უკრაინაში ეკონომიკური კოლაფსია

უკრაინაში ეკონომიკური კოლაფსია

კიევში სავაჭრო და მომსახურების ობიექტების 90% გაჩერებულია, ბანკომატებთან და ავტოგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია, მაღაზიებიდან, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, საკვები პროდუქტები დიდი სისწრაფით ქრება, ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა - ეს არის რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი. ამ ვითარებიდან ქვეყნის ამოყვანას კიდევ უფრო მეტი ვალი და სხვათა მითითებების (რუსების ან ევროპელების) უტყვი შესრულება დასჭირდება.

კიევში და მსხვილ ქალაქებბში შეშინებულ მოსახლეობას კომერციული ბანკებიდან ანაბრები და ნაღდი ფული გამოაქვს. რიგებია ბანკომატებთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც კიევში განთავსებული ბანკომატებიდან თანხის განაღდება შეუძლებელი ხდება. მოსახლეობას პრობლემები საბანკო ბარათების მეშვეობით პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებითაც ექმნება, ხშირად ტერმინალები არ მუშაობს. პრობლემას აღიარებენ უკრაინის ცენტრალურ ბანკშიც, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ეს სისტემის გადატვირთვის შედეგადაა გამოწვეული და ფინანსური თვალსაზრისით ბანკებს პრობლემა არ აქვთ.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში უკრაინის ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე თანხა 9 მლრდ გრივნით შემცირდა, ანუ თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით. უკრაინის ეროვნული ბანკის 19 თებერვალს საკორესპონდენტო ანგარიშებზე 11, 791 მლრდ გრივნა იყო მაშინ, როდესაც 8 იანვრის მონაცემებით, აღნიშნული თანხა 31,737 მლრდ გრივნას შეადგენდა.

გარდა ბანკებისა, რიგი დგას კიევის მაღაზიებში. შეშინებული

მოსახლეობა ყიდულობს ყველაფერს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუპერმარკეტებში პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დახლები, პრაქტიკულად, დაცარიელებულია. ხალხი პროდუქტს ერთბაშად ყიდულობს. განსაკუთრებული მოთხოვნაა პურზე, მარცვლეულზე, ფქვილზე, შაქარზე, მაკარონზე, ბოსტნეულზე, კვერცხსა და რძეზე. დახლები კიევის თითქმის ყველა მაღაზიაში ცარიელია.

მიუხედავად ამისა, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქალაქის სურსათით მომარაგებასთა დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.

ის, რომ კიევში თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი დაცარიელდა, ამას ქართველი მეღვინეებიც ადასტურებენ, რომლებიც უკრაინაში ექსპორტს ეწევიან და ახლა რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ. კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის თქმით, კიევში რესტორნების და სუპერმარკეტების 90% გაჩერებულია, რამაც გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა.

უკრაინაში ღვინის რეალიზაციის შემცირებას ადასტურებენ „თელავის ღვინის მარანშიც“. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინაში დაძაბული პოლიტიკური ვითარება ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალშია, რაც გლობალურ პრობლემებს გამორიცხავს. თუმცა, ზურაბ რამაზაშვილის თქმით, უკრაინაში მათი პარტნიორი კომპანია ამბობს, რომ გაყიდვები შემცირდა.

სუპერმარკეტების პარალელურად, რიგი დგას კიევის ბენზინგსამართ სადგურებთან. კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც უკრაინის ტერიტორიიაზე ავტოგასამართი სადგურები აქვთ, მოსახლეობას ამშვიდებენ და აცხადებენ, რომ მათ საწვავის საკმარისი მარაგი გააჩნიათ და შესაბამისად, ბაზარზე დეფიციტი არ წარმოიქმნება.

ასეთ ფონს კიდევ უფრო ამუქებს საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. ისინი უკრაინაში დეფოლტის საფრთხეს ხედავენ. „პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების გამო უკრაინა უკვე დეფოლტის რისკის წინაშე დადგა’, - აცხადებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფურსი“-ს ანალიტიკოსები. სააგენტომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი უკვე შეამცირა CCC+-დან CCC-მდე. ეს მაჩვენებელი რვა საფეხურით ჩამორჩება საინვესტიციო რეიტინგს.

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი ნეგატიურია. ექსპერტების გამორიცხავენ იმასაც, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ვერ შეძლოს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალების მომსახურება.

„ახლა უკვე გვჯერა, რომ სავარაუდოდ, უკრაინას დეფოლტი ემუქრება, რამდენადაც არ შეინიშნება მნიშნველოვანი დადებითი ცვლილებები გარემოებებში“, - ნათქვამია „სტანდარტ ენდ ფურსის“ ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი კი უკრაინაში საქმიანობას დროებით წყვეტს. „როიტერის“ ინფორმაციით, ფინანსურმა ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე მიიღო.

როგორც ბანკში აცხადებენ, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ბიზნესს აჩერებენ, რადგან არ სურთ თანამშრომლები საფრთხეში ჩააგდონ. ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირში სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულებაა. ბანკი ევროპის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს გრძელვადიანი კრედიტებით უზრუნველყოფს.

ამასობაში ქვეყანამ უარი თქვა 1,98 მილიარდი დოლარის ევროობლიგაციების გამოშვებაზე, რომლებიც რუსეთს უნდა შეესყიდა. უკრაინული სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას ირლანდიური საფონდო ბირჟის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. სწორედ ამ ბირჟის ლისტინგში უნდა განთავსებულიყო ხსენებული ფასიანი ქაღალდები.

„მიუხედავად იმისა, რომ ირალანდიის ცენტრალურმა ბანკმა ნებართვა გასცა მათ განთავსებაზე 17 თებერვლიდან, ამ დროისთვის უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი აღარ გამოვა“, - აცხადებენ ირლანდიური ბირჟის ბროკერები.

უკრაინა გეგმავდა გამოეშვა 1,985 მილიარდი დოლარის ევროობლიგაციები რუსეთის სასარგებლოდ. ფასიანი ქაღალდების სარგებელი წლიური 5 პროცენტი უნდა ყოფილიყო, ხოლო მათი მოქმედების ვადა 2015 წლის ბოლომდე.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთი შეისყიდიდა დამატებით 2 მლრდ დოლარის ევრობონდებს უკრაინისგან ამ კვირის ბოლომდე. გადაწყვეტილება ევროობლიგაციათა მეორე ტრანშის შესყიდვის შესახებ არ გაყინულა, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი განიხილება, გარდა სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად დარეგულირებისა.

დეკმბერში რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანმხებას მოსკოვის მიერ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინული ევრობონდების შეძენის შესახებ. შეთანხმება 20 დეკემბერს, პირველი ტრანშის ფარგლებში, 3 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდების შეძენით შედგა. ეს ფასიანი ქაღალდები განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. თუმცა, უცნობია, შეიძენს თუ არა რუსეთი 2 მილიარდის ევროობლიგაციებს მეორე ტრანშის ფარგლებში.