დამზადებულია საქართველოში!!!

დამზადებულია საქართველოში!!!

ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელზეც „დელტა“ ბოლო პერიოდში მუშაობს. სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია უკვე შედგა.
ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა-ტესტირებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარია ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრების, დაცვა, რომლებიც მიდიან ცხელ წერტილებში, საერთაშორისო ოპერაციებში. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავიდანვე პრიორიტეტად იყო გამოცხადებული პირადი დაცვის საშუალებები. როგორც მინისტმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისა და ჩვენი ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისკენ.

„გილოცავთ, რომ ასეთი წარმატებული გამოცდა გაიარა ამ პროდუქციამ და დასაქმებულნი არიან ქართველი სპეციალისტები. ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს „დელტამ“, მისმა სამეცნიერო ჯგუფმა და ხელმძღვანელობამ შეძლო ამ შეკვეთის წარმატებით განხორციელება. ჩვენ ბუნებრივია, ამაში ჩავდეთ გარკვეული სახელმწიფო ინვესტიცია და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს ამ წარმოებულ პროდუქტს აწერია - წარმოებულია საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ახალმა პროდუქტმა გამოცდა გაიარა. როგორც „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, შესწავლილი აქვთ საერთაშორისო ბაზარიც. ასევე, როგორც თავდაცვის სამინისტრო, სხვა უწყებებიც, მათ შორის შსს და ცალკეული კერძო კომპანიები დაინტერესდნენ ამ პროდუქციით. მაგრამ, უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, აქვთ პრეტენზია და ამბიცია იმისა, რომ ამ პროდუქტმა გაიმარჯვოს და დაიპყროს სხვა ბაზრებიც.

რაც შეეხება ახალ ჯავშანჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს, ანალოგიები სხვა დასავლური ქვეყნების მიერ წარმოებული ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე „დელტას“ მიერ წარმოებული, რომელიც გაცილებით მსუბუქია და ხარისხიც მაღალი. ამასთან, „დელტაში“ სხვადასხვა დანიშნულების - საერთო-საჯარისო, სპეციალური დანიშნულების, საპოლიციო და ქალი-სამხედრო მოსამსახურეებისთვის ჯავშანჟილეტების დამზადება მიმდინარეობს.

ჯავშანჩაფხუტის წონა 1200-1500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება. ასევე, უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზირებას. ჯავშანჟილეტის წონა 3200 გრამს შეადგენს. დაცვის ფართი 42 დმ/კვ-ში.

For.ge. „დელტას“ გენერალურ დირექტორს უჩა ძოძუაშვილს ესაუბრა, რომლის განცხადებით, მალე დამატებით ახალი ინოვაციურ პროექტებს მივიღებთ.

რამდენი ხანია თქვენი კომპანია ამ პროექტზე მუშაობს და თუ ხართ მზად იმისათვის, რომ დააკმაყოფილოთ შეკვეთები არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, არამედ კერძო კომპანიებიდან?

- პირადი საჯავშნე მასალაზე „დელტა“ ჯერ კიდევ 1998 წლიდან მუშაობდა, მაგრამ თვითონ ეს მსუბუქი, მაღალიჯავშანკლასის გამძლე მასალა 2013 წელს შეიქმნა. ჩატარებული იქნა ლაბორატორიული სამუშაოები, მოხდა სუკეთესო ნიმუშების სელექცია, მოხდა ამ ნიმუშების შეფასება სერიული წარმოების თვალსაზრისით, რომელი იყო უფრო შესაძლებელი და ჩაშვებადი. დღეს-დღეისობით „დელტა“ მზადაა დააკამაყოფილოს ფართო შეკვეთები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიების მხრიდან. მიდის შესაბამისი მოლაპარაკება, იგეგმება შესაბის საერთაშორისო გამოფენებზე გასვლა.

საქართველოში წარმოებული ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების ექსპორტზე თუ მიდის საუბარი?

- სხვადასხვა ქვეყნებიდან დაფიქსირებულია ინტერესი.

ბაზარი შესწავლილი გაქვთ?

- რა თქმა უნდა. ეს ჟილეტები განიცდის როტაციას, შესაბამისად, მუდმივად არის ამის შესყიდვის აუცილებლობა და საჭიროება. ასეთი კლასის ჟილეტი, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, დღეს-დღეისობით ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობით არის. განსაკუთრებით ამ ფასით, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მისი წარმოების.

რა განსახვავებული თვისება აქვს ამ ჟილეტებს, იგივე სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ჟილეტებისგან?

