თბილისის საკრებულოს სხდომას, რომელზეც დეპუტატები 24 ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და ექვთიმე თაყაიშვილის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვის საკითხს განიხილავდა, საკრებულოს უმცირესობა არ დაესწრო.
როგორც ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობა - ძველი თბილისის“ თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, დედაქალაქისთვის უმთავრესია ბიუჯეტის პროექტის საკითხის განხილვა, თუმცა მისი თქმით, უმრავლესობა, როგორც ჩანს, არ აპირებს დაამტკიცოს ბიუჯეტის პროექტი, რაც თვითმმართველობის დაშლას გამოიწვევს.
"საკრებულოს უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე 24 ქუჩისთვის სახელის გადარქმევას განიხილავს, რაც აუცილებელი, თუმცა რიგითი საკითხია. როგორც ჩანს, ჩემიკოლეგები არ აპირებენ დაამტკიცონ ბიუჯეტის პროექტი, რაც თვითმმართველობის დაშლას გამოიწვევს.
მსგავსი რამ არ მომხდარა მსოფლიოს არც ერთ ქალაქში და მსგავსი რამ პუტინსაც არ ჩაუდენია“,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და საკრებულოს უმცირესობის სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა უმრავლესობას, შეადგინოს მათთვის სასურველი ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები მხარს დაუჭერენ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს "ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის" კომისიის თავმჯდომარემაც.
კახა კუკავას განცხადებით, ცენტრალურ მთავრობას სურს დაშალოს საკრებულო, შემოიღოს თბილისის დროებითი მმართველობა და მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს ირაკლი შიხიაშვილი.
მისივე თქმით, სამარცხვინო ფაქტია, როდესაც დედაქალაქი ბიუჯეტის გარეშეა დარჩენილი და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ქუჩებისთვის გაუგებარი სახელების დარქმევითაა დაკავებული.
,,ჩემი კოლეგები დღის წესრიგიდან უკვე მეშვიდედ იღებენ აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხს. თბილისში გვაქვს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის სკვერი თუ პროსპექტი, თუმცა არც ერთ ქუჩაზე საქართვლოს პირველი პრეზიდენტის სახელობის მემრიალური დაფაც კი არ არსებობს“,- განაცხადა კახა კუკავამ.