ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია უკვე საქართველოში ეკონომიკური პრობლემების გამოწვევას ემსახურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაძლო დასანქცირებას საფინანსო სექტორში დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ეკონომისტები უკვე ალაპარაკდნენ მიზანმიმართულ შეტევაზე.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.
კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას საქართველოს კონკრეტული თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც.
ბრიუსელის ნაბიჯებმა საქართველოს საფინანსო წრეებში და ეკონომისტებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. პირველი და მყისიერი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა:
„ვეხმაურებით ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია. სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა რეგულატორის ზედამხედველობითა და ხელშეწყობით ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხით.
შესაბამისად, ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას“, - აღნიშნულია სებ-ის გავრცელებულ განცხადებაში.
მწვავე რეაქცია წამოვიდა ეკონომისტებისგანაც. აკადემიკოსი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ის დასკვნები, რაც კეთდება ბრიუსელიდან არის მიკერძოებული. მიმდინარე რეზოლუცია არის შეტევა ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტზე - ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელზე.
„ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე. სამწუხაროდ ის არ ითვალისწინებს ეუთოს შედეგებს, რომელმაც პრაქტიკულად აღიარა საქართველოში არჩევნები და რადგანაც არ აღიარებს ამას, აქედან გამომდინარე კეთდება შესაბამისი დასკვნებიც.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელის მოხვედრას ამ რეზოლუციაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. სებ-ის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ მილოცვები მიიღო სხვადასხვა წარმომადგენლობებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მილოცვა, რომელიც მან მიიღო პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქართველოსთან გააგრძელოს საქმიანობა. ეს არის პრაქტიკულად კომპლექსური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე. სამწუხაროა და თან გაუგებარი“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ევროპარლამენტის მიერ უკვე არის ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკაზეც და მის ვალუტაზეც.
„საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც მოასწავებს თუნდაც ლარის უარყოფით ტენდენციებს ან ეკონომიკურ პრობლემებს - ასეთი ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. რაც სირთულეებია შექმნილი საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით ლართან მიმართებაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის შედეგი. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გვარები, რომელიც შეტანილია რეზოლუციაში, არის საქართველოდან გაგზავნილი და ერთ-ერთი გზა, ებრძოლონ ქართულ სახელმწიფოს გადის მის ეროვნულ ვალუტაზე.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველა უნდა გაუფრთხილდეს ეროვნულ ვალუტას - ლარს, იმიტომ რომ ის არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას, რომელიმე ცენტრალურ ბანკს. ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს და ყველამ უნდა იზრუნოს მის სტაბილურობაზე. ეს არის ქვეყნის ეროვნული ვალუტა და მას უნდა გაფრთხილდეს ყველა“, - აღნიშნა პაპავამ.
ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სებ-ზე ნებისმიერი ძალის მხრიდან შეტევა, პირდაპირ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე შეტევაა.
ეკონომისტი ვახტანგ ჭარაიას აზრით, ამ გზით სებ-ისთვის გარკვეული ტიპის სირთულეების შექმნა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეების შექმნას გულისხმობს.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ მსგავსმა განცხადებამ შესაძლოა, ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვიოს. შესაბამისად მსგავსი ტიპის განცხადებები ასე ერთი ხელის მოსმით არ უნდა კეთდებოდეს. თუკი ის რამეში დამნაშავეა, მაგალითად რეგულაცია შემოიღო არასწორი ან რაიმე ოპერაცია გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება სებ-ის მანდატს, და ასე შემდეგ, ანდა მფარველობს ვინმეს მსგავსი საკითხები აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით, სხვა პირებთან ერთად სებ-ის პრეზიდენტის დასახელება, რომ მოდი დავასანქციროთ არის აბსურდული, მიუღებელი და უნდა გაპროტესტდეს კიდეც საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ჭარაიამ.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები სავალუტო ბაზარზე რყევების გამოწვევას და ლარის კურსის გაუფასურებას ემსახურება.
„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მიღებული გადაწყვეტილება სებ-ის როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტზე შეტევას ჰგავს. თანაც ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას განაგებს და გაცვლითი კურსის სტაბილურობას და ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს ქვეყანაში. თუ ვინმე საქართველოს მეგობრად თვლის თავს, ის მსგავს განცხადებას ხელს არ უნდა აწერდეს“, - დასძინა ჭარაიამ.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ რეგულატორზე, მით უფრო ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მთელს განვითარებულ მსოფლიოში დასაგმობ საქციელად ითვლება, დანაშაულია და ამას იმ ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, ვინც სხვებს ასწავლის, რომ ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია.
საყურადღეოა, რომ ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციით უპირისპირდება არა მხოლოდ სებ-ს, არამედ სავალუტო ფონდსაც, რომელიც ნათია თურნავას პრეზიდენტობას ულოცავდა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.
„განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოხვდა დასანქცირების შესაძლო სიაში და ეს მაშინ როდესაც, 2 დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ულოცავდა ნათია თურნავას პრეზიდენტად დანიშვნას.
გამოდის, ისეთი ინსტიტუცია, როგორიც არის ევროპარლამენტი, უპირისპირდება არა მარტო ჩვენს ეროვნულ ბანკს, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც. ეს არის ძალიან ცუდი და იმედი მაქვს, ეს იქნება დროებითი მოვლენა. ასევე, იმედი მაქვს, ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც არიან ევროკავშირის შემადგენლობაში, არ შეუერთდებიან ამ რეზოლუციას და არ დაუჭერენ მხარს“, - განუცხადა ანგურიძემ.