მსოფლიო გაზის ბაზარზე რუსეთის დიქტატი 2015 წელს დასრულდება! (წერილი მეშვიდე)

მსოფლიო გაზის ბაზარზე რუსეთის დიქტატი 2015 წელს დასრულდება! (წერილი მეშვიდე)

2013 წლის 3-13 სექტემბერს ჩინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი სი ძინპინი ცენტრალურ აზიას სტუმრობდა და თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ლიდერებს შეხვდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტში, რომელიც ბიშკეკში გაიმართა. რამდენიმე ეკონომიკური შეთანხმების მიუხედავად, ექსპერტებმა ეს ტური ჩინეთის ძალის დემონსტრირებად მიიჩნიეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 2013 წლის 7 სექტემბერს, ასტანაში ჩინეთის ლიდერმა ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში მისი ქვეყნის სტრატეგია ჩამოაყალიბა.

ჩინეთის ფაქტორი

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ სის რეგიონში ვიზიტი გააღრმავებს ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩინეთთან ინტეგრაციას ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ფინანსებისა და ენერგეტიკის სფეროებში, თუმცა ზოგიერთ დარგში ცენტრალური აზიის ქვეყნების განვითარების დონე იმდენად დაბალია, რომ ჩინეთთან მათი ურთიერთობა მხოლოდ ნეოკოლონიალური „სპონსორობის“ ფორმებს იღებს და ურთიერთხელსაყრელ ინვესტირებასთან საერთო არაფერი აქვს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში რუსეთთან კონკურენციას თავი აარიდა, მაგრამ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, მოსკოვზე პოლიტიკური უპირატესობის დამყარება შეძლო.

პეკინის მიერ რეგიონში განხორციელებული ინვესტიციებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ხელმოწერილი შეთანხმებების სია შთამბეჭდავია და მისი იმპლემენტაცია ჩინეთის ამჟამინდელ გავლენას რეგიონზე, სავარაუდოდ, გააორმაგებს... ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში არსებული ჩინური ინვესტიციები შეფასებულია 30 მლრდ დოლარად, ხელმოწერილი კონტრაქტების საერთო ღირებულება კი, 51 მლრდ დოლარია. შეთანხმებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. მათ შორისაა, მაგალითად, უზბეკეთში 455 მლნ დოლარის ღირებულების სტრატეგიული სარკინიგზო გვირაბის აშენება, თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენში ახალი, “დ” მილის დამატება, ყაზახეთის „კაშაგაბის” საბადოში წილის შესყიდვა. სპეციალისტების აზრით, ისიც სიახლეა, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩინეთმა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების სექტორშიც დაიწყო. კერძოდ, პეკინმა თითქმის 8 მლრდ დოლარის საკრედიტო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყაზახეთთან „ბაიტარეკის“ პროექტის მხარდასაჭერად. ესაა ყაზახეთის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ხელს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და ეკონომიკის მოდერნიზაციას შეუწყობს.

ამ კონკრეტულ შეთანხმებებთან ერთად, პრეზიდენტმა სიმ რეგიონის მიმართ ჩინეთის ახალი სტრატეგიაც წარმოადგინა, რომელსაც „დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური დერეფანი“ უწოდა და რომელიც ნიშნავს ეკონომიკურ თანამშრომლობას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას, ვაჭრობის ზრდასა და სავაჭრო ბარიერების გაუქმებას, ურთიერთვაჭრობაში ეროვნული ვალუტების როლის გადიდებას. პრეზიდენტი სი რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა და ამ ეკონომიკურ ინიციატივებს კულტურულ და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის წინადადებებიც დაუმატა (მაგალითად, „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების 30 ათასი სტუდენტის სწავლება ჩინეთში), რაც პეკინის აზრით, შეარბილებს ამ რეგიონში არსებულ ანტიჩინურ განწყობებს.

