შეზარხოშებული ლერი ხაბელოვი

შეზარხოშებული ლერი ხაბელოვი

გუშინ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ვულოცავთ „ბორჯღალოსნებს“ ამ დიდ წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს, ინგლისში ღირსეულად იასპარეზებენ.

დღეს ტრადიციულად მორიგ სახალისო „სპორტულ მოგონებებს“ შემოგთავაზებთ. რასაკვირველია გუშინდელი ამაღლებული საღამოს შემდეგ პირველი საპატიო სტუმრის სტატუსი ვეტერან მორაგბე ნოდარ ლიპარტელიანს მივანიჭეთ.

„რაგბი ბალეტი არ არის. ყველაფერი მოდის, კვანტი, მოგვერდი, ჩავლება, ძიძგილაობა, სალტო... სხვანაირად რაგბი რა რაგბია?! არც ჩარტყმა-დარტყმაა გამორიცხული გახურებული თამაშის დროს.

ის მაინც სასწაული იყო, ერთი მოწინააღმდეგე გუნდის 28 ნომერმა „თვალში ამომიღო" და სადაც წამეწეოდა მირტყამდა. სამჯერ ისეთი მითავაზა სახეში რომ თვალებიდან სულ ნაპერწკლები ვყარე. სიფათი აღარ მივარგოდა. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? ერთ შეჭიდებაში გამოუყვია თავი ხვლიკივით და, მაშინ ვისარგებლე და - გეფიცებით ყველაფერს, ერთხელ ჩავაფეთე იმ ხვლიკ სახეში. ჩავაფეთე და შეჭიდებაც დაიშალა... გაიშალა, მაგრამ რად გინდა ეს დარჩა უძრავად. მოცვივდნენ სანიტრები და „წაანასილკეს". სასწრაფოში გააქანეს.

შესვენება გვაქვს. მოვარდა იმ კაცის მწვრთნელი და კითხულობს:

- სად წაიყვანეს? რომელ საავადმყოფოში იქნება?

არავინ არ გასცა პასუხი. ბოლოს, რომ აღარ მოგვეშვა, ერთ ჩემს თანაგუნდელს წამოცდა:

- სვანი რო ლეწავს, იმას საავადმყოფოში რა უნდა, ალბათ მორგში იქნებაო.

მიიხედ-მოიხედეს, მაგრამ ჩემზე ეჭვი ვერავინ მოიტანა. მარტო მე კი არ ვარ სვანი ნაკრებში“.

ნება მომეცით 34 წლით უკან დავბრუნდე და ქართველი ძიუდოისტების თავს გადამხდარი ერთი „შემთხვევა“ გავიხსენო. ამ ისტორიას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ბატონი თემურ ხუბულურის მონაყოლით გადმოგცემთ.

„1980 წელია. ერევანში ვართ „ზბორებზე". საზღვარგარეთ, ხარ და შინიდან რომ სასიამოვნო ცნობა მოვა, იმ გრძნობას რა შეედრება. „ბიჭი შეგეძინა" - მაცნობეს თბილისიდან და ცას ავწვდი ხელით. მოლოცვა-მოლოცვასა და ხვევნა-კოცნაში კინაღამ სული ამომხადეს თანაგუნდელმა ბიჭებმა. ყურები დამიგრძელეს...

- მამაძაღლი, არ უნდა აღვნიშნოთ? - თქვა ერთმა და აიტაცეს დანარჩენებმა.

ერთი გემრიელი რესტორანი შევარჩიეთ. გავიპარეთ ისე, რომ მწვრთნელებმა არ იციან, სპეციალურად არ გავუმხილეთ. ხუთნი ვართ. მოვატანინე ხუთი ბოთლი შამპანური. რესტორანის გამგე იქაური ქართველია და დავცხეთ. ხუთი ბოთლი მალე გათავდა.

- კიდევ ხუთი! - ავწიე გაშლილი ხელის მტევანი. მოვიდა, მოვიდა და წავიდააა!!!

ერთმა შალახო შეუკვეთა ისედაც წკიპზე მყოფ მუსიკოსებს.

მადლიანმა შალახომ ჯერ სკამებზე შემოასკუპა, მერე მაგიდებზე ატყორცნა სხვადასხვა წონის ფალავნები. ვიღას ახსოვს დისციპლინა. დისციპლინა - ჩემი 2 საათის წინ ამ ქვეყანას მოვლენილი პირმშო - ძე-ა.

რაც უნდა იყოს, მე ვმასპინძლობ სიტუაციას და მაგიდაზე ნამდვილად არ ავხტი ამ გადარეულებივით.

