რა ბედი ელის კაფე „გალერის“

რა ბედი ელის კაფე „გალერის“

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პრემიერ-მინისტრს რუსთაველზე, წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის შენობის დაბრუნების თხოვნით მიმართავს. საუბარია რუსთაველის გამზირის №48-ში მდებარე ეკლესიაზე, სადაც ამჟამად „ტაოპრივატ ბანკი“, კაფე „გალერი“ და სხვა ოფისებია განთავსებული.

დეკანოზი დავით ქვლივიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილას 1911 წელს წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძარი იყო აგებული, რომელიც კომუნისტურ პერიოდში ეკლესიას ჩამოერთვა და გადაკეთდა. მისივე განმარტებით, დღეს აქ ღამის კლუბია, სადაც ახლახანს ახალგაზრდა დაიღუპა (კაფე „გალერიში“ 14 თებერვლის ღამეს 23 წლის დავით ცხაკაია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა).

ჩვენი ინფორმაციით, თავის დროზე ამ ადგილის დედა ეკლესიისთვის დაბრუნებით დაინტერესებული იყო მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ გეგენავა. იგი აცხადებდა, რომ იმ ადგილას, სადაც ოდესღაც წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ეკლესია იყო, საეჭვო რეპუტაციის ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ამიტომ, ყოფილი ტაძრის აღდგენას აპირებდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ნატაძრალები საქართველოში არაერთია და კომუნისტებმა ისინი აბანოებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად აქციეს, საინტერესოა, რა ბედი ელის ამ ნაგებობებს და დაუბრუნდება თუ არა ტაძრები ეპარქიას?!

როგორც ცნობილია, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება - კონკორდატი ამ ვალდებულებას ითვალისწინებს და სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

For.ge-სთან საუბარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს, რომ კონკორდატი მართლაც ითვალისწინებს ეკლესიისთვის ქონების დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, რადგან ტოტალიტალური მმართველობის განმავლობაში ბევრი საეკლესიო ნაგებობა აღმოჩნდა სახელმწიფოს ან კერძო საკუთრებაში. ამიტომ, საპატრიარქო ცივილური მეთოდით ჩაერევა ეკლესიისთვის ქონების დაბრუნების პროცესში, რაც ეტაპობრივად მოხდება.

„სამწუხარო ამბავია, რომ კაფე „გალერიში“ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ასეთი დაწესებულებები, რაც ღვთისთვის და ღვთის მსახურებისთვის არის განკუთვნილი, უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას. არის ჯგუფი, რომელიც ქალაქის მასშტაბით მუშაობს ყოფილი საეკლესიო ნაგებობების აღმოჩენაზე. რამდენიმე შენობა დაბრუნდა, რამდენიმე კიდევ დასაბრუნებელია. ცხადია, პერსპექტივა აქვს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის დაბრუნებასაც, თვითონ მფლობელისთვისაც არ არის სასურველი და მისთვისაა მძიმე ტვირთი, რომ ის საეკლესიო ნაგებობაში იმყოფება. თავის დროზე, როცა მან ეს შეიძინა, შეიძლება, არც იცოდა ამის შესახებ და ახლა მისთვის ამ შენობის დათმობა რთულია, მაგრამ ადამიანი თვითონ უნდა ამაღლდეს თავის თავზე“, - აღნიშნა მამა მიქაელმა.

მანვე გვითხრა, რომ 30-40-იან წლებში ეკლესიების ტოტალური ნგრევა და საეკლესიო პირების დაპატიმრება-დახვრეტა ჩვეულებრივი ფაქტი იყო. ხელოვნურად აზიანებდნენ ძეგლებს, იერ-სახეს უცვლიდნენ და საყოფაცხოვრებო დაწესებულებებად აკეთებდნენ. ამიტომაც არ აქვს ასეთ ძეგლებს გუმბათი და გარეგნული ატრიბუტიკა მოშლილია.

For.ge დაუკავშირდა თეოლოგს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს ლაშა ცაიშვილს, რომელიც ბოლშევიკების მიერ მიტაცებული და საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებული ტაძრების მოძიებითაა დაკავებული. მან აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქის ცენტრში კვლავაც არის შემორჩენილი რამდენიმე ტაძარი, რომლებიც დღემდე საცხოვრებელი სახლის დანიშნულებას ასრულებენ.

მათ შორისაა სწორედ რუსთაველის №48-ში მდებარე უკრაინელი წმინდანის - თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში კავკასიაში ქრისტანობის აღმდგენელი ორგანიზაციის დახმარებით აუშენებიათ.

„ზემოაღნიშნული ტაძარი ბოლშევიკებმა 1924 წელს ხელყვეს. ამ ტაძართან დაკავშირებით ჟურნალ „ნიანგის“ მე-2 ნომერში გამოქვეყნდა კარიკატურა, სახელწოდებით „სარწმუნოება ხალხისთვის ოპიუმია“, სადაც გამოსახული იყო წმინდა თეოდორეს ხუთგუმბათიანი ტაძარი და სამრეკლოსთან მდგარი რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც რეკავდნენ ზარებს, მათ წინ კი იდგა ლენინის ბიუსტი ყურებში თითებგაჩრილი შემდეგი წარწერით: „ყველას ჩემი გამოჯანსაღება სურს, არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ეგ სურვილი, მაგრამ მე მაინც მალე მოვმჯობინდებოდი, რომ ამ განუწყვეტელი ზარების ხმას არ მოეწამლა ჩემი არსება“. ამჟამად ამ შენობის ფართი სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა გამოყენებული“, - აცხადებს ლაშა ცაიშვილი და განმარტავს, რომ ბოლშევიკებმა ასევე მიითვისეს კრწანისის № 82-ში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ის საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს.

ასეთივე ბედი ხვდა წილად ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად მთავარანგელოზის ქ.№23-ში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიას, რომელიც ამჟამად გადაკეთებულია სამსართულიან სახლად და გვერდებიდან აქვს უკანონო მიშენებებიც. არის სხვა ფაქტებიც, ამიტომ აუცილებელია ამ შენობებს პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდეთ.