ნავთობი, შაქარი, ხორბალი, ხინკალი - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ნავთობი, შაქარი, ხორბალი, ხინკალი - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

“ის იდგა საპარლამენტო ტრიბუნასთან. იყო ახოვანი და მხრებში გაშლილი! იყო დიადი და მრავლისშემძლე! მაგრამ, მან არ იცოდა, რომ აღარავის სჯეროდა მისი და მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა მხოლოდ ირონიას თუ იწვევდა რიგით მოქალაქეებში“ – ასე შეაფასეს ქართულ ინტერნეტფორუმებზე საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა.

 

გასულ კვირას სამამულო ინტერნეტ–სივრცეში სააკაშვილი საპარლამენტო გამოსვლა და ეგვიპტის პრეზიდენტის, მუბარაქის გადადგომა, ყველაზე აქტუალირი თემები იყო.  და ასევე –  სოფელ მისაქციალში მომხდარი საშინელი ტრაგედია. მაგრამ, ჩვენ ხომ ტელეკომპანია “იმედი“ არ ვართ, რომ მსგავსი უბედურებებით რეიტინგი გავიზარდოთ, ამიტომ, ჭეშმარიტად დიდი უბედურებით – პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლით შემოვიფარგლოთ.

 

ერთ–ერთი ფორუმელი ფიქრობს, რომ უსამარცხვინოესია ე.წ. "საპარლამენტო ოპოზიცია" და ყველა ის, ვინც ვინც მათ ხმა მისცა...

 

Kodeqsi: “მე ამათი “საშუალო ელიტკორუფციული“ დედები კი ვატირე. რას მიგდიან პარლამენტში ეს ვითომ ოპოები. ეს ჩახვაძემ თუ სახვაძეა რომაა, ვითომ “ედეპეშნიკივით“ შემძვრალი მანდ, ეს სავარძლის მათხოვარი ხომ მთლად კატასტროფა ყოფილა, მე მაგისი... ჯერ რომ ცნება ელიტური “გაასაშუალოა“ ამ უტვინო მლიქვნელმა და მეორეც, კორუფცია რომ მექრთამეობის დონემდე დაჰყავს და მეტი არაფერი ესმის.

 

რა დაახურინა მიშმუბარაკს მაღალ ტრიბუნაზე ამძვრალ თავისივე თავზე, ეს რა მაზოხისტი ყოფილა! არადა, დრო-ადგილ-მომენტის მიხედვით რა მშვენივრად შეეძლო ეთქვა, რომ ელიტური კორუფციაა მიშას “გრანდნაცების“ და მათი ოჯახ-საახლობლოს წრიდან პასუხს ვერავის ვერაფერზე რომ ვერ აგებინებ, მცირედ კანონდარღვევას ვინ ჩივის, მკვლელობაზეც იმუნიტეტი აქვთ. მარა, ამის თქმას მილიონების გასაგონ-დასანახად ბატონისთვის პირში ხომ დიდი შნო, გამბედაობა  უნდა და  ეს  ვინ მისცა ამ ამებებს...“.

 

გამოეყენებინათ ხალხის მიერ მიცემული საპარლამენტო მანდატები ზოგ-ზოგიერთს ისე, როგორც საჭირო იყო და ცოტა მეტი დისკომფორტის შექმნას მაინც შეძლებდნენ სულ მცირე...

 

“საოცარი“ არჩევნები სამხატვრო აკადემიაში, ანუ ხმების გადაცემა...

 

A10: შეიძლება ეგეთი რამ? სამხატვრო აკადემიაში გამართულ არჩევნებში ცერცვაძემ მიიღი 131 ხმა, ბუღაძემ 127. ვიღაც სხვამ –  7. ჰოდა ამ “ვიღაცამ“ თავისი ხმები გადასცა ბუღაძეს და მოიგო ბუღაძემ. ეს ვერ გავიგე ახლა, რამე ახალი ნოუ-ჰაუა თუ ეგრეა? ყმაწვილებო, განმანათლეთ. არ მაფურთხოთ ოღონდ. ფურთხიანი პერფომანსები ყვარებია ნამეტანი ბუღაძეს“.

 

ლავუაზიეს კანონია. ამას ქართულ ენაზე ჰქვია: “ვაი ჩვენს პატრონს!“.

 

ფორუმული იდეა: აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ, აშენდეს ბათუმში 1936 წელს აფეთქებული წმინდა ალექსანდრეს სახელობის ტაძარი!

 

d-robi: “თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების და ბათუმში მეჩეთების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ამ საქმეს რომ ვუყურებ, მგონი აღარა ეშველება რა... წინადადება მაქვს, რომლის გაზიარების და ერთად დადგომის შემთხვევაში შესაძლოა თურქულ მხარეს არც მწვადი დავაწვევინოთ, არც შამფური, ბონუსად კი, კარგი ქართული საქმე მივიღოთ.