რესტორნის გამგე - ჩვენებური კაცი, გვერდით მომიჯდა და დელიკატურად მეუბნება:

- თემო, რა მოვიმოქმედოთ, რომ ეს „ლომები" იატაკზე დავაბრუნოთ?

- რა და კიდევ 10 ბოთლი! - გავშალე ორივე ხელი.

- მოსულააა! – „გამისწორა" ქართველმა და ძლივს ჩამოვყარეთ ბიჭები ძირს „სატყუარათი".

სასტუმროში მივბანდალდით - ღამის 2 საათია. ვესტიბიულში ჩვენი ორივე მწვრთნელი ზის ადმინისტრატორის მაგიდასთან.

- აბა, დადექით ახლა ხაზზე - გვეუბნება და საათს თვალს არ აშორებს.

ჩვენ ერთმანეთს ვეყუდებით.

- რატომ დაითვერით? - დაისვა ავბედითი კითხვა.

- ვინა, ჩვენა? - დაასლოკინა ერთმა, რომელიც ყველაზე მეტად ირწეოდა - გიამ.

მწვრთნელმა უმკაცრესად შეხედა. ესეც „გაფუჭდა" და რომ არ წაქცეულიყო მე „ჩამეპოდრუკჩკდა".

- ხვალიდან მე მოვიქცევი ისე, როგორც თქვენნაირი დისციპლინის დამრღვევებს ეკადრებათ, თქვენ სხვანაირად უნდა მოგექცეთ ხვალიდან, რასაც მომისვამთ ხელზე, იმას მოგისვამთ წვერზე! - გასაგებია, გია?

ამასობაში გიას ფეხზევე ჩაძინებია ცხენივით, თავისი სახელის გაგონებაზე ერთი ნაბიჯი წინ წადგა, ვეღარ მოზომა ძილ-ღვიძილში და პირდაპირ მწვრთნელს ჩაემხო კალთაში.

დილის 6 საათია და წამოგვყარა იმ „ტრენერმა".

- რამდენი ბოთლი დალიეთ წუხელ? - ისევ გიას ეკითხება. გია ჩაფიქრდა:

- რამდენი, რამდენი და ოცდაათი.

- ოცდაათი, მაშ ასე, ოცდაათ წრეს დაარტყამთ მოედანს!

ვერდიქტი შეუვალი იყო. შევუდექით პახმელიაზე სირბილით გამოსვლას. ძლივს დავლასლასებთ. მწვრთნელი არხეინად ზის სკამზე და გაზეთს კითხულობს.

- მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი! - თქვა ერთმა მეექვსე წრეზე და ადგილზევე ჩაიკეცა.

- გიააა, მე შენიიიი, რამ გათქმევინა ოცდაათი, ნაკლები ვერ თქვი?

- მოვატყუე - გაეხარდა უცებ, თორემ მერე გენახათ,  ოცდაათი კი არა ოცდათორმეტი დავლიეთ.

- ყოჩაღ! - შევაქეთ.

- რამდენი წრე დაარტყით? - გაზეთი მოიშორა მწვრთნელმა.

- თორმეტი.

- თვრამეტი დაგრჩათ - გაშალა გაზეთი „ტრენერმა".

- არა. რატომ, ჩვენ 10 ბოთლი დავლიეთ - უცბად დაახეთქა გიამ. ეგ კი არა, ორი წრე ზედმეტიც გამოგვივიდა. თქვენ, ალბათ, ოცდაათი გაიგონეთ, რა ამბავია!

- ააა... მომეჩვენა ხომ?

- კი, ორი წრე ზედმეტად დავარტყით - გათამამდა გია. მწვრთნელი მაგის ჩიტი იყო?

- ეგ არაფერია, ახლა წადით, ორი წრე უკუღმა დაარტყით და გაბათილდება! უნიათოდ შევუდექით ძუნძულს. განა მოტყუვდა, უბრალოდ გაგვიგო, უთქვამთ რაც მოხდა და იმანაც გვარიანად ჩამომიგრძელა ყური“.

ალბათ გახსოვთ თავის დროზე მომხდარი ჩერნობილის ტრაგედია. საბჭოთა სპორტის იმდროინდელმა მესვეურებმა ჭიდაობაში ქვეყნის თასის გათამაშება ამ ადგილთან ახლოს, ქალაქ გომელში დანიშნეს. ქართველი ფალავნები ამ შეჯიბრებისთვის „კარგად მოემზადნენ“ და შესაბამისი თადარიგიც დაიჭირეს, - მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ. რა გამოვიდა ამ საქმიდან, ვეტერანი ფალავანი ჯუმბერ დავლიანიძის მონაყოლით შეიტყობთ.