ჩინეთის ლიდერის ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ენერგოშეთანხმება გაფორმდა, რაც მისაღები მხოლოდ რუსეთისთვის კი არა, დასავლეთისთვისაც არ უნდა იყოს. კერძოდ, პეკინმა ყაზახეთის უდიდესი საბადოს, „კაშაგანის“ ნავთობპროექტში 8.33%-ის დაუფლება შეძლო, საიდანაც ნავთობის დასავლეთისკენ ტრანსპორტირება აზერბაიჯან-საქართველოს გავლით იგეგმებოდა. ამ ნავთობის ჩინეთში შესაძლო ექსპორტთან ერთად, მიღწეული შეთანხმებებით, იგეგმება არსებული თურქმენეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი „ტრანსაზიური გაზსადენის“ პარალელური, 30 მლრდ კუბმეტრი წლიური წარმადობის ე.წ. „დ“ მილის აგება, რომელიც „ტრანსაზიური გაზსადენის“ მსგავსად, გაივლის თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებს, შემდეგ კი გადავა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, საიდანაც ჩინეთში შევა. სამაგიეროდ, ჩინეთი თურქმენეთში, მსოფლიოში სიდიდით მეორე საბადოს - „გალკინიში“ - მეორე ფაზის ათვისების დაწყების ვალდებულებას იღებს. ამ გიგანტური გაზის საბადოს „დე ფაქტო“ დაუფლება თურქმენეთის ექსპორტის დივერსიფიკაციის („ტრანსკასპიური“ და „ტრანსავღანური“ პროექტებით) მცდელობების დასრულებას ნიშნავს. ამით ჩინეთი თურქმენეთში რუსეთს ჩაანაცვლებს. უფრო მეტიც, „დ“ მილის ტაჯიკეთ-ყირგიზეთის მიმართულებით აგებით, ჩინეთი რეგიონის ქვეყნებისვე პროექტებით, მათ ინტეგრაციას მოახდენს.

ამრიგად, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობით ჩინეთმა, პრაქტიკულად, გარდაქმნა ცენტრალური აზიის რეგიონი თავის სარესურსო ბაზად. ექსპერტების უმრავლესობა ეჭვგარეშედ მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნების მჭიდრო ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის მიმართულებით მეტად განვითარდება. ეს ტენდენცია, ასევე, წინ აღუდგება ევროპაში ცენტრალური აზიის ნახშირწყალბადების ექსპორტის ამერიკულ გეგმებს. ამავე დროს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩინეთთან რეგიონის დინამიური და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოქმნის ამ ქვეყნების ჩინეთის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გავლენის ქვეშ მოქცევის რისკს. ეს ტენდენცია რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რომელიც რეგიონს თავისი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

ისრაელის ფაქტორი

ისრაელის პოზიცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, ისრაელი საქართველოს მეკავშირედ წარმოგვიდგებოდა. მეორეს მხრივ კი, ისრაელს უნდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, უმეტესად, საკუთარი ენერგო-უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე. ისრაელს, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, არა აქვს ნავთობი და იძულებულია, მისი იმპორტი აწარმოოს - დღეში 300 ათასი ბარელი ნავთობი რუსეთიდან შეაქვს, რაც მისი იმპორტის 80%-ია.

რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ისრაელი ცდილობს, ჯეიჰანის ტერმინალში კასპიის ნავთობი და გაზი შეისყიდოს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, ერთის მხრივ, ისრაელსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს, თურქეთს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის თურქეთის გავლით აშკელონის და ეილატის ტერმინალებამდე მილსადენების მშენებლობის თაობაზე. შესაძლებელია, ისრაელიდან ნავთობი ახლო აღმოსავლეთში ინდოეთის ოკეანითაც გადაიტვირთოს, თუმცა ამ დერეფნის სიმძლავრე, დიდი ტანკერების ბოსფორისა და სუეცის გავლით ნავიგაციის შეზღუდულობის გამო, შემოფარგლულია. მიუხედავად ამისა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა” და “აშკელონ-ეილატის” ნავთობსადენების ურთიერთდაკავშირებით შეიძლება, გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები მზარდ აზიურ ენერგო-ბაზრებთან კონტაქტის დასამყარებლად. ეს პროექტი საკმაოდ რეალისტურია და, ექსპერტთა აზრით, არც ძვირი უნდა დაჯდეს, თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის უსაფრთხოება ამ პროექტის რეალიზაციის ძირითადი დაბრკოლება იქნება.

