გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ნელი ტემპით მცირდება. ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 71 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ევროპული „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი - 75 დოლარის მიდამოებში. საერთაშორისო ბირჟებზე ახლა რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში, დონალდ ტრამპმა, სხვადასხვა გლობალურ საკითხებთან ერთად, ნავთობის ღირებულების შემცირებაზეც ისაუბრა. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას ტრამპმა საუდის არაბეთსა და ოპეკის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების შემცირება პირდაპირ სთხოვა.
აშშ-ს ლიდერის თქმით, ნედლ ნავთობის დაბალი ფასი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებას დააჩქარებს და ერ-რიადი და ოპეკი „გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც ხდება“ უკრაინაში.
„მე ვაპირებ საუდის არაბეთს და ოპეკს ვთხოვო ნავთობის ფასის შემცირება. თუ ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ნედლი ნავთობის ფიუჩერსები ტრამპის განცხადების შემდეგ მართლაც დაეცა, „ბრენტის“ ნავთობის ფასი ბარელზე ტრამპის განცხადებამდე თითქმის 81 დოლარი ღირდა, ხოლო დღეისათვის 75 დოლარს შეადგენს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში საუდის არაბეთი გარკვეულ დათმობაზე წავა.
„მე პირადად ველოდები, რომ ტრამპის მოწოდებას მხოლოდ განცხადების ეფექტი არ ექნება და ის რეალურ გადაწყვეტილებებში „გადაითარგმნება“. მით უმეტეს, ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთიც ცდილობს, რომ მეტ-ნაკლებად თბილი ურთიერთობები შეინარჩუნოს შეერთებულ შტატებთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ნავთობის გაიაფებაზე არაერთგზის იქნება საუბარი.
ველოდები, რომ საუდის არაბეთი, გარკვეულწილად, დათმობაზე წავა. პირველ რიგში, ამერიკას დღესდღეობით სჭირდება შედარებით იაფი ნავთობი. ეს ბევრი მიზეზის გამოა, მათ შორის ტრამპის დაპირებების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფლაციის მოთოკვა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ა.შ. მეორე მხრივ კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი თავის ომს აფინანსებს სწორედ ენერგორესურსებიდან მიღებული დიდი შემოსავლებით“, - განაცახადა ბაირახტარმა.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას. ქვეყანა სრულად დამოკიდებულია ნავთოპროდუქტების იმპორტზე, შესაბამისად, გლობალური ცვლილებები ჩვენზეც სწრაფად ვრცელდება. ადგილობრივ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა. საითკენ გადაიხრება საწვავის ღირებულების ნიშნული ჯერ უცნობია, მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მარტიდან რუსული საავტომობილო ბენზინის ექსპორტი ისევ შეწყდება. ეს ნიშნავს, რომ დროებით მაინც იაფი ბენზინის იმპორტის შესაძლებლობა აღარ იქნება.
რუსეთის ხელისუფლება და ნავთობმწარმოებლები მიმდინარე კვირას ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრაზე 1-ელი მარტიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ.
თებერვლის დასაწყისში ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში განაცხადეს, რომ მწარმოებლებისთვის ბენზინის ექსპორტის ერთი თვის ვადით აკრძალვის ინიცირებისთვის მზად არის. ნოვაკმა ამ ინიციატივის განხილვის პირობა დადო.
ნავთობპროდუქტების საკითხებზე შექმნილი შტაბის ნოვაკთან შეხვედრა 18 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შესაძლოა, 20 თებერვლისთვის გადაიდოს.
10-დან 14 თებერვლამდე პერიოდში სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო ფასები დაეცა. ეს იმ ფონზე მოხდა, რაც დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სამუშაოს აღდგენისა და ბენზინის ექსპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ახალმა ამბებმა მყიდველები დაამშვიდა.
ცნობისთვის, იანვრის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ, სადაც გამონაკლისი მხოლოდ ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიენიჭა.