შემოქმედი მემკვიდრეობითი მილიარდერი სტელიოს ჰაჯი-იოანუ

შემოქმედი მემკვიდრეობითი მილიარდერი სტელიოს ჰაჯი-იოანუ

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

40 წლის კვიპროსელმა სტელიოს ჰაჯი-იოანუმ ბიზნეს-სამყარო თავისი რისკიანობით და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომით გააოცა. სრულიად დილეტანტმა დიდი გაბედულება და გამჭრიახობა გამოიჩინა და ერთობ ცნობილი ბრენდების შექმნა შეძლო. ამჟამად სტელიოსის იმპერიაში შედის ავიკომპანია EasyJet, სანაოსნო ფირმა Stelman Shipping, ინტერნეტ-კაფეების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი EasyEverysing, ონლაინ-მაღაზია EasyValue, ონლაინ ფინანსური მომსახურება EasyMoney, უფასო საფოსტო სერვისი Easy.com. მართალია, ჰაჯი-იოანუმ ამ კოლექციის შეგროვება 13 წლის წინ დაიწყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ერთობ სოლიდური ბიზნესი აქვს, მისი პირადი კაპიტალი კი 1,8 მილიარდ დოლარს უტოლდება.

 

მამიკოს ბიჭი

შეიძლება სტელიოსი ეგზომ განთქმული ბიზნესმენი არ გამხდარიყო, რომ არა თხუთმეტი წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელმაც, თავად მილიარდერის თქმით, სრულიად შეცვალა მისი მსოფმხედველობა. ჯერ წინა ისტორიას შევეხოთ: კვიპროსელი მილიარდერის და საზღვაოსნო კომპანია Troodos Shiping-ის მფლობელის ლუკას ჰაჯი-იოანუს უმცროსმა შვილმა სტელიოსმა ლონდონში პრესტიჟული განათლება მიიღო და 1988 წელს ოჯახურ ბიზნესში მამასთან და ძმასთან ერთად მუშაობა დაიწყო.

უფროსი ჰაჯი-იოანუ კომპანიას „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მართავდა, ინტრიგებს ხლართავდა და ყველაფერს აკონტროლებდა.

 

მართალია, 1993 წელს ლუკასმა ძალაუფლების გადანაწილება განახორციელა და სტელიოსი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა,

რადგან ყველაფერს მაინც უფროსი ჰაჯი-იოანუ წყვეტდა. სტელიოსი ცდილობდა კომპანიის საქმიანობაში რაიმე სიახლე შეეტანა, თუნდაც, მოძველებული საბეჭდი მანქანები კომპიუტერებით შეეცვალა, მაგრამ მის ყველა გადაწყვეტილებას მამა ვეტოს ადებდა.

 

იქამდე კი, 1991 წლის 11 აპრილს ოჯახის კუთვნილი ტანკერი გენუის პორტში რემონტისას მოულოდნელად აფეთქდა. ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა და წყალში ჩაიღვარა ერაყული ნედლი ნავთობი. იტალიელმა პროკურორმა სტელიოსს და მამამისს რამლენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის ისეთი სერიოზულებიც, როგორებიცაა წინასწარგანზრახვით მკვლელობა, მოწმეების მოსყიდვა და გამოძალვა. ოჯახური ბიზნესი უფსკრულის პირას აღმოჩნდა. ჰაჯი-იოანუები რომ დამნაშავედ ეცნოთ, თავს ციხეში ამოყოფდნენ და 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევდათ.

 

საბოლოოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლომ ჰაჯი-იოანუები გაამართლა, სტელიოსმა კი მამისაგან გამოყოფა და საკუთარი გზის არჩევა გადაწყვიტა. მისთვის საკმარისი იყო დადანაშაულება, რომ იგი მოძველებულ ფლოტს ხელმძღვანელობდა. შვილი მამას მოელაპარაკა, მისგან 30 მილიონი დოლარი ისესხა, საკუთარი კომპანია Stelman Shipping დააარსა და ახალი მოდელის ტანკერები შეიძინა. მან საქმე მშვენივრად ააწყო, კომპანიას დიდძალი მოგება მოჰქონდა. 2001 წელს მისი აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა.