სწორედ ზემოაღნიშნულით აიხსნება საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ისრაელის ახლანდელი დამოკიდებულება. ირანისადმი ტელ-ავივის მუქარა ხელს უშლის ისრაელის სურვილს, რომ შექმნას აზიისკენ ნავთობის ახალი სატრანზიტო მარშრუტი. თუ ორმუზის სრუტე, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ალყაში მოექცევა, ტანკერების მიმოსვლა მარშრუტის ამ სეგმენტში შეფერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ისრაელის წინაშე დგას დილემა: ან საკმაოდ რეალისტური “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”, პლუს, “აშკელონი-ეილატი-აზია” ნავთობის მარშრუტი, ან რუსეთსა და ირანთან კონფრონტაცია ვაშინგტონის სასარგებლოდ  და საკუთარი ენერგო-უსაფრთხოების საზიანოდ.

რუსეთის ფაქტორი

2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, როცა მოსკოვმა საქართველოს ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა სცნო, თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის როლი და სტატუსი მკვეთრად შეიცვალა. საქართველოზე “საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით თავდასხმით, რუსეთმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ ჰიდროკარბონების ერთადერთი და სტაბილური სატრანზიტო სივრცეა კასპიისპირეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის.

2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურამ ფუნქციონირება შეწყვიტა, საქართველოს სატრანზიტო იმიჯი აშკარა ეჭვის მიზეზი გახდა. კერძოდ, 2009 წლის 13 აგვისტოს, ჯეიმსტაუნის ფონდის ექსპერტებმა მოხსენებაში - “თურქეთი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პრობლემები” განაცხადეს, საქართველოში კრიზისის გრძელვადიანი ზეგავლენა ისაა, რომ დასავლეთის სურვილი, გამოეყენებინა საქართველო ენერგო-სატრანზიტო პროექტებისთვის, მოსკოვის აზრის გაუთვალისწინებლად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ასევე, 26 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი არ მოახდენს გავლენას რუსულ-გერმანულ-ჰოლანდიურ “ჩრდილოეთის ნაკადზე”. ზოგიერთი ევროპელი ანალიტიკოსი პირდაპირ მიუთითებდა, რომ ვინაიდან უახლოესი 30 წელი დასავლეთი რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული, რუსეთი “ენერგეტიკულ საფრთხედ” დარჩება.

2009 წლის 27 აგვისტოს, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ახალი “ენერგეტიკული სტრატეგია”, რომელიც ძალაში 2030 წლამდეა. მისი ძირითადი დანიშნულება ენერგო-რესურსების წარმოებისა და ექსპორტის არსებითი ზრდა და ენერგო-სექტორის ყოვლისმომცველი მოდერნიზაციაა. სტრატეგიაში ყურადღება გამახვილებულია ევროპის ენერგო-ბაზრების მომარაგების მონოპოლიის შენარჩუნებაზე. საამისოდ დასახულია ამოცანა, რომ მოხდეს ტრანზიტული ქვეყნების იმიჯის შელახვა და გაზსადენების გაყვანის დაჩქარება და დაცვა მათი გვერდის ავლით.

სატრანზიტო იმიჯზე სამხედრო ინტერვენციის გზით ზემოქმედების გარდა, 2008 წლის ბოლოდან დასავლეთის მარშრუტებზე მოსკოვი ახალი ენერგო-პროექტების განხორციელებითაც მოქმედებს.

2013 წლის 31 ოქტომბერს, ბულგარეთში, საზეიმოდ გაიხსნა “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის სახმელეთო მონაკვეთის მშენებლობა. ცერემონიას უსწრებდა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც პროექტის დაფინანსებისა და განხორციელების ვადებია შეცვლილი.... ექსპერტებმა მშენებლობის გახსნა მოსკოვის პროპაგანდისტულ ნაბიჯად ჩათვალეს.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წლისთვის აშშ გაუსწრებს საუდის არაბეთს და გახდება მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი, მანამდე კი, რუსეთს გაზის წარმოებაში გაუსწრებს. ამის შედეგად, ევროპის გაზმომარაგებაში რუსული ე.წ. ნაკადების როლი მნიშვნელოვნად შემცირდება, „გაზპრომის“ მრავალმილიარდიანი ზღვისქვეშა გაზსადენები კი შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით, წყალში გადაყრილი აღმოჩნდნენ.

