დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა

დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა

დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა. გეომაგნიტური ცვლილებების მიზეზი მზეზე ამოფრქვევების მთელი სერია გახდა. პლანეტას მაღალ ენერგეტიკული ელექტრონებისა და პროტონების ნიაღვარი დაატყდა თავს. ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა, გავლენა კავშირგაბმულობაზეც მოახდინოს. მედიკოსების რჩევით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქცონ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, ეს ეხება რისკჯგუფებში შემავალ პირებს. მაგინიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და უძილობა გამოიწვიოს. სპეციალისტების თქმით, ეს ბოლო დროს დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია.

მეცნიერების განმარტებით, მზე ერთგვარი გიგანტური, ატომურად მდუღარე ბურთია, რომელზეც მუდმივად ხდება ბირთვული აფეთქებები. მზეზე აფეთქებების რაოდენობა ხშირდება მზის 11- წლიანი ციკლის ბოლოს. ასეთ დროს ცხოველები მძაფრად რეაგირებენ, გეომაგნიტური ცვლილებების დროს ისინი აღგზნებულები და საშიშები ხდებიან. აღწერილია შემთხვევები, როცა მშვიდი, მაძღარი და უწყინარი ცხოველი უეცრად თავს ესხმის მომვლელს და მომთვინიერებელს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი გოდერძი დიდებულიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაგნიტური ქარიშხალი დიდად არის დამოკიდებული მზეზე მიმდინარე აქტიურ პროცესებზე. ეს აქტიური პროცესები მზის ქარის საშუალებით მთელ საპლანეტაშორისო სივრცეში გრძელდება და, მათ შორის, აღწევს დედამიწამდეც. სპეციალისტის თქმით, შესაძლებელია, ამ დროს ძლიერი შეშფოთებები მოხდეს, რასაც ჩვენ მაგნიტურ ქარიშხალს ვეძახით.

„ახლა ზუსტად ასეთი მაგნიტური ქარიშხალი განვითარდა, რაც ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მზე თითქოს უნდა წასულიყო თავისი მინიმუმის ფაზისკენ, ანუ თითქოს, სიწყნარისკენ მიდიოდა პროცესები. მაგნიტური ქარიშხლები უფრო მეტად მაშინაა, როცა მზე აქტიობის მაქსიმუმშია. ახლა კი მზე მაქსიმუმიდან მინიმუმის ფაზისკენ უნდა დაეშვას, 11-წლიან ციკლირებას განიცდის მზე და არის დაღმავალი ფაზა. ამიტომ, ეს მაგნიტური შეშფოთება არ იყო მოსალოდნელი. ეს პროცესი საკმაო ხანს გაგრძელდა და ახლა მე ვუყურებ ეკრანზე თანამგზავრების მონაცემებს, ასევე, დედამიწის ახლოს ფუნქციონირებად თანამგზავრს და ისინი აჩვენებენ, რომ სახიფათო ტენდენცია უკვე აღარ არის, თითქოს, პროცესები დაწყნარებისკენ მიდის, ყოველ შემთხვევაში, ზრდისკენ არ მიდის ეს პროცესი. როგორც ვხედავ, თვითონ მზიდან მომავალი პროტონების ნაკადების სიჩქარემაც კლება დაიწყო, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ მზეზე მიმდინარე პროცესები მთლად პროგნოზირებადი არ არის. შეიძლება, გაიზარდოს ეს ნაკადი, მაგრამ არცთუ ისე დიდი ქარიშხალი განვითარდეს“, - გვითხრა გოდერძი დიდებულიძემ.

მისივე თქმით, რაც ახლა მოხდა, შეიძლება, 11 წლის განმავლობაში 500-600-ჯერ მაინც დაფიქსირდეს და ეს არ არის ძლიერი შეშფოთების მიზეზი. სულ სხვა იქნებოდა, მაგნიტური ქარიშხალი კიდევ რომ გაგრძელებულიყო და რამე მომატებოდა. მაშინ ეს იშვიათი მოვლენა იქნებოდა.

ასტროფიზიკოსის განმარტებით, საერთოდ, მზის ციკლირება არის 11-წლიანი, 22-წლიანი, საუკუნოვანი, 3-4 საუკუნოვანი. ახლა 11-წლიანი ციკლის, ე.წ. 24-ე მაქსიმუმი იყო და კლება დაიწყო გამოსხივების ინტენსიობამ.

„მაგნიტური ქარიშხალი თითქმის დღე-ღამეზე მეტხანს გაგრძელდა და ტენდენცია დაწყნარებისკენაა, თუმცა გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ატმოსფეროში როცა სტრუქტურული ცვლილებები ხდება, ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბიოსფეროზე, ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანზე. ზოგჯერ ჰიპერტონიით დაავადებულები დისკომფორტს განიცდიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, შეიძლება, დადებითი გავლენაც მოახდინოს ადამიანზე. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ, გინდა თუ არა, ამ ქარიშხალს ცუდი გავლენა ექნება“.

გოდერძი დიდებულიძის შეფასებით, ასეთ დროს ხშირია პოლარული ნათება, რადგან, რაც მეტი ენერგიული ნაწილაკები შემოდის კოსმოსიდან, ეს ნაწილაკები პოლარულ არეებში ნათებას იწვევს.