- განსხვავება არის სიმსუბუქნე და უკეთესი ჯავშნის კლასი. ჯავშანჟილეტები ძალიან სპეციფიკური პროდუქტია. მისადაგება ხდება კონკრეტული კლიენტის მოთხოვნილებაზე. შესაძლებელია ფიზიოლოგიური სპეციფიკების განსაზღვრა, იმიტომ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებს სხვდასხვა მაჩვენებელი გააჩნია. მოთხოვნილებები კლასის დაცვის არეალის - თუ როგორ უნდა იყოს დაცული, რა ადგილებს ანიჭებს უპირატესობას, რა გამოყენება აქვს, აქედან გამომდინარე დგება წონითი მინიმუმები.

რა არის მისი ღირებულება?

- რომ ავიღოთ იგივე ანალოგები, რომელიც დღეს-დღეისობით შემოთვაზებულია, მათზე მინიმუმ, 15 პროცენტით უფრო იაფია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის უსაფრთხოება. ახალი ჯავშანჟილეტები უსაფრხოების კუთხით რამდენად დაცულია?

- არაერთ მოხვედრას არანორმატიულ ადგილზე, რომელსაც ანალოგიური უცხოური ჟილეტები უძლებს, ქართული ძალიან ადვილად უძლებს. თუ არის მოხვედრილი ტყვია და მოხდა მისი გასვლა, მაშინ ეს არის ნორმატიული გასვლა, ანუ შეიძლება რომ გავიდეს. ჩვენს მიერ წარმოებულს რაც შეეხება 1 სანტიმეტრის რადიუსში 5-6 მოხვედრილი ტყვია არ გადის. შესაბამისად, ჯავშნის კლასი პრინციპულად განსახვავებულია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შესწავლილი გაქვთ საერთაშორისო ბაზარი. საინტერესოა რომელი ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანია იმპორტის კუთხით? საინტერესოა, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია თუ არის მათი მხრიდან დაინტერესება?

- ამ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესშია. შესაბამისად, არაეთიკურია დავასახელო ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. თუნდაც იმიტომ, რომ არ მოხდეს ჩვენი კონკურენტების მიერ განსაკუთრებული შეთავაზება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნები რომლებიც არიან ნატოს შემადგენლობაში, ამ მიმართულებით ჩვენთან მუშაობენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი ექსპორტი ქვეყნის ბიუჯეტისთვის?

- ჟილეტების წარმოება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ შრომის ნაწილი მთლიანად საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. ასევე დარჩება ჯავშანმატერიალების წარმოების კომპონენტის ნაწილი. ქართული ეკონომიკიდან ჯავშანჯილეტის და ჯავშანჩაფხუტის ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადინება მოხდება, რაც სრულფასოვანი იმპორტის შემთხვევაში 100 პროცენტიანი გადინება იქნებოდა.

რაც შეეხება სხვა მომენტებს, როდესაც უკვე ექსპორტზე გავდივართ, ეს უკვე საექსპორტო ბალანსს მცირედად მაინც შეცვლის და შესაძლებლობა გვექნება იმისა, რომ გარკვეული ტიპის მოგებას ტოვებდეს საქართველოში. რამდენად მომგებიანი იქნება, ეს უკვე დამოკიდებული იქნება იმ შეკვეთის მოცულობაზე, რომელზეც გავალთ.

რაც შეეხება იმ მეცნიერთა ჯგუფს, რომლებმაც ამაზე იმუშავეს. შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არიან, რა ჯგუფმა იმუშავა ამ პროექტზე?

- მთელი ჯგუფი იყო ჩართული. ესენი იყვნენ არა მხოლოდ მეცნიერები, რომლებიც ჯავშანის მიმართულებით მუშაობენ. ძალიან მოცულობითი სამუშაოა ჩატარებული. გვარების ჩამოთვლა რომ დავიწყო, მრავალ ათეულზე ვერ გავჩერედებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ეს ტექნოლოგია დაკავშირებულია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობასთან, შესაბამისად, არის საიდმულოს შემცველი. ამ ადამიანების გვარები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, მანამ, სანამ არ იქნება საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული ქვეყნის მიერ.

თქვენ გაქვთ ამბიცია, რომ დაიპყრობთ ევროპის ბაზრებსაც?

- არ მიყვარს ამბიციური განცხადებები, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, თვითონ საწარმოო პროცესი შექმნილია საქართველოში. ჩარხები რომელზეც იწარმოება ეს ჯილეტები და ჩაფხუტები, დამზადებულია საქართველოში.