სოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისებას მუდმივად და ინტენსიურად აპროტესტებს, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას ერთი პრობლემა აქვს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფარულად და არადანიშნულებისამებრ განიავება.
გუშინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამხრეთ აფრიკელ ფერმერებზე წლების განმავლობაში სოფლის სარგებლობაში არსებული 1000 ჰა მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებდნენ.
სოფლის წარმომადგენელთა განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წელს 1000 ჰა მიწის ფართობი გაურკვეველ და არეულ ვითარებაში აგვისტოს ომის დროს კომპანია „კავკასუს აგროდეველოპმენტზე“ გაასხვისა. ამ უკანასკნელმა კი 2011 წელს სამხრეთ აფრიკელ ფერმერებს, ბურებს მიყიდა.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის სარგებლობაში ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები აღარაა. დარჩენილია მხოლოდ 600 ჰექტარი, რომელიც მოუსავლიანია და საძოვრებადაც ვერ იყენებენ. მოსახლეობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიწების სოფლისთვის დაბრუნებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, საპროტესტო აქციას თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამართავენ.
„ბურებმა ულიტიმატუმი წამოგვიყენეს და გაგვაფრთხილეს, რომ 1-ლი მარტიდან მათ კუთვნილ მიწებზე საქონელსაც ვეღარ შევუშვებთ საძოვრად. ჩვენ მეცხოველეობით ვირჩენთ თავს. სოფელში არც წყალი გვაქვს, არც გზა, არც ბუნებრივი აირი. მიწით ვსარგებლობდით და ისიც ბურებს მიყიდეს. როცა იაფი იყო მიწა, სახელმწიფომ მაშინ არ მოგვყიდა, მერე გააძვირეს და ფასს ვერ შევწვდით.
ახლა მოიყვანეს ეს ბურები და თავზე დაგვასვეს, ნაყოფიერი მიწები მათ აჩუქეს. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ, მაგრამ ისე გვიჭირს, რომ აღარც ბურებს დავინდობთ და არც ქართველებს, რომლებიც ჩვენ გვღალატობენ“, - განუცხადა „ინტერპერსნიუსს“ ლემშვენიერას მკვიდრმა ალექსი გულბანმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი დავით ჯანაშია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მოხდეს ბურების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების მონაცვლეობა სხვა ტერიტორიით. ამ შემთხვევაში ლემშვენიერას მოსახლეობას დაუბრუნდება მიწა და სოფლის საკუთრებაში გადავა.
საძოვრებთან დაკავშირებული დაპირისპირება საქართველოს ყველა რეგიონშია. თვე არ გავა, რომ ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია არ მოაწყოს ერთ დროს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამო. რამდენიმე კვირის წინ ქალაქ ქუთაისზე მიბმულო სოფლის, ქვიტირის მოსახლეობა დაირაზმა.
ისინი სოფლის სასაფლაოს მიმდებარემიწის ფართობის გაყიდვას აპროტესტებენ. მოსახლეობა ამაში ადგილობრივ გამგეობას და წყალტუბოს რაიონის საკრებულოს ადანაშაულებენ.
ქვიტირის სასაფლაოს მიმდებარე მიწის ფართობს სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში საძოვრებად იყენებდა. მათი განცხადებით, საძოვრების გასხვისების თაობაზე მათ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. როგორც გაირკვა, აღნიშნული ტერიტორია 2007 წლიდან არაერთი კერძო მფლობელის საკუთრებაში იმყოფება.
ამჯერად, ქვიტირის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე შპს „განთიადი 2013“-ია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული შპს 2013 წლის 12 სექტემბერს დარეგისტრირდა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, შპს „განთიადი 2013“ მესვეურებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება ბიზნეს ინტერესებისთვის სურთ, რადგან მასზე კომერციული სასაფლაოს მოწყობას გეგმავენ.
„დაიტაცეს სოფლის მიწები ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. სასაფლაოები აქციეს მომგებიან ბიზნესად“, - აცხადებს ქვიტირის მცხოვრები, მამუკა ჭეიშვილი.
ქვიტირის მოსახლეობის პროტესტს წყალტუბოს საკრებულოდანაც თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. როგორც კახა ბაბუნაშვილი განაცხადა, ის შპს „განთიადი 2013“-ის წარმომადგენლებს პირადად არ გასაუბრებია და მათთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ბაბუნაშვილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობას საკრებულო მესაკუთრეს ვერ აუკრძალავს და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ სიტყვიერი რჩევით შემოიფარგლება.