 

თავდაპირველად ერთი აქცია 12 დოლარი ღირდა, მაგრამ ერთ კვირაში 22 დოლარამდე გაძვირდა და Stelman-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტანტი უწოდეს. აქციების გაყიდვისაგან მიღებული შემოსავლით კომპანიამ ტანკერების რაოდენობა გააორმაგა.

 

ზღვიდან ცაში

Stelman Shipping-ის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ სტელიოსმა ახალ სფეროში მოღვაწეობა გადაწყვიტა და დისკაუნტ-ავიახაზების ფირმა EasyJet დაარეგისტრირა, რომლის საწესდებო კაპიტალი კვლავ ოჯახური ბიუჯეტიდან ნასესხები 7,5 მილიონი დოლარი გახლდათ. კომპანიის ხელმძღვანელად ახალზელანდიელი რეიმონდ უებსტერი დანიშნა, თავად კი 16 საათიანი სამუშაო დღე დაიწესა. უმცროს ჰაჯი-იოანუს გულით სურდა მამისთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი შეეძლო და თავს არ ზოგავდა.

 

სტელიოსმა გადაწყვიტა, მგზავრები ერთი პუნქტიდან მეორეში ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე გადაეყვანა, რითაც ბილეთებით მოვაჭრე ტურისტული ფირმები დააზარალა. ამასთან, შეიმუშავა თვითმფრინავის ბილეთის ფასის გამოთვლის ახალი მეთოდი: სპეციალური პროგრამა რეისის პოპულარულობის და გადატვირთულობის მიხედვით ფასს სწრაფად ადგენდა. ამან EasyJet-ს დიდი პოპულარულობა მოუტანა. გარდა ამისა, სტელიოსმა გადაწყვიტა, ბილეთების გაიაფებისათვის მომსახურების გამარტივებით მიეღწია, კერძოდ, EasyJet-ის თვითმფრინავების მგზავრებს ერთობ მწირად კვებავენ.

 

ამასთან, შემცირდა გამცილებლების რიცხვიც. როგორც წესი, კომპანია მხოლოდ სტანდარტულ Boeing 737-ს იყენებს, რადგან, სტელიოსის აზრით, მხოლოდ ერთი მარკის ავიალაინერებით ფრენა რემონტის და სათადარიგო ნაწილების დანახარჯებს ამცირებს. ამგვარად, EasyJet-ის რეისებზე ბილეთები სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით, ბევრად იაფია და მგზავრებიც კმაყოფილია, რადგან ერთადერთი, რაზეც სტელიოსი ეკონომიას არ აკეთებს, უსაფრთხოებაა.

 

2003 წელს Easyjet ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი აქციების ბირჟაზე გატანის შედეგად შემოსული თანხა კვლავ ბიზნესის გაფართოვებას, ანუ, ახალი თვითმრინავების შეძენას მოხმარდა.

 

აღსანიშნავია, რომ სტელიოსს რეკლამის დიდებული ნიჭი აღმოაჩნდა. ჯერ იყო და ტურისტული სააგენტოები იმდენი ლანძღა, რომ მათ სასამართლოში უჩივლეს, რითაც დიდებული უფასო რეკლამა გაუკეთეს. შემდეგ, ათენელებს მხარდაჭერის ნაცვლად უფასო ბილეთს დაპირდა, რასაც სასამართლოსთან მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის ჩატარება მოჰყვა, რაც, ცხადია, მედიამ გააშუქა.

 

1998 წელს British Airways-ის თავკაცმა რობერტ ეილინგმა ჰაჯი-იოანუს EasyJet-ში ინვესტიციის განხორციელება შესთავაზა. სტელიოსს წინადადება მოეწონა და მომავალ პარტნიორს თავისი კომპანიის ბუღალტერია წარუდგინა. ცოტა ხანში მოლაპარაკებები შეწყდა და British Airways-მა საკუთარი დისკაუნტ-ავიახაზების Go-ს გახსნის შესახებ განაცხადა. სტელიოსი გაოგნებული და განრისხებული იყო და შური იმით იძია, რომ Go-ს პირველ სარეკლამო რეისზე რამდენიმე ადამიანთან ერთად EasyJet-ის საფირმო ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდა და თავისი კომპანიის სარეკლამო ბუკლეტები დაარიგა. მოკლედ, კონკურენტს ზეიმი ჩაუშხამა. აქვე უნდა ითქვას, რომ მათი კონკურენცია დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მალე British Airways-მა Go გაყიდა.