 

თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, აღდგეს აზიზიეს მეჩეთი, ბატონებო - ოღონდ არა იქ, სადაც დღეისათვის მოიაზრებენ –  თავისუფლების მოედანზე (1921 წლის 18-დან 21 მარტამდე, როცა ბოლშევიკური არმია საქართველოში იყო შემოჭრილი, ხოლო თურქეთი აჭარის მითვისებას ცდილობდა, 80-მდე იუნკერი, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. 50 მათგანი ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული) - აღდგეს დამატებითი პირობით - აღადგინონ რა ქალაქის ბიუჯეტისა თუ კერძო შემოწირულობების ხარჯზე 1936 წელს აფეთქებული წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი იქ, სადაც ოდესღაც იდგა“.

 

სხვათა შორის, ალექსანდრე ნეველი მონღოლ-თათრების ბრძანებით და რუსეთის პატრიარქის კურთხევით, შეებრძოლა და დაამარცხა ქრისტიანი გერმანელების ჯარი, რომელიც ებრძოდა მონღოლ-თათართა ურდოებს. სჯობს ქართული ძეგლების აღდგენაზე ვიფიქროთ, და არა რუსეთის იმპერიის სიმბოლოებზე!

 

ელიტარული კორუფციის მაგალითებით დავეხმაროთ ხელისუფლებას!

 

Mogzauri: “კორუფცია (ლათ. corrumpere – ვაფუჭებ) - ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ (არალეგიტიმური) გამოყენება პირადი კეთილდღეობისთვის. ყველაზე გავრცელებული ფორმებია: პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, გაფლანგვა და ნეპოტიზმი.

 

პარლამენტში ჩატარებული ბოლო სხდომიდან გაირკვა, რომ პრეზიდენტმა არ იცის საქართველოში არსებული ელიტარული კორუფციის არსებობის შესახებ. აქ მოვიყვანოთ კორუფციის მაგალითები და ვცადოთ დავეხმაროთ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ცინცხალი მაგალითი:

 

დაახლოებით ექვსი თვის წინ, რუსთავში ამუშავდა საქონლის ტყავის გადამამუშავებელი საწარმო. ამ საწარმოს ამუშავებამდე მცირე მეწარმეები მოსახლეობისგან ყიდულობდნენ საქონლის ტყავს და გაჰქონდათ ექსპორტზე. დღეს კი ყველა მეწარმე იძულებულია საქონლის ტყავი ჩააბაროს ამ საწარმოს მათ მიერვე დადგენილ ფასებში.

 

იძულებას კი ახდენენ შემდეგი წესით: საქონლის ტყავის ექსპორტისათვის საჭიროა ვეტერინარული სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პატრონაჟითა თუ მოქრთამვით ეს სამინისტრო სერთიფიკატს აღარ გასცემს“.

 

გთავაზობთ ბრძოლის ერთ-ერთ გზას - მოვძებნოთ ვინმე ეგვიპტელი ან ტუნისელი გრანტიჭამია, დავაწერინოთ პროექტი და აქ მოყვანილი მაგალითებზე ჩავატაროთ ჟურნალისტური გამოძიება.

 

რა დროს გრანტებია, როდესაც ხინკალი შესაძლოა ერთი ლარი გახდეს!

 

koba81: “სულ ვამბობდი, რამ შეიძლება ქუჩაში გამიყვანოს და რევოლუციაში მივიღო მონაწილეობა-მეთქი, და აჰა -  ხინკალსაც მიადგნენ. ეს უკვე მეტისმეტია! ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გადაჰყვებიან ხინკალზე ფასების გაძვირებას!

 

ცომია მთავარი, ფქვილისგან მზადდება, ფქვილი - ხორბლისგან. ხორბალი კი, მოგეხსენებათ, არ გვაქვს. ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ რაში გავახვიოთ ფარში. ისეთი პროდუქტი გვჭირდება, რაც ასე თუ ისე ,“გვატიალია", (მაგ. ტყლაპი). ან გუფთას რას უჩივით საერთოდ?! ჩავყაროთ პირდაპირ ხინკლის გული და მოვხარშოთ. ცომეული ისედაც ასუქებს. ანდა, რამე აბები მოვიფიქროთ, ცოტა ფქვილი და ხორცი რომ ერიოს და ის დავლიოთ არ ჯობია? ნუ, მიშა იყოს და, ყველაფერს მოვიფიქრებთ და მივეჩვევით...“.

 

ჩინელებს შეუკვეთიათ გუშინ მილიარდნახევარი ხინკალი "მირზაანში" და

ამიტომ გაძვირდა... ისე კი, მიტინგების დარბევას და ხალხის დახოცვას, ისევ ის სჯობს, რომ ხინკალს გადაყვეს.

 

მიშა, ყველა ჟრუანტელის შენ ხარ ეპიცენტრი!

 

Licemer: “საქართველო და რომის იმპერია,

საქართველო და ბიზანტიის საკეისრო,

საქართველო და არაბთა ხალიფატი,

საქართველო სპარსეთის შაჰინშატი,

საქართველო და მონღოლთა ულუსი,

საქართველო და ოსმალთა სულთანატი,

საქართველო და მეფის რუსეთი,

საქართველო და წითელი რუსეთი.

