ღარიბაშვილი უკმაყოფილოა

ღარიბაშვილი უკმაყოფილოა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასაქმების მაჩვენებლებით უკმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას პროგნოზირებენ, ეს პრემიერს სულაც არ აკმაყოფილებს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ძალიან დაბალია, მათ შორის, კერძო სექტორისაც“, - განაცხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებული ფორუმი გაიმართა.

ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი. „სამწუხაროდ, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავარი მიზანია მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

პრემიერის მოსაზრებას მთლიანად ეთანხმება ეკონომიკური განვითარების მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ამ მხრივ მუშაობა გასაძლიერებელია. ამიტომ უნდა შეიქმნას მეწარმეობის განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების სააგენტო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება მოხდება იმ მიმართულებეზე, სადაც შეიძლება, ადამიანი დასაქმდეს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ყველა ფენაზე გადანაწილდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელთან გამკვლავებაც მოგვიწევს. ჩვენი პროგრამა გულისხმობს პატარა კომპანიების დაფინანსებას, ექსპორტის დაფინანსებას და ახალი ტექნოლოგიების დახმარებას. 22 მილიონი ლარი დაიხარჯება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, 6,5 მეათედი მილიონი ლარი დაიხარჯება ახალი ტექნოლოგიების სააგენტოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სხვათა შორის, ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველო უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კი, რა თქმა უნდა, ხალხის დასაქმების შედეგად მოხდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში 2014 წელს 13,7%-მდე შემცირდება. ამავე ორგანიზაციის გათვლებით, შარშან ეს მაჩვენებელი 14,32%-მდე იყო, შესაბამისად, ამ მხრივ წელს უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორჯერ დაბალია უმუშევრობის დონე უკრაინასა (7.89%) და ყირგიზეთში (7.9%); 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

თუმცა, საქართველომ უცხოელი ექსპერტების ყურადღება სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლებით მიიპყრო. როგორც შსო-ს ანგარიშში „მსოფლიო დასაქმების ტენდენციები - 2014“ არის აღნიშნული, კრიზისის გამო, ზოგადად ხელფასების შემცირების ტენდენციაა. განსაკუთრებით კი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც რეკორდულად მაღალი ჯინის ინდექსი ფიქსირდება (ჯინის ინდექსი შინამეურნეობებზე შემოსავლების განაწილების პროპორციებს ადგენს). საქართველოში, მაკედონიაში, თურქეთსა და რუსეთში ინდექსი 0,4-ს აჭარბებს.

„ანაზღაურების არახელსაყრელი ზრდა ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ღარიბ ფენებზე“, - ნათქვამია კვლევაში და იქვე აღნიშნულია, რომ რეგიონში გენდერული თვალისაზრისით ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.