აღნიშნული წარმატების ძირითად მიზეზად დასახელებულია, ბოლო წლებში, ამერიკულ ფიქლებში ახალი ტექნოლოგიით ნახშირწყალბადების მოპოვების სწრაფი ზრდა. ადრე აშშ-ში ნახშირწყალბადების დაზვერვა-მოპოვება „გარეული კატის“ მეთოდით ხდებოდა. დღეს კი, ამერიკელი და კანადელი სპეციალისტები ნახშირწყალბადების შემცველი ფიქლების გეოფიზიკურ და გეოქიმიურ კვლევებს უახლესი გეოლოგიურ-სადაზვერვო აპარატურით ატარებენ, რითიც „ჰორიზონტალური ბურღვის“ რეალურ უკუგებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ადრე მიწისქვეშა მღვიმეებში, საბადოს უთანაბრო ფსკერსა და ე.წ. ჯიბეებში დარჩენილი ნედლეულის არსებობის გამო, 30-40%-ით ათვისებული საბადოების მიტოვება ხდებოდა. ახალი ტექნოლოგიებით, „ნარჩენები“ სწრაფად იძებნება. შემდეგ, ძველი საბადოების ქანებიდან, ქიმიურად დამუშავებული წყლიანი ქვიშის დაჭირხვლით, დიდი ოდენობით ნავთობის მოპოვება ხდება. 

შედეგად, თუ ახლა აშშ ენერგეტიკული საჭიროების 20%-ს იმპორტით იკმაყოფილებს, 2035 წლისათვის მთლიანად დაიკმაყოფილებს საკუთარ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს. 2020 წლისთვის კი, აშშ გეგმავს მოიპოვოს დღეში 11.1 მლნ ბარელი ნავთობი, ნაცვლად საუდის არაბეთის 10.6 მლნ ბარელისა. პროგნოზით, 2015 წელს აშშ, ასევე, რუსეთს გაუსწრებს და მსოფლიოს უდიდესი გაზის მომპოვებელი გახდება. ეს ცვლილებები უდიდეს  გეოპოლიტიკურ შედეგებს მოიტანს: აშშ ნაკლებად იქნება დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთსა და კასპიისპირეთით, სამწუხაროდ, საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფნითაც”.

აშშ ევროპაში, იაფი თხევადი აირის ექსპორტით, შეზღუდავს „გაზპრომის“ მილსადენების მონოპოლიურ მდგომარეობას, რაც სამხრეთ კავკასიისა და აზიის გაზის ქსელებისადმი რუსეთის ინტერესს გააათმაგებს. რუსი ექსპერტების აზრით, მოსკოვს ურჩევნია, მეტი ყურადღება დაუთმოს აღმოსავლეთსა და სამხრეთში გაზის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას და თავი დაანებოს ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტის ზრდაზე ფიქრს. ამ უკანდახევის რეალური „სიმპტომები“ უკვე სახეზეა - „წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება“.

კერძოდ, 2012 წლის ზაფხულში, ანკარას და ბაქოს მიერ, რუსეთის გვერდის ავლით, „ტრანსანატოლიური გაზსადენით“ ევროპაში “შაჰ-დენიზის” გაზის ტრანსპორტირების ინიციატივა. ასევე, თურქმენეთი აპირებს, ჩინეთისა და ინდოეთის გაზმომარაგების ზრდის პარალელურად, ევროკავშირის „ტრანსკასპიური გაზსადენით“ მომარაგებას. მას, სავარაუდოდ, გვერდში დაუდგება უზბეკეთიც, რომელმაც, პრაქტიკულად, დატოვა დსთ-ს „კოლექტიური უსაფრთხოების“ ორგანიზაცია და გამოთქვა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტებში ჩართვის სურვილი. ტაშკენტი აშშ-ს დაეთანხმა, თავისი ტერიტორია დაუთმოს ავღანეთიდან გამოტანილი იარაღისა და ტექნიკის ნაწილის დასაწყობებისათვის, რაც, პრაქტიკულად, 2005 წელს ანდიჟანის მოვლენების გამო გაუქმებული აშშ-ს ბაზის აღდგენას ნიშნავს.

