მართვის მოწმობის აღება თანდათან სულ უფრო რთული ხდება

მართვის მოწმობის აღება თანდათან სულ უფრო რთული ხდება

მართვის მოწმობის აღება ბოლო პერიოდში ისედაც გართულებულია და ახლა შესაძლოა, დამატებითი სიძნელეებიც გაჩნდეს. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, ერთიანი სტანდარტი შეიმუშაონ, რომელიც გამომცდელებისა და გამოსაცდელებისათვის მკაფიო იქნება.

ახალი ინიციტივა ამჯერად რამდენიმე ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციების მიღების მეთოდს შეეხება. საქართველოში გარკვეული ნებართვების გაცემამდე, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება. საუბარია, იარაღის ტარების ნებართვის გაცემასა და მართვის მოწმობის აღებაზე. აღნიშნულს გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. საუბარია, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაზე, სადაც აღრიცხული და თავმოყრილი იქნება მონაცემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ.

როგორც ცნობილია, იარაღის ტარების ნებართვის, მართვის მოწმობის უფლების მისაღებად საჭიროა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, თუმცა, კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას.

შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. ასეთი პირი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს იარაღზე, სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ხელი არ მიუწვდებოდეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე აღებული აქვს მართვის მოწმობა ან იარაღის ტარების უფლება და ამის შემდეგ მოხვდება ამ ბაზაში, მას ეს ნებართვა შეუჩერდება.

ცვლილების თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა სავალდებულო იქნება, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას.

როგორც ჩანს, მართვის მოწმობის მიღების ეტაპები თანდათან უფრო რთულდება. ამ მხრივ მკვეთრი ცვლილება განხორციელდა წელწად-ნახევრის წინ, როდესაც გამოცდის ჩაბარების პრაქტიკული ნაწილი ფუნდამენტურად შეიცვალა. ორსაფეხურიანი გამოცდის დაწესებამ მოქალაქეებს ჩაბარების პროცესი ძალიან გაურთულა. როგორც ავტოსკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, 100-დან 10 ადამიანიც ვერ აბარებს გამოცდას პირველივე ჯერზე. მთავარი პრობლემა, რაზეც სპეციალისტები ყურადრებას ამახვილებენ, ერთიანი სტანდარტის არქონაა.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შეფასებით, დღესდღეობით არ არსებობს არც მოთხოვნა და არც სასწავლო პროგრამა, რაზეც შემდეგ აეგებოდა მართვის მოწმობის აღების წესი. არ არსებობს მოთხოვნები ინსტრუქტორებისთვისაც.

გამოცდაზე როცა გადიხარ, მინიმუმ გაწერილ უნდა იყოს, რომ ასეთი სტანდარტებია. ჩვენთან გამომცდელის შეხედულებისამებრ ხდება გამოცდის ჩაბარება-არჩაბარების საკითხი. საჭირო იყო გამოცდა ქალაქის ქუჩებში და ამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, ოღონდ ვგულისხმობდი იმ ფორმით, როგორიც არის ცივილიზებულ სამყაროში. კერძოდ, იქ არის ინსტრუქტორი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არის გაწერილი პროგრამა და ნაბიჯები. ჩვენ შემთხვევაში კი 2 ბარიერი გაქვს: ერთი - ექსპერტი, ვინც ავტომობილში ზის და აფასებს თავისი შეხედულებით და მეორე - ავტომობილზე დამონტაჟებული სენსორები და კამერები. ხანდახან ამ ორ ვარიანტს შორის თანხვედრაც არ არის. შენ თან კომპიუტერს ეთამაშები და თან ექსპერტის შეხედულებებსაც უნდა მოერგო, რადგან ერთი სახელმძღვანელო არ არსებობს - კონკრეტული ადამიანის განწყობაზე ხარ დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიდგომის გამოსწორება. გამომცდელი, თავიდან ბოლომდე იმ განწყობით უნდა იყოს, რომ შეშინებულ პრეტენდენტს კომპლექსი მოუხსნას. დღეს ასე არ არის. ინსტრუქტორი არ არის გამოსადელის მხარეზე, მანქანაც მის წინააღმდეგაა და ელოდება როდის დაუშვებ შეცდომას - არსად სხვაგან ასეთი რამ არ ხდება“, - განაცხადა მელაძემ რადიო პალიტრასთან“.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ერთიანი შეფასებითი სისტემის არარსებობის გამო, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა გამომცდელს განსხვავებული მიდგომა აქვს, რაც არასწორია. ამ მოსაზრებას იზიარებს ავტოექსპერტი ნოდარ რამიშვილიც.

რამდენადაც ვიცი, ყოველი 100-დან პირველივე გასვლაზე გამოცდას 10 ადამიანი აბარებს, რაც დიდწილად სწორედ სისტემური პრობლემით არის გამოწვეული. არსებული მეთოდი ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. პირველ რიგში ის, რომ დაუშვებელია, სხვადასხვა ქალაქისთვის სხვადასხვა სირთულის გამოცდა ტარდებოდეს. სტანდარტი ყველასთვის უნდა იყოს ერთი. შეიძლება თბილისსა და ზუგდიდში მოძრაობის განსხვავებუკლი სისტემაა, მაგრამ როგორც ასეთი, ერთი პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

სიახლისთვის სისტემა არ აღმოჩნდა მომზადებული, სპეციალისტები არ ჰყავთ, ავტოსკოლების სწავლების ხარისხიც დამაფიქრებელია. ონკრეტული სტანდარტი უნდა შემუშავდეს“, - განაცხადა ნოდარ რამიშვილმა.