაფი პრეპარატით, რომ მეტი ადამიანი მოიცვას. ასევე, საჭიროა ფსიქორეაბილიტაცია - ამ ადმიანებს თუ არ ვასწავლეთ ცხოვრებაში ორიენტაცია და ადაპტაცია, არაფერი გამოვა. ამ ყველაფერს სისტემური სტრატეგიის შემუშავება სჭირდება.
ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული ე.წ. ბიონარკოტიკები გახდა. რამ გამოიწვია ამ ტიპის ნარკოტიკის მოხმარების ზრდა?
– იაფია, იწერენ ინტერნეტით, ვერ კონტროლდება ფოსტა და ამიტომ უფრო უსაფრთხოდ იღებენ. ნარკოტიკის ეს სახეობა ჰეროინისა და სხვა კლასიკური ნარკოტიკების სანაცვლოდ გამოიგონეს, შემოვიდა რაღაც რეცეპტები... ძალიან ხშირად ისეთი უცნაური ნივთიერებებისგან გამოჰყავთ ეფედრინი თუ სხვა ნივთიერება, რასაც მერე მოიხმარენ, რომ ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა მოიფიქრონ.
სიტყვა „ნარკომანია“ უკვე გულისხმობს პრობლემას. დაავადების სახელწოდებაშივეა მითითებული მანიაკალური სწრაფვა მავნე ნივითიერებებისკენ. მას სწორი მკურნალობა სჭირდება.
საქართველოში „სააფთიაქო ნარკომანიის“ აკრძალვის მიზნით უკვე დაწესდა შეზღუდვები, რაც რეცეპტების ინსტიტუტის დანერგვასა და ნარკოტიკების, ან მასთან გათანაბრებული პრეპარატების ჯგუფში ასობით პრეპარატის გადატანაში გამოიხატება. გახდება თუ არა აქტუალური სააფთიაქო ნარკომანების პრობლემა და მოსალოდნელია თუ არა, ამ ტიპის ნარკოდამოკიდებულმა ადამიანებმა ალტერნატივებზე იფიქრონ?
– მე მგონია, რომ „სააფთიაქო ნარკომანიის“ შეზღუდვა კარგ შედეგს გამოიღებს მოზარდებში, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ მხოლოდ ასე მარტივი გზით მოსაპოვებელ საშუალებებზე. ყველა ვარიანტში უნდა შემოღებულიყო რეცეპტი და გამკაცრებულიყო ნორმები აფთიაქების მიმართ, იმიტომ, რომ არაფრით არ შეიძლება სამედიცინო თუ ფარმაკოლოგიური დაწესებულება, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის, გასცემდეს პრეპატრატებს, რომელიც ვიღაცისთვის საზიანოა და ბოროტად მოიხმარება. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად ვემხრობი ჯანდაცვის სამინისტროს, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ მხრივ, მეტად მკაცრიც კი ვიქნებოდი. ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც გართულია „სააფთიაქო ნარკოტიკების“ მოხმარებით, გარკვეულწილად, დაცული გახდება, მაგრამ თუკი, პარალელურად, მათი ინფორმირება არ განხორციელდა და პრევენციის ღონისძიებები არ გატარდა, შეიძლება, სააფთიაქო ნარკომანიამ სახე იცვალოს და ადამიანებმა სხვა საშუალებების ძებნა დაიწყონ.
ყურადღებით უნდა იყვნენ მოზარდების მშობლები. როდესაც ბავშვი არის დეპრესიული, იქცევა უჩვეულოდ, ვიდრე თავად დაიწყებს „თვითმკურნალობას“ აფთიაქში, სჯობს, მიიყვანონ სპეციალისტთან, რომ ერთი კონსულტაცია მაინც მიიღოს.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ბიონარკოტიკების მოხმარებას მარიხუანას დეკრიმინალიზაცია შეამცირებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– მარიხუანას მომხმარებელი მხოლოდ მარიხუანას ერთგული ძალიან იშვიათად რჩება. ის ვინც „თამამად“ არის მსგავს ნივთიერებებთან, ნებისმიერ საშუალებას სინჯავს, რისი შოვნაც კი შეიძლება, იქნება ეს ექსტაზი, LSD, ბიო თუ სხვა რამ. ეს არის რაღაცნაირად მიმღებლობა, გათამამება მსგავსი ნივთიერებების მიმართ. ასე რომ, რომელიმე ერთის შემოღება იქნება უბედურება – ლეგალიზაციის ძალიან წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, არ მიმაჩნია სწორად, რომ მხოლოდ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ასევე წინააღმდეგი ვარ, რომ მოსაწევის გამო ახალგაზრდა ადამიანი ჩააგდო ციხეში და მკაცრი სასჯელი დაუწესდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ნარკოტიკების მომხმარების გამო ადამიანები ფიზიკურად დაინვალიდებულები არიან, ჩამორჩენილები არიან გონივრულადაც და ათასი უბედურება აწუხებთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს მიერ მოძალადეებსა და მკვლელებზე მეტი სიმკაცრით უნდა ისჯებოდნენ.