„ჩერნობილის ტრაგედია ახალი მომხდარია. მაშინდელმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ - „ნუ გეშინიათო" მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად ჩერნობილთან ახლოს დანიშნეს სსრკ თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, თან გაგვაფრთხილეს, რომ ყველა უმაღლესი კატეგორიის მსაჯს უნდა მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯებსაც და ფალავნებსაც გამოიყვანდნენ ნაკრების შემადგენლობიდან.

მოსკოვშივე გაგვაფრთხილეს, რომ გომელში ონკანის წყლით არ გვესარგებლა, ქალაქში ნაკლებად გვემოძრავა და შხაპიც კი არ მიგვეღო. საშინელ დღეში ვართ. სერიოზულად გაგვაფრთხილეს, რომ შავი ღვინო მიგვეღო.

ჩვენც იოდიზირებული წყლით და შავი ღვინით „შეიარაღებულები" ჩავედით გომელში.

მიუხედავად გამაფრთხილებელი კონსულტაციებისა, დარბაზში სულ მალე თავბრუსხვევა და გულისრევა დაგვეწყო, ყველას. რამოდენიმე მონაწილე ასპარეზობასაც კი გამოეთიშა.

როგორც გაირკვა, დარბაზის შემინული მხრიდან რადიაცია გვასხივებდა. შემინულ მხარეს სქელი ფარდები ჩამოაფარეს და გვირჩიეს ტანზე იოდის უჯრედები გაგვეკეთებინა და „ცოტაოდენი ალკოჰოლიც" მიგვეღო. ჰოდა, ჩვენც შეჯიბრება კარგად გვარიანად (ქართველების „ცოტა" იცით) შეჭუკჭუკებულებმა ჩავატარეთ. ქვემძიმე წონაში პირველი ადგილი „შეზარხოშებულმა" ლერი ხაბელოვმა აიღო.

ჩვენ კი ალბათ პირველები ვიყავით, რომ ასპარეზობის დრო „ქეიფის" უფლება მოგვცეს და დისკვალიფიკაცაზე არც არავის გავხსენებივართ. არა, რაა ცუდი კაცმა რომ თქვას-რადიაციაში?“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შორეულ გომელში პირველობა „შეზარხოშებულმა“ მოიგო, მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, ასევე ფალავანმა რამაზ ნოზაძემ კი პირველი სპორტული ჯილდო - 100 მეტრზე სირბილში დაიმსახურა.

„100 მეტრზე სირბილში  მართლაც ვერავინ მჯობდა. დასადასტურებლად ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ-ერთ ადგილობრივ სპარტაკიადაზე დამაჯერებლად გავიმარჯვე და დამაჯილდოვეს კიდეც.

გახარებულმა, ჯილდო სპორტულ ჩანთაში ჩავდევი და მოვკურცხლე შინისკენ, რომ მშობლები გავახარო. ეზოს რომ მივუახლოვდი, დედაჩემი დავინახე.

- დედაა! - ვიძახი აღგზნებული ჩემპიონი და თავგამეტებით გავრბივარ მისკენ.

- რა იყო შვილო! - დედა მაინც დედაა და შეშინდა. - რა აყვირებს ასე შორიდანო.

- დედა, ძეგლი! ძეგლი, დედააა!

- რა ძეგლი, რის ძეგლი? - გაოცდა ქალი.

- ძეგლი მაჩუქეს დედაა, ძეგლიიი!

შეეშინდებოდა, აბა რა მოუვიდოდა, იმ პერიოდში თბილისში ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლების დემონტაჟი ხდებოდა. ახლა, ლენინის ძეგლს მე არავინ რომ არ მაჩუქებდა, მითუმეტეს სახლში ვერ მივიტანდი - მიხვდა, მაგრამ თადარიგი წინდაწინ დაიჭირა:

- სუუ, ჩუმად! რა გაყვირებს, არავინ გაიგონოს ბიჭო! რა ძეგლი გაჩუქეს, სადაა ძეგლი დედიკო, სიცხემ ხომ არ აგიწია?

- რა და, აი , ეს ძეგლი, წვალებით ამოვაძვრინე ჩანთიდან ნაჩუქარი „ჯილდო” პატარა, 200 გრამიანი ოლიმპიური ჩირაღდნიანი მორბენალი კაცის ბიუსტი.

- ეს ძეგლი არაა შვილო.

- არა, ძეგლია, ძეგლი! - ვიმეორებდი დაჟინებით“.