 

მარტივი ფული

EasyJet-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა და სტელიოსი მალე მიხვდა, რომ არა უბრალოდ ავიაკომპანია, არამედ ნამდვილი ბრენდი შექმნა. ამიტომაც გადაწყვიტა დაეარსებინა კონცერნი EasyGroup, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს გააერთიანებდა, რომელთა სახელიც Easy-ით დაიწყებდა.

 

ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი ავტომობილების გამქირავებელი ფირმა EasyRentacar  გახლდათ, რომელიც ასევე დისკაუნტ-მომსახურების პრინციპზე შეიქმნა და დღეისათვის ევროპის ათამდე ქვეყანაში მოღვაწეობს. იგი მომხმარებელს ერთი მარკის ავტომობილით, კერძოდ კი A კლასის „მერსედესით“ და ძალზე დაბალი ფასებით ხიბლავს.

 

შემდეგ შექმნა EasyValue, რომელიც ჩვეულებრივი ინტერნეტ-მაღაზია გახლავთ, მაგრამ სხვებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი საშუალებით კონკურენტი ონლაინ-მაღაზიების ფასების გაცნობა და მისაღები ვარიანტის არჩევა შეიძლება. ალბათ მიხვდებით, რომ ყველაზე მიმზიდველი ფასები სწორედ EasyValue-ს აქვს. შემდეგ ჰაჯი-იოანუ ონლაინ-ფინანსების სფეროში შეიჭრა და EasyMoney შექმნა. მისი სვლა კვლავ წარმატებული აღმოჩნდა.

სტელიოსის Easy-ინკუბატორის ერთ-ერთ საინტერესო პროდუქტად ინტერნეტ-კაფეების ქსელი EasyEverything ითვლება.

 

გამჭრიახმა ბიზნესმენმა ყურადღება მიაქცია, რომ ინტერნეტ-კაფეები ძირითადად მომხმარებელთა ვიწრო წრეზე, კერძოდ, კომპიუტერული თამაშების და ჩატის მოყვარულებზეა გათვლილი და ხშირად წაგებაზე მუშაობს. მან კი გადაწყვიტა აქცენტი ტურისტებსა და ბიზნესმენებზე გაეკეთებინა, რომლებიც სასიამოვნო გარემოში ინტერნეტით სარგებლობას ისურვებდნენ. წარმატებამ არ დააყოვნა, კეთილმოწყობილი ინტერნეტ-კაფეები მთელ ევროპას მოედო და მფლობელისათვის წელიწადში 100 მილიონ დოლარამდე მოგება მოაქვს. თანაც, მისი უდიდესი ნაწილი არა ინტერნეტით სარგებლობის, არამედ ათასგვარი დამატებითი მომსახურების წყალობით მოედინება. ამგვარი პოპულარობა უახლესმა ტექნიკამ, საუცხოო, ლამის ოჯახურმა გარემომ, საჭმელ-სასმელის ფართო არჩევანმა და, რა თქმა უნდა, დაბალმა ფასებმა განაპირობა.

 

ცხადია, ყველაფერი ამის შემდეგ სტელიოსი აღარ არის მამის ფულით ბიზნესის მკეთებელი ბიჭი, მამის, რომელმაც ორი წლის წინ დასვენება გადაწყვიტა, თავისი ქონება კი შვილებს გაუნაწილა. კერძოდ, სტელიოსს ოფშორული ფირმა Stelinvest ერგო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად ჰაჯი-იოანუს კაპიტალი 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს და გამუდმებით, თანაც ერთობ მაღალი ტემპით იზრდება. მართალია, სტელიოსს ახალი არაფერი გამოუგონია, მაგრამ არსებულის უფრო იაფად და ხარისხიანად ქცევა კი ნამდვილად შეძლო.