მაშასადამე, ნახშირწყალბადების დაზვერვასა და მოპოვებაში მომხდარი „რევოლუციური ცვლილებების“ შედეგად, სახეზეა ცენტრალური აზიის ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია: ერთის მხრივ, რუსეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. მეორეს მხრივ, აშშ, უზბეკეთი და თურქმენეთი.

ბოლო დროს “სამხრეთის ნაკადს” ევროპაში მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, “მერილ ლინჩი” თავის კლიენტებს ურჩევს, დააბანდონ ინვესტიციები რუსულ გაზის გიგანტში. საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით, რუსულ გაზზე ევროპაში მზარდი მოთხოვნაა. ამას, ექსპერტების აზრით, ნორვეგიის გარდა, თითქმის ყველა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების შეკვეცა და 2018 წლიდან ჩინეთში რუსული გაზის ექსპორტის მოსალოდნელი დაწყება განაპირობებს. არის ინფორმაციაც, რომ რუსულმა კომპანია “სტროიტრანსგაზმა” ხელი მოაწერა “მშენებლობის კონტრაქტს” და მზადაა, ქალაქ ანაპასთან პირველი შედუღება განახორციელოს, თუმცა ამ მოვლენებზე რუსულ მედიაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები ვრცელდება. 

“გაზპრომის” ხელმძღვანელმა, მილერმა განაცხადა, რომ რუსულ გაზზე ევროპის სტაბილური მოთხოვნის ზრდა განაპირობებს “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის სწრაფად აგებას. არსებული ინფორმაციით, 2012 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით, პროექტის ბულგარული მონაწილე - “ბულგარეთის ენერგოჰოლდინგი” “გაზპრომისგან” მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს 620 მლნ ევროს ოდენობით, რითიც გაზრდის თავის საწესდებო კაპიტალს და, შესაბამისად, გაზრდის ბულგარეთში მის წვლილს 3.5 მლრდ ევროს ინვესტიციაში. წინა შეთანხმებისაგან განსხვავებით, ახალი ხელშეკრულებით ბულგარეთს შეეძლება, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მიიღოს შემოსავალი გაზის ტრანზიტიდან. “ბე-ე-ჰ”-მა და “გაზპრომმა”, ასევე, ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც კომპანიები ვალდებული ხდებიან, დაიცვან ბულგარეთის კანონმდებლობა, როგორც სამშენებლო, ისე გაზსადენის ოპერირების სტადიაზე. ამით მოსკოვი დათანხმდა გაზსადენის ევროკავშირის კანონმდებლობით ფუნქციონირებას, მათ შორის, “მესამე მხარის დაშვების” პრინციპს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბულგარეთში გაზსადენის სახმელეთო სექციის გახსნა მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით და ეს ფაქტი არ წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს პროექტის განხორციელებაში.

სპეციალისტების აზრით, რუსეთს მშენებლობის დაწყების “სპექტაკლი” იმისთვის დასჭირდა, რომ ეჩვენებინა თავისი მზაობა პროექტის თუნდაც ნაწილობრივი განხორციელების დაწყებისთვის (ანუ, დაეფიქსირებინა დაპროექტებული ოთხიდან თუნდაც ერთი მილის აგებისკენ სწრაფვა). ეს პროცესი მოსკოვმა გამოიყენა უკრაინაზე ზეწოლის დამატებით ბერკეტად და ამავდროულად, იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქტიურ როლს თამაშობს. ამასთან, ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ დაფინანსების ახალი მოდელი ვერ აგვარებს სოფიის მთავარ პრობლემას - გაზსადენის ბულგარული სექციის დაფინანსებას.

