გაზაფხულზე ბაბუშერას სამარხი გაიხსნება

გაზაფხულზე ბაბუშერას სამარხი გაიხსნება

გაზაფხულზე, ბაბუშერას სამარხი გაიხსნება და 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ქართველ მეომრებს, თბილისში გადმოასვენებენ. ამის შესახებ პარლამენტში დევნილთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჭავჭავაძემ განაცხადა, რომელმაც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ნეშთების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენების თაობაზე ისაუბრა.

ჭავჭავაძის ინფორმაციით, ბაბუშერას სამარხი გაზაფხულზე გაიხსნება და ამოუცნობი მებრძოლების იდენტიფიცირება და ექსჰუმაცია მოხდება, რომელთაც დიღმის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მინისტრის მოადგილის ცნობით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის შეხვედრა შედგა.

„აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხარის მხრიდან დაკარგულია 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო 200-მდე ადამიანი დაკარგულია აფხაზეთის მხრიდან. მათი მოძიება ომის დასრულებისთანავე დაიწყო და ამ დროს ყველაზე აქტიურნი უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლები იყვნენ, რომელთაც 1993 წელს ფონდი „მოლოდინი“ ჩამოაყალიბეს. 1996 წელს კი, შესაბამისი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ფონდისა და კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიიდან 165 ადამიანი გადმოსველენებულია, ხოლო აფხაზურ მხარეს 49 ცხედარი და 87 ცოცხალი ადამიანი გადასცეს. ბოლო გადმოსვენება 2002 წელს განხორციელდა. 2010 წელს, ამ მნიშვნელოვან საქმეში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო და წინა წლებში შეხვედრები ჩატარდა, მაგრამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, მაგარამ კარგად დამთავრდა, რადგან აფხაზებმა ფორმატის გაფართოება მოითხოვეს და თქვეს, რომ ასეთი მოლაპარაკებები რაც შეიძლება ხშირად უნდა გამართულიყო“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ჭავჭავაძის განცხადებით, აფხაზეთში 30-მდე სამარხი არსებობს და მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი, თუ სამოქალაქო პირი არ იქნება ნაპოვნი.

„შევთანხმდით, რომ სოხუმში გაიხსნებოდა დიდების მემორიალთან არსებული სამარხი, სადაც დასაფლავებული არიან გუმისთიდან გადმოსვენებული მებრძოლები და ასევე გაიხსნებოდა ბაბუშერას სამარხი, სადაც დაკრძალულია 1993 წლის 22 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მემბრძოლები. იქ სულ 93 მებრძოლი დაიღუპა. მებრძოლთა ნაწილი 1994-2001 წელს ეტაპობრივად გადმოასვენეს. დარჩენილია 35 მებრძოლი. გადმოსვენებულთაგან 14 ამოცნობილი საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს, დანარჩენი დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე. აქედან 21 არის ამოცნობილი, ხოლო 23 - ამოსაცნობი. ამიტომ, ბაბუშერას პროცესში ამოსაცნობი და „დასაბინავებელი“ ჩვენი 58 მებრძოლია. დიდუბის მემორიალის სამარხის ექსჰუმაციები დასრულდა და ბოლო მონაცემებით, 64 ცხედრაში 13 აფხაზია. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იქ ქართველი მებრძოლებიც იყვნენ. თუმცა იცით, რომ ამ სავალალო ომში, სხვა ეროვნების ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას“, - აღნიშნავს ჭავჭავაძე, რომელიც კონსტრუქციული დიალოგისთვის აფხაზ კოლეგებს მადლობას უხდის.

ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, კანონმდებლები დადებითად აფასებენ, თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებების პროცესში დე-ფაქტო აფხაზეთის სტატუსით ინტერესდება.

აკაკი მინაშვილი შეფასებით, ბაბუშერას სამარხის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან საკითხი ძალიან ბევრი ადამიანის გრძნობებს უკავშირდება, მაგრამ მეორე მხრივ, ყურადღება მარიონეტული რეჟიმის სტატუსზე უნდა გამახვილდეს.

„ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, თუ რა სტატუსით ხდება მოლაპარაკებების წარმოება. დავინტერესდით, დე-ფაქტო რეჟიმს რაიმე ოფიციალური სტატუსი ხომ არ ჰქონდა. უმრავლესობამ დაგვარწმუნა, რომ აფხაზებს არავითარი ოფიციალიური სტატუსი არ გააჩნიათ. ამავე დროს, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს საკითხი რუსეთმა მარიონეტების „დამოუკიდებულობისთვის“ არ გამოიყენოს. უმრავლესობამ თქვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პროგრამის ნაწილი და თუ სტატუსზე არ არის საუბარი, მაშინ ეს პროცესი ძალიან კარგია“, - დასძენს კანონმდებელი, რომლის ინტერესის საპასუხოდ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ შეთანხმება პოლიტიკური გადაწყვეტილებით ნაკლებად დახუნძლულია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ.

„ჰუმანიტარულმა და ადამიანურმა დამოკიდებულებებმა იმარჯვა. ეს ყველაფერი ნდობის ატმოსფერომ განაპირობა. მსგავსი სამარხი თბილისშიც არის, სადაც სავარაუდოდ, აფხაზი მებრძოლებიც არიან დამარხულნი. ამ პროცესით იმ დედებს შევუმსუბუქებთ ტკივილს, რომლებიც წლებს შვილების გადმოსვენების ლოდინში ატარებდნენ“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკი.

for.ge-ს ინფორმაციით, ბაბუშერას სამარხი გაზაფხულზე გაიხსნება, თუმცა, მეომართა გვამების გადმოსვენების პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.