საქართველო და კურდღელი მიხეილ სააკაშვილი!“.

 

მიშა, მაუსზე ხელი არ აგვაღებინო!

 

და მაინც, საინტერესოა რას (და)აპირებს მიშა მომავალში?!

 

lasha_alo: “2013–ში მიშა წავა, რადგან 2012 წელს არჩევნებია და ეცდებიან ნაცებმა მაქსიმალურად ამოქაჩონ ხმები და არ დაუშვან სხვა მხრიდან ინექციები . 

 

2013 წელს  კი, უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ნაცმოძრაობა მიესალმება პარტიის თავმჯდომარე ბატონ მიხეილ სააკაშვილს და დასახელდება ერთი პარტიული კანდიდატი დიდი ლიდერის მიერ. ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც გაუყვება ზღვას. მიხო კი ირბენს თვითმფრიონავით დემოკრატიის კონფერენციებზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, წარმატებული ექსპრეზიდენტის სტატუსით. შემოელანძღება ხანდახან რომელიმე ჩინოსანი და ეგაა...

 

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე 5 ან 10 წლის შემდეგ შეეცდება დაბრუნებას. ესაა ჩემი აზრით ყველაზე რეალური გეგმა. აი ჩვენ რას (და)ვაპირებთ, ვერ გეტყვით... ჰა, რას იტყვით, რეალურია?“.

 

კაკულიასებურად რომ ვთქვათ: ვხედავ ბელორუსში დაწყებულ არეულობებს... თეთრ სახლში რესპუბლიკელი პრეზიდენტია... მისი სპეც-წარგზავნილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში ჩაფრინდა, ოოო.... რამდენი ცეცხლია...

 

რუსეთუმე ფორუმელის აზრით, არაბული რევოლუციური “სიო“ ვაშინგტონიდან უბერავს

 

Asds: “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები განხორციელდა ტუნისში და ეგვიპტეში. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება ალჟირში და იემენში, იგეგმება ანტისამთავრობო გამოსვლები სირიასა და რეგიონის სხვა სახელმწფოებში..

 

ჩემი აზრით, ვაშინგტონი (ლენგლი) ისლამურ სამყაროში (ამ შემთხვევაში - ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) არსებულ “დაჭაობებულ-კორუმპირებულ-დასუსტებულ პროამერიკულ რეჟიმებს, ახალი ასევე პროამერიკული რეჟიმებით ცვლის. ცვლის ზუსტად იმიტომ, რომ ირანზე თავდასხმის დროს ზურგიდან არ მიიღოს დარტყმა. ეს არის ტუნისში და ეგვიპტეში განხორციელებული “ხავერდოვანი რევოლუციების” ძირითადი მიზეზი და არა ის, რომ არაბულ სამყაროში დემოკრატიისადმი საყოველთაო სწრაფვამ გაიღვიძა.

 

ვაშინგტონიდან უბერავს “არაბული რევოლუციური სიო” და ფაქტი არ არის, რომ ან ტუნისის მოსახლეობა მოიგებს ქვეყნის გარედან მართული “regime change”-”ოპერაციით” რამეს, ან ეგვიპტის, და გინდაც იმ ქვეყნების სადაც ვაშინგტონმა ანალოგიური პროცესები დაგეგმა“.

 

მოკლედ, რას გვიშვრება ეს ამერიკა ამ არაბებს...

 

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის გადაჭრის რეალური გზების ძიებაში...

 

როულსელი: “ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების დასაწყებად უნდა გადაიდგას ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები. გთხოვთ, ერთად გავიხილოთ ამ ნაბიჯების ეფექტიანობა.

 

1. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად გამოიძიებს ოთხმოცდაათიან წლებში აფხაზეთში და სამაჩაბლოში მინდინარე პროცესებს.

2. კომისიამ უნდა გადასცეს საქმე პროკურატურას და დაიწყოს დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა,

3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულად უნდა გამოცხადდეს როგორც ქართველი ისე აფხაზი ეთნოსი.

4. საქართველომ უნდა ხაზი გაუსვავს, რომ აფხაზი ეთნოსი არის ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ამიტომ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ეთნოსის ფიზიკურ გადარჩენაზე.

5. აუცილებელია, აფხაზებითვის სრული უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა.

7. საჭიროა შერჩეული აფხაზი სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნა.

 

ამ პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები იქნება რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკის შეჩერება. აფხაზების ფაქტობრივი მოსყიდვა და მათი დაინტერესება ქართული მოქალაქეობით. საბოლოოდ, აფხაზების რეინტეგრაცია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში“.

 

ევროპასთან ინტეგრაციის მსურველები აქამდეც გადადგამდნენ ამ ნაბიჯებს. ახლა კი, ერთი - “ბარი“ გადაურჩება იტალიის სერია “ა“–დან გავარდნას და მეორე - აფხაზები გადაურჩებიან გარუსებას...