ქართული საავტომობილო ბიზნესი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. თუ დონალდ ტრამპი უცხოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იან საბაჟო ტარიფს დააწესებს, რასაც ის უკვე აქტიურად განიხილავს, ეს გააძვირებს ამერიკიდან ავტომობილების იმპორტსაც. როგორც ტრამპმა აღნიშნა, 25 პროცენტი საბაზისო მაჩვენებელი იქნება და ქვეყნების მიხედვით, სატარიფო განაკვეთის მოცულობა გაიზრდება.
ტარიფების დაწესება იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში, ის ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეულ საფასო უპირატესობას მისცემს. ამასთან, ტარიფებიდან მიღებულ მოსაკრებელს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი აითვისებს და გენერირებული თანხა სუვერენული ვალის შემცირებას მოხმარდება.
ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ომის გაჩაღება არა მარტო კანადის, მექსიკისა თუ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სურს, რადგან აშშ-ის ბაზარზე ავტომობილები ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდანაც შედის.
რა მოხდება საქართველოში იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანს? საქმე ისაა, რომ ჩვენი ავტობიზნესი 70-80%-ით ამერიკის ბაზარზეა დამოკიდებული. როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი გადასახადის დაწესება ამერიკიდან ექსპორტს არ ეხება, ამ გადაწყვეტილებას მაინც პირდაპირი გავლენა ექნება ქართულ ბაზარზე.
„უცხოეთიდან, მათ შორის კორეიდან, იაპონიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იან ტარიფის დაწესება ამერიკაში ცალსახად გააძვირებს ახალ ავტომობილებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოთხოვნის ზრდას მეორად ავტომობილებზე. შესაბამისად, აიწევა მათი ფასიც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში, დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში, გავლენას იქონიებს საქართველოზეც, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეორადი ავტომობილები უმეტესწილად სწორედ აშშ-დან შემოდის“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ვეკუამ.
საქართველო ამერიკულ ბაზარზე მართლაც დიდად არის დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ აშშ-დან ავტომობილები ქართველი მომხმარებლისთვის შემოდის, რეექსპორტისთვის განკუთვილი მანქანების ლომის წილიც ოკეანისგაღმიდან მოდის. ამიტომ ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას ჯაჭვურ რეაქცია ჩვენთანაც ექნება.
„ავტობიზნესიში 80%-ით ამერიკულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ თუ რაიმე შეიცვლება, შესაბამისი გავლენა იქნება საქართველოშიც. ანალოგიური მოხდება ჩვენთანაც, ეს ჯაჭვური რეაქციაა.
თითქმის მთლიანად ამერიკაზე ვართ მიბმული, რადგან ის იაფი ბაზარია. ამერიკაში თუ გაძვირდება ავტომობილები, რა თქმა უნდა, თავისთავად, აქაც მოიმატებს ღირებულება. გავლენას ნამდვილად მოახდენს. უნდა ითქვას ისიც, რომ ავტოიმპორტიორებს გვაქვს ავტომობილების ევროპიდან და თუნდაც იაპონიიდან ჩამოყვანის გამოცდილება. თუ ამერიკაში მანქანები ისე გაძვირდება, რომ ღირებულება ევროპის და იაპონიის ბაზარს გაუსწრებს, მაშინ, მოხდება სხვა ქვეყნების წინ წამოწევა და ამერიკული ბაზარი კი უკანა პლანზე გადაინაცვლებს. აშ-შ-თან მრავალი წლის პარტნიორობა გვაქვს, მაგრამ ცვლილებები იქნება“, - განაცხადა დარბაისელმა.
საქართველო რომ ამერიკულ ბაზარზე დიდწილადაა დამოკიდებული, ამას მოწმობს სტატისტიკაც. 2025 წლის იანვარში საქართველოში 150 995 400 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 23.1%-ით ნაკლები აღმოჩნდა.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის, საიდანაც იანვარში 84,5 მლნ აშშ დოლარის 6675 ცალი ავტომობილი შემოვიდა. მეორე ადგილზეა იაპონია - 21,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 729 ავტომობილით, მესამეზე კი გერმანია - 19,3 მლნ აშშ დოლარის 352 ცალი ავტომობილით.