მართალია, “სამხრეთის ნაკადი” ბულგარეთს რუსულ გაზზე პირდაპირი ხელწვდომის შესაძლებლობასა და მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ანიჭებს, მაგრამ “სამხრეთის ნაკადის” სატრანზიტო მოსაკრებლებიდან შემოსავლები, ახლანდელთან შედარებით, ბულგარეთს შეუმცირდება. ამჟამად ბულგარეთი რუმინეთიდან მიღებულ რუსულ გაზს თურქეთის, საბერძნეთისა და მაკედონიისკენ ატარებს, სადანაც, არაოფიციალური ინფორმაციით, წლიურად, 100 მლნ ევროს იღებს და ეს მაშინ, როცა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, “სამხრეთის ნაკადის” ტრანზიტიდან სოფია წლიურად 93 მლნ ევროს მიღებას გეგმავს.

ამასთან, მედიაში გაჩნდა ცნობა უკრაინის, უნგრეთისა და ხორვატიის ე.წ. ადრიატიკულ გაზის დერეფანზე მოლაპარაკების შესახებ. ეს ანტირუსული პროექტი განხილული იქნა უნგრეთის ვიცე-პრემიერ ნავრატიჩსა და უკრაინის ექსპრემიერ აზაროვს შორის კიევში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. სავარაუდოდ, კიევის მხრივ მასზე მემორანდუმის გაფორმება დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინისა და უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებების შედეგებზე.

ზემოაღნიშნულთან ერთად, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, რომლითაც თითქოს დაიწყო რუსული “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის მშენებლობა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსულ “გაზპრომთან” მხოლოდ წინასწარი შეთანხმებებია ხელმოწერილი, რომლებიც საბოლოოდ, საჯარო განხილვების შემდეგ გაფორმდება. ამასთან, გაზსადენის საზღვაო სექტორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ჯერ მზად არაა. სოფიასთან კონსენსუსი შესაძლოა, მოსკოვის ტაქტიკური დათმობა იყოს “გაზპრომსა” და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რათა “სამხრეთის ნაკადს” მიეცეს “ევროპის საერთო ინტერესის პროექტის” სტატუსის მიღების შანსი. ამით რუსეთმა შეიძლება, “მესამე ენერგოპაკეტის” იმ მოთხოვნას “დააღწიოს თავი”, რომლითაც ახალ გაზსადენს “მესამე მხარის დაშვება” მოეთხოვება, თუმცა ევროკავშირში რფ-ს მიმართ არსებული სკეპტიციზმის ფონზე, “გაზპრომისათვის” ასეთი დათმობების დაშვება ნაკლებსავარაუდოა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყება რუსეთს ბევრ სამართლებრივ პრობლემას შეუქმნის, ანუ “გაზპრომის” პროექტი წინააღმდეგობაში მოვა ევროკომისიის დირექტივასთან. ამ დირექტივასა და “სამხრეთის ნაკადს” შორის არსებობს ორი მთავარი გადაუჭრელი პრობლემა: 1). მომწოდებლისა და ტრანსპორტიორის სხვადასხვა მესაკუთრის არ არსებობა (მუხლი 9) და 2). მილზე მესამე მხარის დაშვების არარსებობა (მუხლი 32).

