საქართველოს დროშა აფრიკაში წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში აფრიალდება

საქართველოს დროშა აფრიკაში წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში აფრიალდება

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში საქართველო ჩაერთვება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისია ექვსთვიანი იქნება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველო ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო ჩაერთვება ამ პროცესში. ესაა ჰუმანიტარული მისია, ესაა მორალურად გამართლებული მისია. ესაა მისია, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად.

დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. დაახლოებით 6 თვიანი იქნება მისია, რომელიც დაიწყება მაისში და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენი შეიარაღებული ძალები საკუთარი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო მზადყოფნით გამოირჩევიან. ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ეს მისია, ისევე როგორც სხვა მისიები, შეიარაღებული ძალებისთვის წარმატებული იქნება.

სამეხედრო ექსპერტების განცხადებით, საქართველო არამარტო ევროპული უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ მისიაში ევროკავშირის ეგიდით ერთვება, რათა გლობალურ უსაფრთხოების სისტემაში თავისი წვლილი შეიტანოს.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირძე ამბობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მისია, რომელიც სჭირდება ქვეყანას. ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი აქტიური სახელმწიფო, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ამ მისიაში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ამ მისიაში ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იქნება გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე იყო ერაყში, ან არის ავღანეთში.

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, ქართული კონტიგენტის ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამხედრო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, ეს მისია გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე იყო ავღანეთი და ერაყი. რადგან, ცენტარლურ აფრიკაში კოსოვოს მსგავსი სიტუაციია.

„რა თქმა უნდა ეს არ გამოიწვევს იმას, რომ მომავალ წელს ჩვენ ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ ამ მისიაში საქართველოს დროშა რომ დაფიქსირდება, ეს კარგია. საქართველო პატარა ქვეყანაა და თავის გამოჩენა ყველანაირად უნდა სცადოს. მითუმეტეს, რომ ეს მისია გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავღანეთი და ერაყი. გაცილებით ნაკლები კონტიგენტი მიდის, ევროპელებთან ერთად იქნებიან. ევროპელები ასე იოლად თავიანთ ჯარისკაცებს არსად არ გზავნიან. ამერიკელები თუ გზავნიან ავღანეთში თავის კონტიგენტს, ევროპელები როგორც წესი ამას ერიდებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.