პირველი ნაბიჯი უკვე გადაგმულია. „საქართველოს ბანკის“ შვილობილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ თურქი ინვესტორის საკუთრებაში არსებული კლინიკების შესყიდვას აპირებს. მართალია, მზღვეველებმა ჰოსპიტალურ სეტორში შესვლით, ლამის, კისერი მოიტეხეს, მაგრამ ბანკირები რატომღაც ერთსა და იმავე მდინარეში მეორეჯერ შესვლას მაინც აპირებენ. მეთოდიც იგივეა - სადაზღვევო კომპანიის გამოყენება.
ჯერჯერობით საუბარია, იაშვილის, ციციშვილის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, ასევე ქალთა სამედიცინო ცენტრისა და ბათუმის ქალთა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრებზე, რომელიც „ალდაგის“ სამიზნეში მოხვდა.
იაშვილის კლინიკის ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ კომპანია „ალდაგთან“ კლინიკის გასხვისებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია. „მოლაპარაკებები ჩვენს შორის მართლა მიდის, „ალდაგი“ იაშვილის კლინიკის ყიდვით დაინტერესებულია, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სადაზღვევო კომპანია თავად გააკეთებს განმარტებას. „ალდაგში“ კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს ციციშვილის კლინიკასა და „ალდაგს“ შორისაც. კლინიკის ხელმძღვანელის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ჯერ ოფიციალურად კლინიკა „ალდაგის“ საკუთრებაში არ გადასულა, თუმცა უკვე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კლინიკები ბოლოს 2013 წელს თურქულ „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპზე“ გასხვისდა. სექტებმერში სწორედ თურქ ინვესტორთან სამედიცინო პერსონალის უთანხმოება გახდა პრობლემების მიზეზი იაშვილის კლინიკაში, რაშიც ჯანდაცვის მინისტრის ჩარევაც კი გახდა საჭირო. მაშინ სერგეენკომ აღნიშნა, რომ იაშვილის კლინიკა მფლობელებმა ისე გაასხვისეს, ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა“ ვალდებულებები არ შეასრულა. თავად ინვესტორი კი ამბობს, რომ კლინიკის მფლობელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ამის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ მას შეხვედრის თხოვნით მიმარეს „ალდაგი ბისიაის“ წარმომადგენლებმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ მისთვის უცნობია შეხვედრის თემა დაკავშირებულია თუ არა ხუთი კლინიკის მიმართ ინტერესზე.
ექსპერტები კი „ალდაგის“ გადაწყვეტილებსს უშუალოდ „საქათველოს ბანკს“ უკავშირებენ. მათი აზრით, ბანკი დიდი საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას პოსპიტალურ სექტორშიც ცდილობს. დაზღვევის ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, საქართველოს ბანკის შვილობილი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან 5 სამკურნალო დაწესებულების შეძენა მომხმარებელს სერვისს გაუძვირებს.
ამასთან, კალანდაძის განცხადებით, ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რასაც „საქართველოს ბანკი“ ქართულ ბაზარზე მონოპოლიტური მდგომარეობის დასაკავებლად ეწევა, თუმცა ამას ის არა საკუთარი სახელით, არამედ შვილობილი კომპანიის მეშვეობით ცდილობს.
„საბოლოოდ ჰოსპიტალურ სექტორში შეღწევის შესაძლებლობა სხვა კომპანიებს აღარ ექნებათ, ეს კი იქამდე მიგვიყვანს, რომ მომხმარებელს სერვისი გაუძვირდება. მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება ჰოსპიტალურ სექტორში მხოლოდ კონკურენციის შედეგადაა შესაძლებელი და ამ საკითხში ხელისუფლება უნდა ჩერთოს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
სამკურნალო დაწესებულების შესყიდვისგან თავის შეკავებას და დაზღვევის სფეროს განვითარებას ურჩვევს კომპანია „ალდგს“ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელიაც. მისი თქმით, კომპანია, რომელიც ყველაფერს „მიედ–მოედება“, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სერვისს ვერც ერთ სეგმენტში ვერ შესთავაზებს.
„კომპანია ალდაგმა ჯერ იმ კლინიკებს მიხედოს, რაც უკვე შეიძინა. წლების წინ მან ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო იყიდა, თუმცა იქ ისევ ძველი კადრები და მომსახურების დაბალი დონეა“, - აცხადებს მელია.
ბაზარზე „ალდაგის“ მხრიდან კლინიკების შეძენის შემთხვევაში პაციენტების გადანაწილებას ვარაუდობს სამედიცინო ცენტრ „ახალი სიცოცხლის“ დირექტორი ზაზა სინაურიძე. „ალდაგი“ ძლიერი სადაზღვევო კომპანიაა და შესაბამისად, ბევრი ბენეფიციარი ჰყავს. თუ ის აღნიშნულ კლინიკებს შეიძენს, მაშინ საკუთარ დაზღვეულებსაც ამ კლინიკებში გადაანაწილებს და ამით პაციენტებს არჩევანის უფლებას შეუზღუდავს“, - აცხადებს სინაურიძე.