ნავთობის სფეროში ევროკავშირის ენერგოინტერესებს დაუპირისპირდა უშუალოდ პუტინის კონტროლირებადი რუსული კომპანიების ენერგო-პროექტები. კერძოდ, 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებში, რუსულმა სახელმწიფო კომპანია “ტრანსნეფტმა” “ბალტიის სატრანსპორტო სისტემა 2”-ის პროექტის განხორციელების დაწყების შესახებ განაცხადა. ოფიციოზის თქმით, ამ პროექტით მცირდება რისკები და იზრდება რუსეთის ენერგოუსაფრთხოება. ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი ნავთობსადენების მშენებლობას, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ერთი შეხედვით, თითქოს აზრი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა პოლიტიკური მიზანშეწონილობა რუსეთის ენერგეტიკის მთავარი ნიშანია. რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა აღნიშნულ პროექტს “პასუხი ყველა კრიზისსა და ოპონენტების მოქმედებებზე” უწოდა. ექსპერტების მტკიცებით კი, ეს პროექტი პირდაპირ უპირისპირდება 2007 წელს საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-პოლონეთი-ლიტვას შორის შეთანხმებულ “ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის” პროექტს, თან უკრაინის პორტებს, პრაქტიკულად, ნავთობის გარეშე ტოვებს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტის მწყობრში ჩადგომითა და ნავთობსადენ “დრუჟბას” ჩრდილოეთის განშტოების დაკეტვით, სავარაუდოდ, პოლონეთი იძულებული გახდება, მოახდინოს თავისი პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის რევერსი გდანსკის ტერმინალიდან პლოცკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ. ეს კი, “ოდესა-ბროდის” მილსადენის გდანსკამდე მიყვანას და, მაშასადამე, რუსული ნავთობსადენისადმი ალტერნატიული ბროდი-პლოცკი-გდანსკის მილის მშენებლობას შეაფერხებს. აღნიშნულის შედეგად, აღმოსავლეთევროპელთა მცდელობები, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სამხრეთიდან რუსეთის ალტერნატიული ნავთობმომარაგების შესახებ, სავარაუდოდ, ჩაიშლება.

ამასთან, აღნიშნული ნავთობსადენის აშენებით, მეზობელი ბელორუსის ინტერესებიც ილახება: მინსკს აღარ ექნება შემოსავალი რუსული ნავთობის ევროპისკენ ტრანზიტიდან. ვიდრე ეს პროექტი მხოლოდ განხილვის სტადიაზე იყო, ბელორუსი მას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა, როცა მშენებლობა დაიწყო, მოსკოვს სულ უფრო დაეძაბება ისედაც არანორმალური ურთიერთობა ბელორუსის რეჟიმთან. ამ ნავთობსადენის აშენების შედეგად, ბელორუსის გავლით, ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელებას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და, შესაბამისად, მისი კალენდარული ვადა შესაძლოა, დაირღვეს, მას ყველნაირად უწყობს ხელს ლობისტების მთელი გუნდი. აღმოსავლეთ ევროპის გვერდიდან შემოვლის პოლიტიკური მიზნის გარდა, ლობისტები არც კი მალავენ, რომ ამ პროექტით მაღალჩინოსანთა ბიზნეს-ინტერესებსაც ახორციელებენ. კერძოდ, უმთავრესი ლობისტებიდან აღსანიშნავია ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი. ასევე, “გუნვორის”, “ტრანსნეფტის” და “სურგუტნეფტეგაზის” ამჟამინდელი მენეჯმენტი, რაც ამ კომპანიების საკუთრებითი სქემებიდან გამომდინარე, პერსონიფიცირებულ პუტინს ნიშნავს ამავე დროს, მოსკოვი ცდილობს, ყაზახეთის ნავთობის ნაწილის (წლიურად 10 მლნ ტონის) ზემოხსენებული პროექტით ტრანსპორტირებასაც, რითიც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენს უპირისპირდება.

მოკლედ, “ბი-ტი-ცე 2-ის განხორციელება ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 90 მლნ ტონა ნავთობის (მათ შორის, ყაზახურის) მილსადენ “დრუჟბათი” და, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით” დაგეგმილი ტრანსპორტირება შეიზღუდება. რუსეთში ნავთობის მოპოვება, სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მკვეთრად არ გაიზრდება ე.ი. საჭირო იქნება სულ უფრო მეტი ყაზახური ნავთობი. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებში, რუსეთსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა უპრეცედენტო შეთანხმებას რუსეთიდან 100 მლრდ დოლარის ღირებულების ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შესახებ. ამდენად, ახალი ნავთობსადენის ფუნქციონირების პირველივე ფაზიდან გდანსკის ნავთობის პორტით ტრანზიტი შემცირდება, მეორე ფაზის დაწყებისას კი, პოლონეთისა და გერმანიის გავლით “დრუჟბათი” რუსული ნავთობის ტრანზიტი, სავარაუდოდ, საერთოდ შეწყდება.