ბათუმელი კოლეგების წარმატებით გათამამებულმა რუსთავში მძღოლებმა, შიმშილობა დაიწყეს. აჭარაში ასეთმა მძაფრა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ამიტომ რუსთავშიც ფიქრობენ, რომ მათი გამარჯვების გასაღებიც პროტესტის უკიდურეს ფორმაშია. შესაბამისად, ისინი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის გადადების მოთხოვნით, მძღოლებმა და ხაზების მეპატრონეებმა მერიის წინ შიშილობის აქცია დაიწყეს. ისინი კონკურსის მინიმუმ სამი წლით გადავადებას მოითხოვენ. მერიის წინ მერიის 10 მძღოლი და ხაზების მეპატრონეები შიმშილობენ.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა აზრით, იმ შემთხვევაში თუ ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები შემოვა მგზავრობის ღირებულების გაზრდა გარდაუვალი იქნება, რაც თითოეულ რუსთაველზე აისახება. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დადგნენ მძღოლების გვერდით და ერთად გააპროტესტონ ქალაქის მერის „ბინძური პოლიტიკა იმ დროს, როდესაც 2014 წლის 10 თებერვლის ნომერ 218-ე დადგენილებით ქალაქის მერს უფლება აქვს გადაუვადოს მძღოლებს ტენდერი“. იმ შემთხვევაში თუ მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი საპროტესტო აქციების უფრო მაშტაბური ფორმით იმუქრებიან.
რუსთაველთა აქციას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემის მოგვარების მიზნით „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციისა“ და „ქართული რეალობის“ წარმომადგენლები მოშიმშილე მძღოლებსა და რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძეს შეხვდნენ. მათ რუსთავის მერიას მძღოლების უფლებების დაცვისა და მათთან დიალოგზე წასვლისაკენ მოუწოდეს.
„შევხვდით მძღოლებს და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენ ასევე შევხდით მერიის წარმომადგენლებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მერიას აქვს სურვილი ეს კონფლიქტი და სიტუაცია დროულად ამოიწუროს, თუმცა ამისათვის ორივე მხარე უნდა იყოს მზად.
კარგი იქნება თუ დიალოგი დროულად შედგება და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეცემა საშუალება, რომ აღნიშნული საკითხი სპეკულაციის თემად აქციოს. ამიტომ, ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ დიალოგი შედგეს. პირველ რიგში, მოვუწოდებ მერიის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მეტი გახსნილობა იყოს მათი მხრიდან“, - განაცხადა კობაიძემ.
რუსთავის მერის მოადგილის დავით სხირტლაძის განცხადებით, მერია მზად არის მძღოლებთან დიალოგისათვის, თუმცა დღეს რეალურად მერიის წინ მძღოლები კი არა, სამარშრუტო ხაზების მეპატრონეები შიმშილობენ. სხირტლაძე აცხადებს, რომ კონკურსის ჩატარების შემთხვევაში, არც ერთი რუსთაველი მძღოლი უმუშევარი არ დარჩება და არც მგზავრობის ფასი არ მოიმატებს. ქალაქის მერია კი მოშიმშილეებთან დიალოგისათვის მზად არის, ვინაიდან ისინი რუსთაველები არიან და მათზე ზრუნვა ქალაქის ხელძღვანელობის მოვალეობაა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი დიალოგზე წასვლაზე პრინციპულ უარს ამბობენ და შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ.
საერთოდ, ახალი წლიდან მოყოლებული სატრანსპორტო სფეროში დიდი ვნებათაღელვაა. იანვარშივე გაიფიცნენ წყალტუბოელი და გორელი მძღოლები. სულ რამდენი დღის წინ კი ბათუმი დიდი დაპირისპირების კერად იქცა. აჭარელმა ტრანსპორტელებმა რამდენმედღიანი შიმშილობაც გამოაცხადეს და მძაფრი პროტესტის ფონზე, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. სწორედ მათ მიბაძეს რუსთაველმა მძღოლებმაც.
ბათუმში გაიფცვა 9 დღე მიმდინარეობდა. სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენელთა ერთიანმა პოზიციამ, ქალაქის ხელმძღვანელობა აიძულა დათმობაზე წასულიყო. საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური ბრძანებით შექმნილმა 18-კაციანმა კომისიამ, რომელიც მესამე სექტორის, ტრასპორტის პროფკავშირების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, რამდენიმე დღიანი მუშაობის შედეგად კონსესუს მიაღწია.
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა გიორგი ლორიამ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა და ამით გაფიცული მძღოლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მძღოლთა პრეტენზიებს, ამგვარი ნაბიჯი მაინც გადადგა. „არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმათ, რომ გაგრძელდეს ხალხის დაპირისპირება და კონფრონტაცია“, - აღნიშნა ლორიამ.
მძღოლების ნაწილის მოთხოვნებისა და შპს-ის დირექტორის საკითხს ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.